ჩემმა გასათხოვარმა მეგობარმა ქეთიმ, რომელმაც კარგა ხნის წინ გადააბიჯა ოცდაათი წლის ასაკს, მოულოდნელი სიურპრიზი მოგვიწყო:
– ბავშვს ვაჩენ! – გამოგვიცხადა მეგობრებს და არ დავუჯერეთ. ალბათ იმიტომაც, რომ ტრადიციულ ქართულ ოჯახში გაიზარდა, სადაც მსგავსი მოვლენა ღრმა და გამოუსწორებელ ტრაგედიად მიიჩნევა და ამიტომ ქალს ბევრი რამისთვის თუ ვინმესთვის უწევს ანგარიშის გაწევა.
– შენი ძმა და მშობლები რას იტყვიან, ნათესავები და მეზობლები, თანამშრომლები?! – დავაყარეთ კითხვები ყველა მხრიდან.
– თუ ვერ გამიგებენ, მშობლების აზრიც არ მაინტერესებს, არათუ მეზობლებისა და თანამშრომლების! – უდარდელად აიჩეჩა მხრები: – ამდენს ვმუშაობ და ორ ოჯახს ვინახავ საკუთარი ბიზნესით. ჩემი ძმა ახლაც უცოლო და უშვილო იქნებოდა, მე რომ არ ამოვდგომოდი მხარში. ძმისშვილებზე ამომდის მზე და მთვარე, მაგრამ საკუთარი შვილიც მინდა მყავდეს და ვინც ამას ვერ გაიგებს, კარგად იყოს. თუ მხოლოდ იმიტომ მომიკვეთენ და დამკარგავენ, რომ შვილი მინდა მყავდეს, ყველას გავეცლები და ცალკე გადავალ საცხოვრებლად, მარტო უკეთესადაც მივხედავ ალბათ საკუთარ თავს…
ქეთიმ რამდენიმე წელიწადია, რაც მშენებარე კორპუსში იყიდა ბინა, გაარემონტა…
– იმედია, თქვენც არ შემაქცევთ ზურგს! – გადმოგვხედა დამფრთხალმა და პირველმა მე ვცადე მისი დამშვიდება:
– ჩემი იმედი რომ უნდა გქონდეს, კარგად იცი. მთელი ცხოვრება იმ ქალების მხარეს ვარ, ვინც გათხოვება ვერ მოახერხა, მაგრამ გაბედა და შვილი გააჩინა, საზოგადოების რისხვის არ შეეშინდა და არც რამე წაუგია ამით. ხალხი იჭორავებს და საბოლოოდ, ყველაფერს დაივიწყებენ. თანაც, ახლა სხვა დროა: ქალები ძლიერები და დამოუკიდებლები გახდნენ, კაცები კი პირიქით – ისე მოეშვნენ, ოჯახის შექმნასაც ვეღარ ბედავენ და სანამდე უნდა ველოდოთ მათგან “მოწყალებას”?!
– თანაც, თავმოყვარეობა დაკარგეს თითქოს. ამას წინათ ჟურნალში განცხადებებს ვკითხულობდი. ყოველი მეორე კაცი იმას წერს: ოჯახის შექმნის მიზნით ბინიან და კარგი შემოსავლის მქონე ქალს ვეძებო… ასეთი ქმრის ყოლას ჯობია, გათხოვების გარეშე გააჩინო ბავშვი და მას დაახარჯო სიყვარულიც, ენერგიაც და შენი შემოსავალიც. მარტოობა არავის უნდა და თუ ნორმალური კაცი გამოჩნდა, ოჯახის შექმნას ყოველთვის მოასწრებ, აი, შვილი კი ყოველთვის არ მოგვეცემა. თანაც, მარტო გაჩენა ხომ არ არის, ბავშვს გაზრდა უნდა, გაზრდას კი ჯანსაღი და ახალგაზრდა დედა! – აზრი გამოთქვა თამრომ, რომელიც წარმატებული ექიმია და მაინც მარტოა საკმაოდ სოლიდურ ასაკში: – მეც აღარ დაველოდები საოცნებო უფლისწულს დიდხანს, გავაჩენ ბავშვს და ვინაც რა უნდა, ის თქვას…
წლების წინ ანა მოიტაცეს და მშობლებმა, რომლებმაც სამი დღის შემდეგ მიაგნეს შვილს, მის ოჯახში დაბრუნებაზე უარი თქვეს, საზოგადოების გაკიცხვის შიშით. არადა, სამი წლის შემდეგ მაინც წამოვიდა უსაქმური ქმრისგან, რომელიც მშობლებს შეჰყურებდა ხელებში. თურქეთში წავიდა სამუშაოდ და ახლა საკუთარი ბინა, მცირე ბიზნესიც აქვს, შვილს არაფერს აკლებს. ქმარყოფილი დღემდე უცოლოა და არ კარგავს მასთან შერიგების იმედს, მაგრამ ანა ახლოსაც არ იკარებს:
– ქალი რომ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასს გაიგებს, ის ვეღარასოდეს აიტანს სუსტ კაცს გვერდით. სულაც არა ვარ მეორედ გათხოვების წინააღმდეგი, მაგრამ მხოლოდ ჩემზე ძლიერ კაცს თუ გავყვები. არ შეგეშინდეს ბავშვის გაჩენის. იცოდე, ყველამ რომ მიგატოვოს, მე ამოგიდგები მხარში, რადგან ეგ ჩემთვის გავლილი ეტაპია და სულაც არ არის დაუძლეველი ტვირთი…
მოკლედ, მეგობრებმა ქეთი შევაგულიანეთ და ახლა უკვე ხუთი თვის ფეხმძიმეა. თავიდან მშობლებიც გაებუტნენ და ძმამაც უსაყვედურა, მაგრამ მალევე შეურიგდნენ. ბავშვის მამა კი ბერძენი ბიზნესმენია, რომელთანაც ქეთის საქმიანი კავშირები აქვს. ის ცოლს გაშორებულია და მარტო ცხოვრობს. არ არის გამორიცხული, ოდესმე ქეთიზე დაქორწინებაც ისურვოს, რადგან ძალიან მოსწონს ჩვენი მეგობარი და დღე არ გავა, ტელეფონზე მაინც არ მოიკითხოს. მისი ფეხმძიმობის შესახებ ჯერ არაფერი იცის და არც ის ვიცით, ოდესმე გაუმხელს თუ არა ქეთი სიმართლეს, რადგან ჯერჯერობით, მარტოობა ურჩევნია. მაისში გოგონას ველოდებით და ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ…
ამ მასალას რომ ვწერ, იმ უამრავ ქალზე ვფიქრობ, გათხოვება და ოჯახის შექმნა რომ ვერ მოახერხეს სხვადასხვა მიზეზის გამო და დღემდე ტკივილად დარჩა მათთვის დაუბადებელ შვილებზე ფიქრი. მე ვინ ვარ, რომ სხვას რჩევა მივცე, მაგრამ ვიდრე შეუძლიათ, უნდა გააჩინონ შვილები და არ უნდა იფიქრონ იმაზე, რას იტყვიან სხვები. მთავარი საკუთარი სურვილი და მზაობაა – დედობა კი ის ძალა და ენერგიაა, სიცოცხლეს აზრსა და გამართლებას რომ აძლევს…
დროც შეიცვალა. ადამიანებიც აღარ არიან ძველებურად სასტიკები ქორწინების გარეშე გაჩენილი ბავშვების მიმართ, რომლებსაც, სხვათა შორის, საქართველოსგან განსხვავებით, ნაბიჭვრებს კი არა, “სიყვარულის შვილებს” ეძახდნენ განვითარებულ და ცივილიზებულ ქვეყნებში…
ყველა ქალს ბედნიერ დედობას ვუსურვებ, მიუხედავად იმისა, ქმარი ჰყავს გვერდით თუ არა.
ინგა ჯაყელი