გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დანაშაული ახაშენში, სავარაუდო მკვლელის საცხოვრებელ სახლში მოხდა, სადაც რემონტი მიმდინარეობდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჯერ ცოლს ესროლა, შემდეგ 2 მამაკაცს, რომლებიც მისივე კუთვნილ სახლში რემონტის გაკეთებაში ეხმარებოდნენ.
კაცი, რომელიც, სავარაუდოდ, სამი ადამიანის მკვლელობაშია ბრალდებული, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველები მას მთელ კახეთში ეძებენ.
მომხდარის დეტალების შესახებ ადგილობრივები „რუსთავი 2“-თან საუბრობენ.
„ცოლი დაიბარა, სახლი დასალაგებელი გვაქვსო, ის მუშა კიდევ, ხელოსანი ბიჭი, აბანოს უკეთებდა. არ ვიცი, რა მოხდა. დაშორებულები იყვნენ ცოტა ხანს და მერე ქალმა თქვა, რომ მაინც არ მომასვენებსო და შეურიგდა. ციხიდან ახლა გამოვიდა, ერთი-ორი თვე იქნება,” – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
„დილას ყავა დავალევინე, პური ჭამეს, მშვენივრად იყვნენ, არაფერი ისეთი არ შემინიშნავს და მერე რა მოხდა, აღარ ვიცი. ჩემმა მეუღლემ თქვა, ცივი წყალი მივუტანოო, აქ რომ არ ცხოვრობენ ეგენი, მივალ, ვნახავ, წყალი ხომ არ უნდაო. მივიდა, შევიდა და ნახა, რომ გდია… მეთქი, ვაიმე, ფიქრია რომ არ ჩანს, შევხედე მარანში არ იყო, სამზარეულოში შევიხედე და იქ გდია ფიქრია…“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „კურიერთან“.