ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ქუთაისში. უხვი ნალექის შედეგად, დაიტბორა ქალაქის ქუჩები. კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ოღასკურა, რამაც სრულად დატბორა ბუხაიძის ქუჩა. ადგილობრივების თქმით, დაზიანდა ავტომობილები, დაიტბორა კორპუსის სარდაფები, სახლებისა და მაღაზიების პირველი სართულები.
ქალაქში, რამდენიმე საათის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა. წვიმამ მსგავსი პრობლემები შექმნა იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში.