1977 წლის 31 ოქტომბერს ოკლაჰომას შტატში, ლოუტონის მაცხოვრებლები ჰელოუინისთვის ემზადებოდნენ. გოგრებს, სპეციალურ აქსესუარებს, ტკბილეულს ამზადებდნენ და შესანიშნავი განწყობა ჰქონდათ. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს საზეიმო განწყობა კარტერების ოჯახში საშინელ კოშმარად გადაიქცეოდა…
1977 წლის 1-ელ ნოემბერს როუზმა და ჯორჯმა წელიწად-ნახევრის ქალიშვილის, ნიმა ლუიზა კარტერის ტირილი გაიგეს. ბავშვი, რომელიც გვერდით ოთახში იწვა, ხმამაღლა ტიროდა და მშობლებსაც გაეღვიძათ. თუმცა ახალგაზრდა მშობლებმა იფიქრეს, რომ ბავშვი კაპრიზობდა, თამაში უნდოდა, მალე ისევ თავისით დაეძინებოდა და მისი ოთახისკენ აღარ გავიდნენ. მართლაც, პატარა გოგონამ ტირილი მალევე შეწყვიტა, მშობლებმა კი მშვიდად დაიძინეს.
როდესაც დილით როუზი და ჯორჯი შვილის ოთახში შევიდნენ, ბავშვი საწოლში არ დახვდათ. თავიდან იფიქრეს, რომ პატარა გოგონა საწოლიდან გადმოვიდა და სახლში ან ეზოში დადიოდა. თუმცა, ნიმა ვეღარსად იპოვეს.
როუზმა და ჯორჯმა მომხდარის შესახებ პოლიციას მაშინვე შეატყობინეს და ოფიცრებიც ადგილზე მალევე მივიდნენ. გამოძიება დაიწყო. ახალგაზრდა მშობლები საკუთარ თავს ადანაშაულებდნენ და საშინელ მდგომარეობაში იყვნენ. მათ სჯეროდათ, რომ შვილს ჯანმრთელსა და უვნებელს იპოვიდნენ…
ერთი თვის შემდეგ ოფიცრები კარტერების სახლში სამწუხარო ამბით მივიდნენ. მათ განაცხადეს, რომ ნიმა ძველ მაცივარში, მიტოვებულ სახლში იპოვეს. გოგონას გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა. ექიმების თქმით, ბავშვი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც მაცივარში მოათავსეს..
ამ ამბავს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და პრესის პირველ გვერდებზე აღმოჩნდა.
გამოძიება გაგრძელდა, რომ დამნაშავე და დანაშაულის ჩადენის მოტივი გაეგოთ. როუზი და ჯორჯი ამბობდნენ, რომ ვიდრე მათ შვილს გაიტაცებდნენ, მათ სახლში უცნაური ამბები ხდებოდა. ჯერ მათი ძაღლი მოწამლეს, შემდეგ კი ვიღაც სახლში შევიდა, საშინელი არეულობა მოაწყო ისე, რომ არაფერი მოუპარავს…
მოგვიანებით, ოჯახის მეზობელმა ტელმა მაკგეიგმა ასეთი ამბავი გაიხსენა ნიმას ძიძაზე ჟაკლინ რუბიდოზე: ნიმას გაუჩინარებამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე, ქალმა დაინახა ახალგაზრდა გოგონა, ჟაკლინ რუბიდო, რომელსაც ორი პატარა გოგონა ქუჩაში ძალით მიჰყავდა. ბავშვები ტიროდნენ და ჟაკლინს სთხოვდნენ, რომ გაეშვა. ტელმამ გაიხსენა, რომ ეს ამბავი მაშინაც ეუცნაურა, თუმცა პოლიციისათვის არ შეუტყობინებია. გოგონები ტყუპი და – ტინა და მერი კარპიტჩერები აღმოჩნდნენ, რომლებთანაც ჟაკლინ რუბიდო ძიძად მუშაობდა. გამოძიებით
დადგინდა, რომ ახალგაზრდა ძიძამ ბავშვები ძველ, მიტოვებულ სახლში წაიყვანა და მაცივარში ჩაკეტა.
წლების შემდეგ, როდესაც ტინა გაიზარდა, ბავშვობის საშინელი გამოცდილება მანაც გაიხსენა:
“შეგვიყვანა სახლში, რომელშიც ბევრი ძველი ავეჯი იყო. მაცივარში შეგვსვა და გვითხრა, რომ ჩუმად ვყოფილიყავით. ასევე, გვეუბნებოდა, რომ მალე დეიდა მოვიდოდა და ნაყინს მოგვიტანდა.”
გატაცებული გოგონები სასწაულებრივად იპოვეს. ტინა მაცივარში მთელი ხმით ტიროდა, ისე, რომ მიტოვებული სახლის მახლობლად, ქუჩაში მეზობლებმა ბავშვის ხმა გაიგეს და შიგნით შევიდნენ. სამწუხაროდ, მისი ტყუპისცალი და, მერი უჰაერობისაგანა გარდაიცვალა, ტინა კი გადარჩა…