საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.
უწყების ცნობით, 31 მაისიდან 2 ივნისის დილამდე, საქართველოს უმეტეს რეგიონში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი.
„მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ,“ – ვკითხულობთ შეტყობინებაში, რომელიც მოქალაქეებს სმს-ის სახით დაეგზავნათ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 31 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 2 ივნისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ძალიან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი).