კასანო: ლეაო ფენომენია? მორჩით, რა! ტოპ-ფეხბურთელი კვარაცხელიაა

მილანის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა რაფალ ლეაომ მწარე პასუხი გასცა იტალიური ფეხბურთის ვეტერან ანტონიო კასანოს, რომელმაც ის არა ფენომენად, არამედ, უბრალოდ კარგ ფეხბურთელად მოიხსენია, მასზე წინ კი, ხვიჩა კვარაცხელია და ინგლისელი ფეხბურთელები ფილ ფოდენი და მარკუს რაშფორდი დაასახელა.

24 წლის ლეაომ, რომელსაც მართლაც კარგი სეზონი აქვს და მილანელთა მაისურით ყველა ასპარეზზე ჩატარებულ 38 მატჩში 12 გოლი და ამდენივე საგოლე პასი აქვს, კასანოს ვიდეო საკუთარ სოციალურ ქსელში გააზიარა და თან ჯამბაზის გამოსახულება დაერთო. და რა ილაპარაკა კასანომ RAI2-ის ეთერში? აი, მისი სიტყვები:

“ლეაოს საკუთარი თავი გენიოსად მიაჩნია და ზოგი მას ეთანხმება კიდეც, მე კი მას უბრალოდ კარგ ფეხბურთელად ვთვლი და ამის თაობაზე შეხედულება არასდროს შემიცვლია. დაახლოებით 5 თვის განმავლობაში მას გოლიც კი არ ჰქონია გატანილი ისეთ არცთუ კარგ ლიგაში, როგორიც იტალიის სერია A გახლავთ.

არადა, მაგალითად, მანჩესტერელ რაშფორდს ინგლისის ძლიერ ჩემპიონატსა და სხვა ტურნირებზე გასულ სეზონში 25 გოლზე მეტი ჰქონდა. კვარაცხელია იტალიაში სულ ახალი ჩამოსული იყო და პირველივე წელს დიდებული სეზონი ჰქონდა. ფოდენი ლეაოზე ერთი წლით უმცროსია და ამ სეზონში ყველა შეჯიბრზე უკვე 21 გოლი და 10 საგოლე პასი აქვს. აი, ტოპ-ფეხბურთელები ვინ არიან.

ნამდვილად არ ვთვლი, რომ იტალია საუკეთესო ლიგებს შორისაა, ლეაო კი, ამის მიუხედავადაც თავს ფენომენად მიიჩნევს. მიკვირს, რომ მას ამაში მომხრეებიც ჰყავს. ნამდვილად კარგი ფეხურთელია, რომელიც ფიზიკურად ძლიერია, თუმცა, მორჩა! მაშინ რაღა უნდა ვთქვათ კაკაზე, რუი კოშტაზე ან თუნდაც ახლანდელებიდან ვინისიუსზე? საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ? არ ღირს ამდენი საუბარი ფეხბურთელზე, რომლის მთავარი პლუსიც ძალაა”.

ხვიჩა კვარაცხელია და რაფაელ ლეაო ნაპოლისა და მილანის მატჩის შემდეგ
ხვიჩა კვარაცხელია და რაფაელ ლეაო ნაპოლისა და მილანის მატჩის შემდეგ

ცნობილი ამბავია, რომ ანტონიო კასანო, რომელიც რომას, რეალის, მილანის, ინტერისა და იტალიის ნაკრების ყოფილი ფორვარდია, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ დიდი კეთილგანწყობით გამოირჩევა. მას ქართველ ლეგიონერზე არაერთი დადებითი კომენტარი აქვს გაკთებული და მეტსახელად “მარსიანელიც” კი უწოდა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის კვარაცხელიას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე იტალიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 39 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა, ორჯერაც პენალტი მოიპოვა. ნაპოლი სერია A-ში 48 ქულით მე-7 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 14 აპრილს, ფროზინონეს უმასპინძლებს