“ეს რა ქნა, საკუთარი მამა დააჭერინაო. დედაც ჩემ წინააღმდეგ იყო. პოლიციის შენობაში ვიყავი და მესმოდა ქუჩაში დედაჩემის ყვირილი და ტირილი”

14 წლის არასრულწლოვანი გოგონას მკვლელობამ ბევრი კითხვა გააჩინა საზოგადოებაში. ყველა თანხმდება, რომ ამ საქმეზე არაერთი პირის პასუხისმგებლობა იკვეთება და მკვლელობაში ბრალდებულის გარდა სხვებიც უნდა მიეცნენ პასუხისგებაში. ფაქტია, გოგონას იძულებითი ქორწინების ამბავი იცოდა ოჯახმა, მეზობლებმა, ნათესავებმა. იცოდნენ ისიც, რომ გოგონა იქიდან თავის დაღწევას ცდილობდა და არაერთხელ სცადა გამოქცევა, მორიგი ასეთი დანაშაულის დროს კი სამწუხაროდ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა ქმარმა მოკლა. ის ახლა ციხეშია გამოკეტილი და საკმაოდ მკაცრი სასჯელიც ემუქრება, თუმცა ფაქტია, სხვების პასუხისმგებლობაც ცალსახაა აქ და ისინიც უნდა დაისაჯონ.

14 წლის აითაჯ შახმანოვას სამწუხაროდ, არ გაუმართლა, ერთი ადამიანიც კი არ აღმოჩნდა მის გვერდით, რომელიც მოზარდს დაეხმარებოდა. ის ქმარმა სადისტურად, ხალხის თვალწინ მაშინ მოკლა, როცა გოგონა გაქცევას კიდევ ერთხელ შეეცადა.

არასრულწლოვანთა ნაადრევი ქორწინების პრობლემა ისევ მწვავედ რომ რჩება აზერბაიჯანულ თემში, ეს ფაქტიც ადასტურებს. ეს მწვავე პრობლემა გამოვლილი აქვს ჩინარა კოჯაევას, რომელიც საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო, მაშინ მან პედაგოგის დახმარებით, თავი დააღწია ნაადრევ ქორწინებას. სამაგიეროდ, ციხეში აღმოჩნდა მამამისი, რომელიც სამართალდამცველების გაფრთხილების მიუხედავად, ქალიშვილს ქორწინებას მაინც აიძულებდა. ახლა იმედია ამსაქმეზეც დაისჯებიან დამნაშავეები, რომ შემდეგ სხვამ არ გაბედოს 14 წლის მოზარდის იძულება, რომ ნაადრევად დაქორწინდეს, აქ რომ ოჯახის პასუხისმგებლობა ცალსახაა, ამაზე ყველა საუბრობს.ჩინარა კოჯაევამ მართლაც რთული გზა გამოიარა, რომ ტრადიციებს შებრძოლებოდა და თავისი მიზნებისთვის მიეღწია. პატარა გოგონა მაშინ თეთრიწყაროს სოფელ ქოსალარში ცხოვრობდა. 15 წლის იყო, როცა თანასოფლელ ბიჭზე დაინიშნა. მერე ქორწილის დღეც გადაწყდა, ოჯახს სტუმრებიც დაპატიჟებული ჰყავდა, გოგონას მამამ მზითევისთვის 6000 ლარი სესხიც აიღო, ჩინარას ოთახში უკვე ეკიდა საქორწინო კაბა, თანატოლი გოგონების მსგავსად ისიც მშობლების მოთხოვნას უნდა დამორჩილებოდა, უსიყვარულოდ უნდა გათხოვილიყო, მაგრამ უცებ ამ წესების წინააღმდეგ გაილაშქრა. ბევრი იბრძოლა, თავის მიზნებს მიაღწია, განათლებაც მიიღო და დღეს წარმატებულია.

ადრე, როცა მას ვესაუბრე, იმ პერიოდს ასე იხსენებდა:

“ის ბიჭი ჩემზე 5 წლით უფროსი იყო, ჩემი ძმის ძმაკაცი, ისიც ჩვენს სოფელში ცხოვრობდა. მასთან ურთიერთობა მე არ მქონდა. მამამ მითხრა, უნდა გათხოვდეო. ვუთხარი, სწავლა მინდა-მეთქი. მას არ ესმოდა ჩემი. შეხედე, შენი თანატოლი ყველა თხოვდება, შენ რატომ არ გინდა გათხოვება. ეს არის შენი ბედი, გათხოვებაშია ბედნიერებაო. არადა, ვხედავდი, ჩემი თანატოლები ბედნიერები ნამდვილად არ იყვნენ. მათ ქორწილებში დავდიოდი, ისეთი მოწყენილები იყვნენ, აშკარად ეტყობოდათ, არ უნდოდათ გათხოვება. ბევრი გოგო მინახავს ქორწილში რომ ტიროდა… სკოლის დირექტორს რომ ვუთხარი, არ მინდა გათხოვება-მეთქი, მითხრა, თუ მამაშენს არ უნდა, რომ ისწავლო, მე ვერ

დაგეხმარებიო. არავის უნდოდა ჩემი მოსმენა. მახსოვს, რამდენჯერმე შემაწყვეტინეს თამაში ბავშვებთან, დანიშნული გოგო ხარ, ეს აღარ შეგშვენისო. მხოლოდ ჩემს ძმას ესმოდა ჩემი, ის ყოველთვის გვერდში მედგა, მაგრამ ოჯახის უფროსი მამა იყო. ის ამბობდა, სირცხვილია, სახელი გაგვიტყდება, მერე არავინ წაგიყვანს ცოლად, უკვე დანიშნული ხარ, თუ უარს იტყვი გამოდის, არ ხარ კარგი გოგო და რაღაცას თავს არიდებო. მაშინ მეც არ ვიცოდი, რომ ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობდა და მათ შეეძლოთ ჩემი დახმარება…

363295487-1068343234135449-409637499939888145-n-1697004794.jpg

არადა, ძალიან კარგად ვსწავლობდი სკოლაში, გულით მინდოდა მესწავლა.

მხოლოდ ქართულის მასწავლებელი მამხნევებდა და სულ მეუბნებოდა, ასე გააგრძელე ჩინარა სწავლა, ჯერ შენი გათხოვების დრო არ არისო. ჩემს სოფელში სწავლას არც ერთი გოგო არ აგრძელებდა, ყველა თხოვდებოდა. ჩემი დაქალებიც, რამდენიმე გოგო ძალით გაათხოვეს. ვუყურებდი, ჩემ თვალწინ ისინიც როგორ ტიროდნენ. ესეც ძალიან მოქმედებდა ჩემზე, მათგან განსხვავებით, მე ძალიან აქტიური ვიყავი. სულ ვამბობდი, მინდა განათლება მივიღო- მეთქი. დანიშნული სკოლაში რომ მივდიოდი მრცხვენოდა, ყველამ იცოდა დანიშნული რომ ვიყავი.

ბოლოს ძალიან დავიღალე ამ ყველაფრით და ისევ ვთქვი, გათხოვება არ მინდა-მეთქი.

ყველა მიმეორებდა, შენ ბედნიერი იქნები, რომ გათხოვდებიო, მე არ ვეთანხმებოდი, ჩემი ბედნიერება არის ის, რასაც ახლა ვაკეთებ, ვსწავლობ, ვმუშაობ, დამოუკიდებელი ვარ, ჩემი ხელფასი მაქვს, ბევრი ადამიანი გავიცანი…. ბავშვობიდან პოლიციელობა მინდოდა. ბევრჯერ მიფიქრია გულში, ახლა პოლიციელი რომ ვიყო, თავს ხომ დავიცავდი-მეთქი.

ქართულის მასწავლებელს ვუთხარი ყველაფერი, მან პოლიციას დაურეკა.

მამაჩემთან ერთად დამიბარეს პოლიციის განყოფილებაში. მამას ხელწერილი დააწერინეს, რომ 18 წლამდე არ გამათხოვებდა. მამამ არ იცოდა, რომ ჩემმა მასწავლებელმა დარეკა პოლიციაში. უკვირდა საიდან გაიგეს, ყველა ასე ათხოვებს გოგოს და მე რა დავაშავეო. ამ ხელწერილის მიუხედავად, ცოტა ხანში ისევ დაიწყეს ლაპარაკი ჩემს ქორწილზე, თავიდან ხმა არ ამომიღია, რადგან ვიცოდი, ჩემს სურვილს არავინ გაითვალისწინებდა. ყოველ ღამე ჩემთვის ვტიროდი, ისიც ვიცოდი, ჩემს ოჯახს არ ჰქონდა იმის საშუალებაც, რომ მე სწავლა გამეგრძელებინა უმაღლესში.

მერე ქორწილის თარიღიც დათქვეს – 9 სექტემბერი.მამამ 6 ათასი ლარი სესხად აიღო, ჩემი სამზითვო ნივთები რომ გაემზადებინა. ამ ყველაფერს ვუყურებდი და მეც ისევ ვჩუმდებოდი, რადგან სხვა გზა არ მქონდა. ქორწილის დრო რომ ახლოვდებოდა, უკვე ვნერვიულობდი. საზღვარგარეთიდან, სხვადასხვა ქალაქებიდან სტუმრები უკვე დაპატიჟებული იყო. საქორწილო კაბა მომიტანეს, ვხედავდი, ძალიან ცუდი სიტუაცია იყო, სხვა გზა არ მქონდა, ვიფიქრე, აუცილებლად წავალ სახლიდან და მერე რაღაც იქნება-მეთქი. ქორწილამდე ორი დღე იყო დარჩენილი, მანამდე მეჩეთში ერთი ჟურნალისტი გავიცანი და იმის ტელეფონის ნომერი მქონდა. მაგას დავურეკე, მათხოვებენ და არ მინდა-მეთქი. მან სახალხო დამცველთან დარეკა, მე ცხელი ხაზის ნომერი მომწერა და დავრეკე

პოლიციაში. მამა დაიჭირეს, რადგან ხელწერილისთვის ხელი ჰქონდა მოწერილი და მაინც მათხოვებდა.

ამის შემდეგ სოფელში თითით საჩვენებელი გოგო გავხდი, ეს რა ქნა გოგომ, საკუთარი მამა დააჭერინაო. დედაც ჩემ წინააღმდეგ იყო.

პოლიციის შენობაში ვიყავი და მესმოდა ქუჩაში დედაჩემის ყვირილი და ტირილი. ძალიან ცუდად გავხდი, არადა ორი არჩევანი მქონდა, ან მშობლებთან წავიდოდი და ისინი გამათხოვებდნენ, ან მამას დაიჭერდნენ.

მე გავრისკე, რაც იქნება იქნება-მეთქი”, – ამბობდა ჩვენთან საუბარში ადრე ჩინარა კოჯაევა.

ახლა წარმატებული გოგონა ჩინარა კოჩაევა სოციალურ ქსელში ეხმიანება 14 წლის გოგონას მკვლელობას და ისევ იხსენებს თავის ისტორიას. მოუწოდებს გოგონებს არ დაემორჩილონ ოჯახის ამ არაკანონიერ მოთხოვნას და ხმა აიმაღლონ. ის მზად არის მათ დაეხმაროს. აი რას წერს ჩინარა კოჯაევა:

– მეც 14 წლის ასაკში დამნიშნეს. სკოლიდან დაბრუნებულს, მოულოდნელად სახლში სტუმრები დამხვდნენ, ჩემი ხელის სათხოვნელად იყვნენ მოსულები. ვინ მომისმინა მაშინ ოჯახში?! დეპრესიაში რომ ვიყავი, ვის ესმოდა ჩემი ტირილის მიზეზი?! ჩემგან ვერასდროს გაიგებდით, რომ გათხოვება მინდოდა! ვლაპარაკობდი სწავლაზე, პროფესიის შეძენაზე, ჩემს ოცნებებზე და უცბად ეს ყველაფერი უმნიშვნელო გახდა.

მშობლებიც საზოგადოების მსხვერპლები არიან!

მათ ჰგონიათ, რომ როდესაც შვილს ათხოვებენ, ის პატრონს ჩაბარდება და ბედნიერი იქნება. სინამდვილეში ეგრე არ არის.

ცხოვრება არავის უნდა გადაუწყვიტო ასე! არავის აქვს უფლება, შენ გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება, რომ უნდა შექმნა ოჯახი, რომ უნდა იცხოვრო ადამიანთან, ვინც არც გიყვარს, არც მოგწონს და საერთოდაც, გაღიზიანებს! მე ვერ შევძელი ჩემზე დანიშნულის მოწონება. წარმოიდგინეთ და ეს ვცადე, მაგრამ ვერ… ვცადე იმიტომ, რომ გადაწყვეტილი ამბავი იყო ოჯახის შექმნა. და განა რა ოჯახი უნდა გამოსულიყო?! 14 წლის რომ ხარ, ეს როგორ უნდა გადაიტანო! ვერ შეძლებ ამ ტვირთის ტარებას! მოკვდები! სულით და ხორცით დაეცემი!

ჩვენ ის გოგოები ვართ, ვისაც ბავშვობას გვართმევენ და უნდათ, რომ ვიღაცის მონები გავხდეთ. არა! ხმას კიდევ ერთხელ ამოვიღებ! ყოველთვის ვიტყვი, რომ ეს არ შეიძლება! პირველ რიგში მშობლებს მივმართავ – გთხოვთ, ნუგააკეთებთ ამას, ნუ იძალადებთ, ნუ გასწირავთ საკუთარ შვილებს უბედურებისთვის! ჩემი ისტორია იცით, მაშინ ქართული ენის მასწავლებელი დამეხმარა, მაგრამ პოლიციელებმა რომ მითხრეს, მამას 5 წელი ჩასვამდნენ ციხეში, ვერ გავბედე და აღიარებითი ჩვენება ვერ მივეცი. მამას განემარტა, რომ 18 წლამდე მიუღწეველ პირთან იძულებითი ქორწინება მკაცრად ისჯებოდა და ისიც გაფრთხილდა. მეც იმედი მქონდა, რომ თავი დავაღწიე პრობლემას, მაგრამ უკვე მეორედ, 17 წლის ვიყავი, სულ რაღაც ერთ თვეში ვხდებოდი 18-ის, ქორწილი იგივე ადამიანთან რომ ჩანიშნეს. ყველაფერი მზად იყო – კაბა, ბეჭდები, სუფრისთვის სურსათი, ბანკიდან ვალები გამოიტანეს ჩემებმა, დაპატიჟებულები იყვნენ სტუმრები. და მე ისევ თავი დავიცავი!..ქორწილამდე 4 დღით ადრე, შსს-თანამშრომლებმა წამომიყვანეს ჩემი სოფლიდან, სადაც ადრეულ ასაკში ათხოვებენ გოგოებს. იქ, ჩვენთან, როდესაც ვხდებით 13-14-15 წლისები, მშობლები წყვეტენ, ვისზე და როდის უნდა გაათხოვონ შვილები. რა თქმა უნდა მათი გადაწყვეტილების იქით ვერ წავალთ. რთულია ძალიან. რაც წამოვედი ჩემი ოჯახიდან, ძალიან რთული გზა გავიარე. დღემდე ბრძოლაში ვარ, გადარჩენისთვის ვიბრძვი. ერთდროულად მომიწია იმდენი პრობლემის გადალახვა, ხანდახან არც მჯერა, რომ ეს იმ შეშინებულმა ჩინარამ შეძლო! თითქოს სხვა ადამიანად გადავიქეცი. ცხრა წლიანი სკოლის დამთავრების მერე განათლების მიღებაში წყვეტა მქონდა. ოჯახიდანწამოსვლის დროს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თავშესაფრის პროგრამით, სამი წლის მასალა ქართულად ვისწავლე 9 თვის განმავლობაში იმისთვის, რომ ეროვნული გამოცდებისთვის მოვმზადებულიყავი. პირველ წელს ვერ ჩავაბარე, მაგრამ მეორე წელს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი, წელს მესამე კურსზე გადავედი. ქართული უკვე მართლა ძალიან კარგად ვიცი. თავისუფლად შემიძლია, ჩემი გამოცდილება გავუზიარო სხვა გოგოებს, რომლებიც იმ დროს, როცა მამაჩემი დააკავეს, მწერდნენ, შენი საქციელი გმირობის ტოლფასია, რადგან ჩვენ ამას ვერ შევძლებთ, ვერ შევეწინააღმდეგებით ამხელა პრობლემასო! გული მისკდებოდა და მისკდება ახლაც, რომ მამაჩემმა ერთი წელი გაატარა ციხეში.უბრალოდ, მართლა არ ვიცი, რა უნდა მექნა! ვერ შევძელი და ვერ გადავარწმუნე ჩემი ოჯახი და ნათესავები, რომ არ მინდოდა გათხოვება და არ მინდოდა იმ ადამიანზე! მას მერე, იმდენი რამე გადავიტანე! ალბათ ერთ დღესაც ავდგები და წიგნს დავწერ. მანამდე კიბ მინდა, რომ ხშირად შევძლო იმ გოგოების მხარდაჭერა, რომლებისთვისაც ჯოჯოხეთი იწყება 12-13 წლის მერე! მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ! ჩაუტარეთ ტრენინგები უფროს თაობას ჩვენს თემში, სკოლის მასწავლებლებს… სოც.მუშაკებმა და სამართალდამცველებმა იარონ სოფლებში და გაიგონ სიტუაცია, იქნებ რომელიმე 14 წლის გოგო გაათხოვეს, მოიტაცეს და სადაცაა, მოკლავენ!

გემუდარებით, გადავარჩინოთ ბავშვები!

ვაპირებ, რომ ამ თემაზე სულ უფრო მეტი ვისაუბრო როგორც აქ, სოციალურ სივრცეში, ისე ფიზიკურ გარემოში. გოგოებო, თუ რამეში დახმარება დაგჭირდებათ, გპირდებით, მარტო არ დაგტოვებთ ამ ჯოჯოხეთში! საქართველოში, ჩემს გარშემო, უამრავი ადამიანია, ვისაც შეუძლია, რომ თქვენს მხარდაჭერაში ძალა არ დაიშუროს აქ ვარ ჩემი გამოცდილებით, გამბედაობით, სირთულეების გადალახვის უნარით და სისუსტითაც, რომელიც ძალიან ადამიანურია და რომლის გამო კიდევ უფრო კარგად მესმის თქვენი.

მზად ვარ ჩავატარო ტრენინგები ყველა რეგიონში და ჩავერთო პროექტებში, თუ ამის შესაძლებლობა მომეცემა, მზად ვარ ამ თემაზე ვისაუბრო დაუსრულებლად, მთელი სიცოცხლის მანძილზე დადავეხმარო იმ ადამიანებს ვისაც დახმარება სჭირდება, ვისაც კლავენ სულით და ხორცით.