რიოტა სატაკე ჩვეულებრივი 12 წლის სკოლის მოსწავლე იყო. მამამისი კენგო, ოცნებობდა, რომ ბიჭი პრესტიჟულ კერძო სკოლაში ისწავლიდა, რისთვისაც ბავშვს რთული მისაღები გამოცდები უნდა ჩაებარებინა. შვილის სწავლაზე ჩაციკლულმა მამამ უკიდურეს ზომებს მიმართა…
განუხორციელებელი ოცნებები
ბავშვობიდან რიოტა სატაკე ელიტარულ კერძო სკოლაში ჩარიცხვაზე ოცნებობდა. მამამ, რომელმაც თავად დაამთავრა ეს სკოლა, ბევრი უამბო მის შესახებ და ბიჭი დარწმუნებული იყო, რომ აუცილებლად ჩაირიცხებოდა.
სატაკეების ოჯახი რამდენიმე თაობის განმავლობაში ფარმაცევტულ ბიზნესში იყო და კენგოს, როგორც უფროს ვაჟს, ტრადიცია უნდა გაეგრძელებინა. მამამისი მკაცრი და დესპოტური იყო – ის ბიჭს ყოველგვარ გასართობს უკრძალავდა, მათ შორის მეგობრებთან შეხვედრას, სეირნობას,კინოში სიარულს.
კენგოს ბეისბოლი უყვარდა, მაგრამ ამასაც მოკლებული იყო – მამამ უკრძალავდა ვარჯიშს, სანამ სკოლაში არ ჩააბარებდა. ბიჭი ყველანაირად ცდილობდა გამოცდების ჩაბარებას და ჩარიცხვას.
კენგო სატაკემ მოახერხა ელიტარულ სკოლაში შესვლა, მაგრამ ერთი რამ არ გაითვალისწინა – მიღება არ კმარა, სკოლაში სწავლაც საჭირო იყო. ჩარიცხვის წყალობით მან შეძლო ბეისბოლის გაკვეთილებზე დაბრუნება, მაგრამ როგორც კი გამოცდაზე ჩაიჭრა, მამამ ეს სიამოვნება წაართვა. კენგოს მოტივაცია მთლიანად დაეცა და მას შემდეგ ქულები არ გაუმჯობესებულა – ძლივს დაამთავრა სკოლა და ვერ ჩააბარა უნივერსიტეტში. ფარმაცევტის კარიერა მის დაწყებამდე დასრულდა.
კენგოსგან განსხვავებით, მისი უმცროსი ძმა ადვილად მოხვდა სკოლაში და კარგი შეფასებებით დაამთავრა. სკოლის დამთავრების შემდეგ ექიმი გახდა და უფროსი ძმის ნაცვლად სამომავლოდ კომპანიის სათავეში მოსვლასაც გეგმავდა. ამის შესახებ მამამისი ხშირად ახსენებდა კენგოს და მას უვარიგსს უწოდებდა.
მკაცრი დისციპლინა
კენგომ მუშაობა დაიწყო და დაქორწინდა. საკუთარი სახლის ყიდვა ბებია-ბაბუის დახმარებით შეძლო, მაგრამ კარიერის აწყობა ვერ მოახერხა. როდესაც რიოტა დაიბადა, კენგო ბედნიერი იყო. უყვარდა თავისი ვაჟი – მისი მეუღლე მოგვიანებით იხსენებდა, რომ კენგო კეთილი და ნაზი მამა იყო.
როცა წამოიზარდა, კენგო შვილს კერძო სკოლაზე ესაუბრებოდა და რიოტამ გადაწყვიტა გამოცდები ჩაებარებინა. როდესაც კენგომ ამის შესახებ მამამისს, რიოტას ბაბუას უთხრა, ის აღფრთოვანებული იყო – ბაბუამ მაშინვე შესთავაზა დამატებითი მეცადინეობის საფასურის გადახდა.
კენგოს მამამ გადაწყვიტა, რომ თუ შვილიშვილი სკოლას კარგად დაამთავრბს და უმაღლეს განათლებას მიიღებს, მომავალში ფარმაცევტული კომპანიის ხელმძღვანელად დანიშნავდა. კენგო ამ იდეით იყო შთაგონებული და გადაწყვიტა შვილის განათლებისთვის თავად მიეხედა.
აქ კაცს სიურპრიზი ელოდა – რიოტას ცოდნა არ არ ჰყოფნიდა, ამიტომ მამამ გადაწყვიტა ყურადღება რეჟიმსა და დისციპლინაზე გადაეტანა. რიოტას ცხოვრება ძალიან შეიცვალა – ახლა ბიჭი იძულებული იყო, დილის ხუთ საათზე ამდგარიყო და ღამის 2 საათამდე ემეცადინა.
”ვფიქრობ, მას იგივე გავუკეთე, რაც მე გამიკეთეს”, – თქვა კენგომ მოგვიანებით სასამართლოში. მან ცოლს არ მისცა საშუალება რიოტას აღზრდაში ჩარეულიყო – ქალის თქმით, მას “არ ჰქონდა ჩარევის უფლება”, რადგან ის არ სწავლობდა კერძო სკოლაში და არ ესმოდა, ეს რა იყო. უფრო მეტიც, როცა მამა-შვილი მეცადინეობდა, მას ოთახში შესვლა ეკრძალებოდათ, ზოგჯერ იძულებული იყო სახლიდანაც
გასულიყო.
დაძაბულობა
სახლში მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. კენგოს ცოლს არაერთხელ გაუგონია, როგორ უყვირდა ქმარი შვილს და “იდიოტს” ეძახდა. “შვილის შეურაცხყოფა განათლების სახელით ნორმა იყო კენგოსთვის”, – იხსენებდა ის.
რიოტას შფოთვები დაეწყო, არ ეძინა და წონაში დაიკლო. ერთ დღეს, 2016 წლის 13 აგვისტოს, ქალმა შვილის თავზე უცნაური იარა შეამჩნია – თითქოს თმა ერთ ადგილას ამოგლეჯილი იყო. ბიჭის თქმით, ეს მამამისმა გააკეთა. ბავშვზე ძალადობა რომ არ გაგრძელებულიყო, ქალმა განქორწინება გადაწყვიტა და რიოტას უთხრა, რომ დაუყოვნებლივ წასულიყვნენ ერთად.
რიოტამ უარი თქვა. “მინდა, რომ დედა და მამა ერთად იყვნენ, ამიტომ არ მინდა წასვლა. გთხოვ, დავიცადოთ აგვისტოს ბოლომდე”,- ეუბნებოდა შვილი. ამ დროისთვის გამოცდები დაწყებული იქნებოდა. ბიჭი დარწმუნებული იყო, რომ თუ წარმატებას მიაღწევდა, მამასთან ურთიერთობა მაშინვე გაუმჯობესდებოდა.
მაგრამ სასწაული არ მომხდარა – კენგო მაინც უყვიროდა შვილს და სახლიდან გაგდებით ემუქრებოდა. 19 აგვისტოს მამაკაცმა შვილი მანქანით სასეირნოდ წაიყვანა. მისი გეგმა მარტივი იყო – მას სურდა რიოტა მანქანაში ჩაეკეტა, რომ არაფერს შეეშალა ხელი სწავლაში და ცოლი შვილის “აღზრდაში” არ ჩარეულიყო
ბიჭი ტიროდა და ტესტში კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობდა. კენგო სულ უფრო ბრაზდებოდა – ეჩვენებოდა, რომ მისი შვილი საკმარისად არ ცდილობდა. უეცრად, რიოტას ფეხში დანა ჩაარტყა: „მე გითხარი, რომ დაგჭრიდი, თუ არ ისწავლი“. ბიჭი შეშინებული იყო. შიშისა და ტკივილისგან ტიროდა და აგრძელებდა პასუხების გაცემას.
როცა მამა-შვილი სახლში დაბრუნდა, ბავშვს დაძინების უფლება არ მისცეს. რიოტა მეორე დღემდე მეცადიმეობდა და მამას წყალის არ შეუთავაზებია. ჭრილობა ფეხში ღრმა არ იყო და სისხლდენა სწრაფად შეწყდა. კენგოს არაფერი უთქვამს ცოლისთვის.
2016 წლის 21 აგვისტოს დილით, რიოტამ დროულად ვერ გაიღვიძა – ბიჭის სხეული გადაქანცული იყო. დილის შვიდზე ადგა და საუზმისთვის დაჯდა. იმ დროისთვის კენგო უკვე გაბრაზებული იყო – ბავშვმა არა მარტო დააგვიანა, ჭამასაც არც ჩქარობდა.
კაცმა ჭამის დამთავრების საშუალება არ მისცა ბიჭს – მაგიდიდან გაიყვანა და ოთახში შეათრია. ბიჭმა პირველად სცადა წინააღმდეგობის გაწევა, საპასუხოდ რაღაც თქვა – ამან კენგო კიდევ უფრო გააცოფა. გადაწყვიტა, რომ ბიჭი ძალიან „გამომწვევად“ იქცეოდა, აიღო საკანცელარიო დანა და ბავშვს მუქარა დაუწყო.
შემდეგ გადაწყვიტა, რომ საკანცელარიო დანა ძალიან პატარა იყო და ის ჩვეულებრივი სამზარეულოს დანით ჩაანაცვლა. მან დანა ბავშვს მკერდზე დააჭირა.
ამის შემდეგ კენგოს მეხსიერება ბუნდოვანია. მამაკაცს მხოლოდ ის ახსოვს, რომ ნიჟარასთან იდგა და ხელებს იბანდა, ხოლო როცა შემობრუნდა, დაინახა „ადამიანის სილუეტი, რომლის მკერდიდან რაღაც მუქი იღვრებოდა“. გონს რომ მოვიდა, კენგომ გამოიძახა სასწრაფო დახმარება, მაგრამ რიოტას ვეღარ მოუსწრეს – ბიჭი ძლიერი სისხლდენისგან გარდაიცვალა.