რა დაიბარა ტრისტან სარალიძემ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე

27 მაისს მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა. ის თავისი მეორე სახლიდან, რუსთაველის თეატრიდან მშობლიურ კუთხეში, ბორჯომში (ახალდაბაში) გადაასვენეს. არტისტი მეგობრებმა და კოლეგებმა გააცილეს. 69 წლის მსახიობი მშობლიურ მიწას მიაბარეს. დანაბარები შეუსრულეს, დედის გვერდით დაკრძალეს… 

 „…მე და დედა და-ძმასავით გავიზარდეთ. მამა ადრე გარდამეცვალა. მაშინ მე 3 წლის ვიყავი და დედა – 24 წლის. როცა დედა გარდაიცვალა, 84 წლის იყო. ყველაზე მაგრად ვდარდობდი, ვფიქრობდი, ხომ არ მაქვს ცხოვრებაში გაკეთებული ისეთი რამ, რითაც მას გული ვატკინე-მეთქი. შეიძლება, არ მოიძებნებოდეს ასეთი ამბავი, მაგრამ ცხოვრება ულმობელია. შენი სწორი ნაბიჯები, შეიძლება სხვას არასწორად მოეჩვენოს და ამით ტკივილი მიაყენო ადამიანს. ყველაზე დიდი ცრემლი ბოლოს დედის გარდაცვალების გამო დამდინდა…“ – ჰყვებოდა ბატონი ტრისტანი „თბილისელებისთვის“ მიცემულ ბოლო ინტერვიუში.

„ბოლოს ისე იყო, კლინიკაში გვითხრეს, სახლში წაიყვანეთო… უკვე სახლის კიბეებზე, შვილებს, გოგასა და ლევანჩოს გახედა: ბიჭებო, თქვენს ქორწილში… ვერაფერსაც ვერ ვიზამო. გულით გაგვეცინა! ახლაც, რომ მახსენდება, მეღიმება… რა მაგარია, არა?! შენს მერე რომ ღიმილი რჩება… შენ გარეშე ნაკლები მიზეზი როა გაღიმების…“ – წერს სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში.