„ბანკეტი და ბაღის გამოსაშვები ლამის ერთმანეთს უტოლდება ფასებით… არ ფიქრობენ მასწავლებლები, რომ ოჯახში მხოლოდ ერთი ბავშვი არ გვყავს?“

სასწავლო წლის ბოლოს, როცა სკოლებსა და ბაღებში გამოსაშვები ღონისძიებები იგეგმება, მშობელთა უკმაყოფილებაც იზრდება. სამწუხაროდ, ზოგიერთ დაწესებულებაში ეს ღონისძიებები საკმაოდ დიდ ხარჯებს უკავშირდება და ბევრ მშობელს ვალის აღებაც კი უწევს. სწორედ ამასთან დაკავშირებით მოგვწერა ჩვენმა მკითხველმა.

„საბავშვო ბაღის გამოსაშვები ღონისძიება ისეთი ფასი გვიჯდება, იმ ჭკუაზე ვარ, საერთოდ არ გავუშვა ბავშვი ღონისძიებაზე. არ ფიქრობენ მასწავლებლები, რომ ოჯახში მხოლოდ ერთი ბავშვი არ გვყავს? ბანკეტი და ბაღის გამოსაშვები ლამის ერთმანეთს უტოლდება უკვე ფასებით

მასწავლებელმა ბაღის ჯგუფში დაგვიწერა, რომ გამოსაშვები ზეიმისთვის გოგონებს და ბიჭებს ერთნაირი ტანსაცმელი უნდა ეცვათ და უნდა შევიკეროთ. ბიჭების ორეული, რომელსაც სხვაგან ვერსად ჩავაცმევთ,გოგოების კაბები. ასევე ფოტო-ვიდეო გადაღება. ყველას ერთნაირი ფეხსაცმელი უნდა ეცვას და ეგენიც ცალკე უნდა ვიყიდოთ, ფულს დარბაზის მოსართავადაც ვაგროვებთ, ალბომი 40-50 ლარი ღირს. ამას ემატება ის, რასაც მასწავლებელი ოფიციალურად ვერ ითხოვს – საჩუქრის ფული.

ამ დროს ჩემი მეგობრის საჯარო ბაღში (ჩვენიც საჯაროა) 30-30 ლარი ააგროვეს. ბავშვებს მხოლოდ ჟილეტებს უკერავენ. დარბაზის მორთვაც შედის და ნაწილი ვიდეოსაც ხმარდება. შეიძლება მაქსიმუმ 40 ლარი დაუჯდეთ და ეს თანხა ნამდვილად მისაღები იქნებოდა.

მაგრამ როცა 3-4 შვილი გვყავს ოჯახში, ყველასთან დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა, ექსკურსიები 100 ლარზე ნაკლები აღარ ჯდება.

რატომ უნდა ჯდებოდეს 6 წლის ბავშვის ზეიმი ამდენი ფული.ერთი შვილის სკოლაში კი 50 ლარი მოგვთხოვეს სპეციალისტში, რომელიც მე-4 კლასელ ბავშვებს ღონისძიებას დაუგეგმავს. ესც ხომ აბსურდულია. ჩუმ-ჩუმად ხმას ყველა იღებს, მაგრამ მასწავლებლისთვის თქმა ერიდებათ. ისინიც სულ გვიმეორებენ, თქვენი შვილებისთვის არ კეთდება? ჩვენთვის ვაკეთებთ?

იმ დასკვნამდე ვარ მისული, რომ ღონისძიებაზე არ გავუშვა. რადგან შუათანასთანაც მსგავსი სიტუაცია მაქვს და უფროსთანაც. გამოდის, მთელი წლის დანაზოგი უნდა გააკეთო ადამიანმა, რომ ამ ყველაფერს გაწვდე.”

ნატა, 34 წლის