ვარჯიშის მერე არ რჩებოდა ხოლმე, სულ ამბობდა პენალტი რა არისო, მერე მე და “კვარამ”…” – დავითაშვილმა “მამარდაზე” ისაუბრა

საქართველოს ნაკრებისა და “ბორდოს” შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა “რუსთავი 2-ზე” ლაშა დვალიშვილის გადაცემაში “ჩვენები” გიორგი მამარდაშვილზე საინტერესო ისტორია გაიხსენა.

მისი თქმით, თავდაპირველად “მამარდა” თერთმეტმეტრიანების მოგერიებაზე არ ვარჯიშობდა, შემდეგ კი ამ კომპონენტზე მუშაობა დაიწყო.

“ნაკრებში რომ ჩამოვდიოდით ხოლმე, “მამარდა” მაშინ უკვე “ვალენსიაში” თამაშობდა, ვარჯიშის მერე 10 წუთი გვეძლევა და პენალტებს ვამუშავებდით, სადაც გიორგი არ რჩებოდა, იძახდა პენალტი რა არისო. მე და “კვარა” სულ ვეუბნებოდით, მეთქი პენალტებია, რა იცი, რაში გამოგადგება, სად დაგჭირდება…

მერე დაიწყო პენალტების აღება, რადგან ამაზე სულ მუშაობდა, გვეუბნებოდა ესპანეთში ბევრს ვვარჯიშობ ამაზეო და ნაკრებში

რომ ჩამოდიოდა, ვარჯიშის მერეც რჩებოდა ხოლმე.

საბერძნეთთან თერთმეტმეტრიანების სერია რომ დაინიშნა, “მამარდას” ძალიან დიდი იმედი მქონდა. პენალტი რომ შევასრულე და გავიტანე, “მამარდასთან” მივვარდი, იქამდე მოგერიებულიც ჰქონდა და ვუთხარი, ხომ გეუბნებოდი-მეთქი, იმ ემოციებს ვერ აღვწერ, საოცრება იყო…”, – განაცხადა დავითაშვილმა.