ტორნადოსავით ატრიალებდა ყველაფერს… ჭერი ჩამოგვენგრა …“ – სტიქია იმერეთში

სტიქიამ იმერეთი დააზარალა – სეტყვამ ბაღდათის, ზესტაფონის, თერჯოლისა და საჩხერის სოფლებში თითქმის სრულად გაანადგურა ნათესები, ხილის ბაღები და ვენახები. დახოცილია შინაური ფრინველი.

“ტორნადოსავით ატრიალებდა ყველაფერს, ფოთოლს, ხეს, ტოტს, თვითონ ყინულს. მოსავლის 100% გაანადგურა. გარდა ამისა, სახლის სახურავიც,“ – აცხადებს დაზარალებული იაგო მერკვილაძე.

დაზიანებულია სახლების სახურავები. სპეციალურად შექმნილმა კომისიამ ზარალის შესწავლა უკვე დაიწყო.

“მე და ჩემი პატარა შვილი ვიყავით სახლში, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, სად წავსულიყავი, კარებში რომ ფეხი გამოვდგი, ჭერი თავზე ჩამოგვენგრა. სრულიად საცხოვრებლის გარეშე დავრჩით. სახლი, მანქანა, ყველაფერი, რაც გაგვაჩნდა, ქუჩაში ვართ, ფაქტობრივად, ერთი საბანი და ბალიში არ გვაქვს, რომ ბავშვი დავაწვინო,“ – ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

ამ დროისთვის, იმერეთის 5 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.