მეთვრამეტე საუკუნეში აგებული – „ტრევის შადრევანი“ საუკეთესო ინვესტიცია აღმოჩნდა რომაელებისთვის და რომაული ტურიზმისთვის. ქალაქის ღირსშესანიშნაობა ყოველწლიურად მილიონობით ტურისტისთვის დანიშნულების მთავარი წერტილი და ხშირად რომში მოგზაურობის მიზეზია.
მეთვრამეტე საუკუნის სანახაობრივი ძეგლის წყალში ყოველწლიურად ერთ მილიონ ევროზე მეტი გროვდება. არსებობს არაერთი ვარაუდი თუ სად მიდის და რას ხმარდება ეს თანხა? თუმცა ამაზე ერთი და ზუსტი პასუხი არსებობს – შადრევნიდან შეგროვებული თანხა საქველმოქმედო საქმიანობაში იხარჯება.
ყოველდღიურად ტრევის შადრევანში მნახველები ჯამურად €3,000-ს ყრიან, ყოველწლიურად კი ეს თანხა ზოგჯერ რეკორდულ €1.5 მილიონსაც აღწევს. საინტერესოა მონეტების შეგროვების პროცესიც. მონეტების შესაგროვებლად ქალაქი წელიწადში რამდენჯერმე სპეციალურად შექმნილ ჯგუფს გზავნის. მონეტები ჯერ ერთი კონკრეტული წერტილიდან გროვდება, შემდეგ კი, შლანგის საშუალებით, წყლიდან ამოაქვთ. მეტი გამჭვირვალობისთვის და უსაფრთხოებისთვის პროცესს პოლიციელებიც აკვირდებიან.
შადრევნიდან შეგროვებული თანხა, რომ ადგილობრივ საქველმოქმედო ფონდს უნდა გადაეცეს – ეს გადაწყვეტილება ქალაქის მერიამ ჯერ კიდევ 2001 წელს მიიღო. აღნიშნულს წინ უძღოდა შადრევნიდან მონეტების მოპარვის არაერთი ფაქტი.
ტრევის შადრევნიდან შეგროვებული თანხა ყოველწლიურად რომის კათოლიკურ საქველმოქმედო ორგანიზაცია Caritas-ში იგზავნება. ეს თანხა, უკვე წლებია საქველმოქმედო ფონდისთვის დაფინანსების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს და ახლა უკვე მისი ყოველწლიური ბიუჯეტის 15%-ს შეადგენს. ორგანიზაცია კი მიღებული თანხით უფასო სასადილოებს, უსახლკაროთა თავშესაფრებს ეხმარება. შადრევანში შეგროვებული მონეტების ნაწილი რომის გარეუბანში მდებარე კომპლექსის მოვლასაც ხმარდება. კომპლექსში მოხუცებულთა თავშესაფარი, სასადილო და სტომატოლოგიური კლინიკა მდებარეობს, ეს ინფრასტრუქტურა კი სიღარიბეში მცხოვრების მოსახლეობისთვისაა ხელმისაწვდომი