მკვლელობა მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბედათში ამ დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მალხაზ კვიტატიანმა მეზობელი, ჯამბულ კინტირაია სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. მამაკაცი ამ წუთებში ექსპერტიზაზეა გადასვენებული და მის ცხედარს ექსპერტიზის შემდეგ საკუთარ სახლში მიასვენებენ.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ისინი მეზობლები არიან და მათ შორის ადრე კონფლიქტი არ ყოფილა. მკვლელობის მიზეზად ურთიერშელაპარაკება სახელდება. სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს ბრალდებული და უწყებამ ინფორმაციაც გაავრცელა.
უწყების ინფორმაციით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული მალხაზ კვიტატიანი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარტვილის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები 1964 წელს დაბადებული ჯ.კ. სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად ჯ.კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
“მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კვიტატიანია. მან მოკლა მეზობელი ჯამბულ კინტირაია, ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობენ, მათ შორის კონფლიქტზე ადრე არაფერი მსმენია, მკვლელობის მიზეზი არ ვიცით. ამ დილით მოხდა დანაშაული, ჯერ ცხედარი არ არის მოსვენებული. სხვას ვერაფერს გეტყვით. რა და როგორ მოხდა, ამაზე ინფორმაციას არ ვფლობ.
როგორც ამბობენ, სახლში მოკლა, თავის ეზოში მყოფს ესროლა სანადირო თოფიდან. ცუდს ვერცერთზე ვერ ვიტყვი, რა მოუვიდათ და რატომ მივიდნენ აქამდე, არ ვიცი. გამოძიება დაადგენს მიზეზს.
როგორც მეზობლები ამბობენ, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მე ვერ დაგიდასტურებთ, რადგან ასე ახლოს არ ვიცნობდი და არ მქონდა ურთიერთობა
ადრე, წლების წინ სიდედრი დაუჭრია. ახლა გავიგე ესეც. ცოლ-შვილი ჰყავს, მაგრამ მასთან არ ცხოვრობენ. ვიცი, რომ მარტო ცხოვრობს. შემთხვევის ადგილზე ისეთი მძიმე სიტუაცია იყო, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, სხვას ვერაფერს გეტყვით, დეტალებს დაადგენს გამოძიება”, – ამბობს მერის წარმომადგენელი სოფელ აბედათში ქალბატონი მანანა გულუა.
მოკლულ ჯამბულ კინტირაიას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
“დილის 6 საათზე მოხდა ეს ამბავი. ამ დილით ჩემი ძმა სიგარეტს ახვევდა, აივანზე იჯდა და ამ დროს ტყვია ესროლეს. იცოდნენ, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ჩემს ძმას ეცოდებოდა, ყველამ იცის ამის ამბავი. სიდედრი დაჭრა, პატრონი არ ჰყავს ამ ქვეყანას და იმის ბრალია. ციხეშიც არის ნამყოფი, დედ-მამასაც გამოეკიდა და დატოვეს სოფელი, კანონი არ არსებობს, თორემ მის ხელში როგორ უნდა აღმოჩენილიყო იარაღი? თოფით დადიოდა ქუჩაში, საბუთიანი გიჟია. გიჟს რად უნდოდა თოფი. ჩემი ძმა აჭმევდა, ასმევდა, რადგან მარტო იყო დაგდებული სახლში და ეცოდებოდა. სახლში, თავის აივანზე მყოფი მოკლა. მითხარით, გაუფორმებელი თოფი როგორ აღმოჩნდა გიჟის ხელში? 60 წლის კაცი რომ მოკლა ასე სასტიკად?”, – კითხულობს მოკლულის და.ძალიან მძიმე ამბავი მოხდა, ძალიან განვიცდი და თანავუგრძნობ ოჯახს. სამძიმარზე რომ მივედი, უმძიმესი სურათი დამხვდა. ჯამბული თავისი სახლის აივანზე სისხლში მოსვრილი იწვა. პოლიცია და კრიმინალისტები მუშაობდნენ იქ და არავის უშვებდნენ. ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი და ყელზე აქვს ჭრილობა, ადგილზეა გარდაცვლილი. სისხლის შხეფები ახლაც ეტყობა შემთხვევის ადგილს.
ძალიან კარგი ადამიანი იყო ჯამბული. ძალიან კეთილი, შრომისმოყვარე, მეოჯახე. სულ შრომაში იყო. მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა სოფელში. შვილები თბილისში მუშაობენ. თავის სახლში ჰყავს მოკლული. დილით ადრე დგებოდა ჯამბული, ამ დროს მისულა მის სახლში თოფით შეიარაღებული, ეზოში შესულა და გაუსვრია. ერთი ტყვიით მოკლა.
მათ შორის არასოდეს გამიგია, რომ რაიმე კონფლიქტი ყოფილიყო. ჯამბული ზრუნავდა მასზე, ეცოდებოდა მარტო რომ იყო, თან ავადმყოფი და 24 საათი ერთად იყვნენ. საყიდლები იყო, ბაზარში წასვლა, ყველგან დაყვებოდა და ყველანაირად ხელს უწყობდა. ვერ გამიგია, რატომ უნდა ჰქონოდა მას ჯამბულისთან პრობლემა. ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, როგორც ვიცი, მაგრამ მე პირადად არ დამინახავს რაიმე გამოვლინებები.
როგორც ვიცი, ბოლო დროს სასმელსაც ხშირად სვამდა, ეს ამბავიც ჯამბულისგან ვიცი. მითხრა, ცოდვაა, მოკვდება ეს საცოდავი ასე, ექიმთან უნდა წავიყვანოო. დახმარებოდა უნდოდა. თვითონ მალხაზი, ბრალდებული ყოველთვის მარტო იყო სახლში. ცოლს გაშორებულია. მისი დედ-მამა ჩხორიწყუში ცხოვრობენ წლებია და სახლში კარგა ხანია მარტოა. სიდედრი წლების წინ დაჭრა, მაგრამ ციხეში არ იყო, ფსიქიატრიულში მოათავსეს მგონი მაშინ. დედმამიშვილები ჰყავს, მაგრამ მათ თავიანთი ოჯახები აქვთ. ჯამბულის ეცოდებოდა და ამიტომ ზრუნავდა, ნორმალურად ექცეოდა, საჭმელს აჭმევდა, ამ დილით რა მოხდა, არ ვიცი.
თქვენს, რომ ამ დილით თოფით დადიოდაო, ეტყობა რაღაცაზე გაღიზიანებული იყო. მე პირადად, არ ვიცოდი თოფი რომ ჰქონდა. მე რომ მივედი უკვე პოლიცია იყო მისული, ჯამბული გარეთ აივანზე იყო დასვენებული შესვლაც აკრძალული იყო, მუშაობდნენ კრიმინალისტები და პოლიციელები. სისხლიანი იყო კედელი. ტყვიას სახლის წინა კედელიც გახვრეტილი ჰქონდა. ყელის არეში აქვს მიყენებული ერთი ჭრილობა, მერე წასულა იქიდან, ქვედა ქუჩას გაჰყოლია და თურმე იცინოდა, მეზობლებისთვის უთქვამს, ჯამბული მოვკალიო, არ დაუჯერეს. მერე ისევ უკან მობრუნებულა, ამასობაში პოლიციაც მოვიდა და დაიჭირეს. მართლა ძალიან განვიცდით ყველანი. დილის 6 საათზე დგებოდა, მეუღლეს ეძინა ამ დროს და ეს საშინელება დატრალდა. 200 მეტრია მათ სახლებს შორის დაშორება, მასზე მზრუნველი ჯამბული მოკლა. როგორ მენანება, კიდევ არ მჯერა, შოკში ვარ, ისეთი კარგი ადამიანია გარდაცვლილი”, – ამბობს მეზობელი…
ფაქტზე გამოძიება გრძელდება, ვნახოთ, რა დადგინდება.