ის ჩემი მეგობარი იყო…”
გახმაურებული მკვლელობა ბარსელონაში 3 ივნისს, გამთენიისას მოხდა, მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი ნათია (ნასწია) გულბანი ადგილზე დაიღუპა, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეუღლე, ბექა (გვარს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ვასახელებთ) თვითმხილველების თქმით, მაშინ აიყვანეს, როდესაც მიმალვას ცდილობდა. ოჯახის განცხადებით, ის ნათესავის სახლში მიდიოდა დახმარების სათხოვნელად და მიმალვას არ ცდილობდა.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში “გზა” დაიბეჭდა:
პოლიცია გვიდასტურებს, რომ არაერთხელ გამოიძახეს მეზობლებმა და გოგონას ძალადობის კვალიც აღმოაჩნდა, მაგრამ ამას გარდაცვლილი ნათია გულბანი უარყოფდა და სხვადასხვა მიზეზს ასახელებდა ძალადობის დასაფარად. მას არასოდეს შეუტანია პოლიციაში საჩივარი ქმრის წინააღმდეგ. ნათია გულბანის ტრაგიკულად გარდაცვალება არც ერთ სახელმწიფო ორგანიზაციას არ დაუტოვებია ყურადღების მიღმა და საქმეში ჩართულია ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციები, ასევე, ბარსელონაში არსებულმა ყველა კლინიკამ თხოვნით მიმართა იქ მყოფ საზოგადოებას, წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ ფემინიზმის მსხვერპლი ქალის ხსოვნისთვის…
ნათიას საცხოვრებელთან, ქართველებთან ერთად ყოველდღე იკრიბებიან ესპანელი ქალებიც. 24 საათის განმავლობაში მისი გარდაცვალების ადგილზე ანთია სანთლები და ყველა ერთხმად გმობს ძალადობას. ჩვენ რამდენიმე მეზობელს გავესაუბრეთ. აი, რას გვიყვებიან ისინი:
“ბრალდებულის დედა ცდილობს გაანადგუროს სახლთან და მეტროს ამოსასვლელში განთავსებული წარწერები, სადაც ყველა ენაზე წერია “არ მომკლა”, მათ შორის ქართულადაც. ჩვენ არ დავიღლებით, გავაკრავთ პლაკატს და იმაზე დიდ წარწერებს გავაკეთებთ, ვიდრე იყო, მანამ, სანამ ამის განადგურებით არ დაიღლებიან. მათ არ მივცემთ ნასწიას დავიწყების საშუალებას. ეს პატარა გოგო არის ძალადობის მსხვერპლი…”
მნიშვნელობა არა აქვს, რომელი ქვეყნის მოქალაქე იყო. ფაქტი ის არის, რომ ტრაგედია დატრიალდა და პატარა გოგონა მოძალადე ოჯახის მსხვერპლი გახდა. კიდევ უფრო მეტად ვწუხვართ, რომ ჩვენმა სახელმწიფომ ვერ შეძლო მისი დაცვა…”
“მეგობრები ვურჩევდით მასთან დაშორებას და ნათია ცდილობდა კიდეც მისგან თავის დაღწევას. რამდენიმე თვით დაშორდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც შერიგდნენ და ერთად ცხოვრებაც გადაწყვიტეს. მას შემდეგ ნათია ჩვენთან ბექაზე და მასთან კოფლიქტზე იშვიათად საუბრობდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ხშირად მალავდა ურთიერთობის ბევრ დეტალს. ალბათ იმიტომ, რომ რცხვენოდა ხმამაღლა ამაზე საუბრის და მისი ყველაზე დიდი დანაშაულიც ეს იყო. ხმამაღლა რომ ესაუბრა, იქნებ მისი გადარჩენა მოგვესწრო და ეს ტრაგედია არ დატრიალებულიყო ჩვენს თავს…”
სტატიას სრულად ჟურნალ “გზის” 13 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.
ფიქრია რობაქიძე, ჟურნალის “გზა” სპეციალური კორესპონდენტი ბარსელონაში