რა ხდება: შსს-მ ტრეფიკინგის ბრალდებით 43 წლის კაცი დააკავა.
დეტალები: გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ადამიანებით ვაჭრობის სქემა შეიმუშავა.
- ამის შემდეგ კი ოთხ ადამიანს, ფსიქოლოგიური ზეწოლით და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, საკუთარ ფერმაში ამუშავებდა.
- კაცმა მათ აუკრძალა ფერმის ტერიტორიის დატოვება და მობილურით სარგებლობა.
- ასევე, ოთხივეს აიძულებდა შეესრულებინათ მისი ნებისმიერი მითითება, თუნდაც ეს არ ყოფილიყო ფერმაში მუშაობასთან დაკავშირებული.
- თუ ამ მოთხოვნების შესრულებაზე უარს იტყოდნენ, ან — შესრულებული სამუშაოთი უკმაყოფილო დარჩებოდა, ბრალდებული მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.
შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში, სადაც, შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენელი დაზარალებულს ესაუბრება, კაცი ამბობს, რომ მისი პირადობის მოწმობა “დამსაქმებელს” აქვს, ისევე, როგორც მისი მობილური ტელეფონი.
- მეორე დაზარალებული კი ამბობს, რომ 2 თვეა ხელფასი არ აუღია.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.