როგორ იშორებს შეუფერებელ თაყვანისმცემლებს მზია გეწაძე
ასაკი: 54 წლის.
განათლება: დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (საგუნდო-სადირიჟორო მიმართულება).
ამჟამინდელი საქმიანობა: არის მომღერალი, თუმცა, როგორც გვითხრა, ასაკის გამო, სამუშაოდ არც ერთ რესტორანში არ მიიღეს. მონაწილეობს სერიალში – “ჩემი ცოლის დაქალები”.
ცხოვრების დევიზი: “ყველას ჯინაზე, მაგრად უნდა ვიყო!”
– როცა სარკეში იყურებით, ვის ხედავთ?
– საკმაოდ სიმპათიურ, კეთილთვალება, ცოტათი ნაღვლიან ქალბატონს (იღიმის).
– როგორ ფიქრობთ, უკეთესი მსახიობი ხართ თუ მომღერალი?
– ორივე ერთნაირად. უბრალოდ, მე მხოლოდ ერთ “ხაზს” გავყევი, თორემ მსახიობობის ნიჭი რომ მქონდა, ბავშვობიდანვე ვიცოდი. სულ ფილმში თამაშზე ვოცნებობდი, მაგრამ ამას ჩემს ოჯახში ვერ გავაჟღერებდი, რადგან ცოტათი კონსერვატორული აზროვნება ჰქონდათ – ქალს სცენაზე რა უნდა, ქალი ფილმში ვიღაცას ეხვევა და კოცნისო… ეს მათთვის მიუღებელი იყო. იმის გამო, რომ სიმღერა მიყვარდა და ამის ნიჭი მქონდა, ეს იყო ასე ვთქვათ, “შემოვლითი გზა” – მაინც სცენაზე ვიქნებოდი… უბრალოდ, თეატრალურ უნივერსიტეტში არ მისწავლია, პროფესიული ჩვევები არ მაქვს – გადასაღებ მოედანზე რეჟისორი მიხსნის, რა როგორ გავაკეთო და იქვე ვაკეთებ. წარმოიდგინეთ, “ჩემი ცოლის დაქალების” გუშინდელი ეპიზოდი პირველ მცდელობაზევე გადავიღეთ
თქვენი დღის რეჟიმი როგორია?
– ამჟამად განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. რაც იანვარი დაიწყო, ფაქტობრივად, ქეიფს მოვუნდი: ხან რომელ სუფრასთან ვარ, ხან – რომელთან. უკვე მეშინია, წონა არ “გამექცეს” (იცინის). იანვარში ბევრი დღესასწაულია. პლუს, დაბადების დღე მაქვს…
– პოპულარობას როგორი “გემო” აქვს?
– ტკბილ-მწარე: წარმოიდგინეთ, ბედნიერი ხარ, რომ უამრავ ხალხს უყვარხარ, მაგრამ ასევე, არიან ადამიანები, ვინც სოციალურ ქსელებში ცუდ კომენტარებს გიწერენ, არ მოსწონხართ… ამას წინათ “ტიკტოკზე” ჩემ მიერ შესრულებული სიმღერის ვიდეო ავტვირთე. ვიღაცამ დამიწერა, – ვაიმე, როგორ ვერ გიტანო!.. შე დალოცვილო, თუ ვერ მიტან, რატომ უსმენ ჩემს სიმღერას?! ჩემ მიერ შესრულებული ინგლისურენოვანი სიმღერა – 4 Non Blondes-is What’s Up რომ გამოვაქვეყნე, უამრავი “ნახვა” დააგროვა. რა თქმა უნდა, რაღაც-რაღაცების დაწუნებას თავი დაანებეს და ჩემს ინგლისურ აქცენტზე გადავიდნენ… მოკლედ, თუ ადამიანს ნაკლის მოძებნა უნდა, აუცილებლად გიპოვის.
– ბოლოს რის გამო იტირეთ?
– საერთოდ, ძალიან გულჩვილი ვარ. ფილმის ყურების დროსაც კი ვტირი. ბოლოს რაღაც მელოდრამის ყურებისას ვიტირე…
თქვენს საყვარელ ფილმში, რომელ მსახიობს ჩაანაცვლებდით სიამოვნებით?
– მგონი – ვერავის. ახლა გადასაღებ მოედანზე რომ მოვსინჯე ძალა, მივხვდი, სხვა რაღაცების კეთებაც შემიძლია. ეს ჩემთვის პირველი როლია, მაგრამ პოტენციალი ვიგრძენი – მსახიობური ნიჭი იღვიძებს ჩემში. სხვათა შორის, თბილისში რომ ვცხოვრობდე, თეატრალურ უნივერსიტეტში თავისუფალ მსმენელად ვივლიდი და რაღაცებს ვისწავლიდი, თუმცა გადაღებებზე, თავად ჩვენი ჯგუფის მსახიობებისგან ბევრს ვსწავლობ. ვაკვირდები, რას როგორ აკეთებენ, რეჟისორის შენიშვნებს ვითვალისწინებ. პრაქტიკა უმნიშვნელოვანესი ყოფილა. თუ ასეთ სიტუაციაში არ მოხვდი, ვერ გაიგებ, მსახიობობა შეგიძლია თუ არა. მადლობა ღმერთს, ამ სიტუაციაში მოვხვდი და ჩემს თავში ძალა დავინახე, თუ რა შემიძლია კიდევ; მადლობა მას, ვინც ეს ჩემამდე დაინახა – კასტინგზე ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ მიმიყვანა…
– როცა გეფლირტავებიან, როგორი რეაქცია გაქვთ?
– როცა ძალიან ახალგაზრდები მეფლირტავებიან, ეს სასიამოვნო არ არის. შინაგანად, ხასიათით, ქცევითაც ისეთი ვარ, რომ ძალიან ახალგაზრდასაც კარგად გავუგებ, ოღონდ – ჩემი შვილის ტოლი ბიჭისგან ფლირტი ნამდვილად უსიამოვნოა. პირდაპირ ვეუბნები, – შვილო, შენი ტოლი ნახე-მეთქი… 40 წელს ზემოთ მამაკაცი თუ მეფლირტავება, ეს სასიამოვნოა, მისაღებია, ოღონდ – შეურაცხყოფა არ უნდა მომაყენოს, კომპლიმენტი კი ყველა ქალს სიამოვნებს.
– ვინმეთი სერიოზულად გატაცებული თუ ხართ?არა. უკვე ბევრი წელია, სერიოზულად ვინმეთი გატაცებული არ ვყოფილვარ. როცა ერთი ადამიანით სერიოზულად ვიყავი გატაცებული, მან მითხრა, – ბავშვიანი რომ არ იყო, ცოლად მოგიყვანდიო. სხვათა შორის, ძალიან “გამოსული”, თანამედროვე ბიჭი იყო. ვიფიქრე, მან თუ ასე მითხრა, აბა, ჩემებური, ქუთაისელი სერიოზულ ურთიერთობას არც დაიწყებს-მეთქი. მერე, ამაზე ფიქრს თავი დავანებე და ჩემს ოჯახს მივხედე. ფინანსურად ფეხზე წამოვდექი, რადგან ყოველდღე ვმუშაობდი. როცა რესტორანში ყოველდღე მუშაობ, პირადი ცხოვრება აღარ გაქვს. შუაღამისას შინ დაბრუნებული რომ დაიძინებ და ლოგინიდან შუადღისას გამოძვრები, მერე ხომ უნდა მოწესრიგდე, ბავშვს მიხედო, საღამოს სამუშაოდ მოემზადო?.. საერთოდ, იშვიათად, რომ ვინმეს შევხვდე. მაგალითად, ადამიანი რომ მომწერს, ნაწერით ვხვდები, როგორი პიროვნებაა და ჩემ მიმართ როგორაა განწყობილი. რაც პოპულარული გავხდი, უამრავი შემოთავაზება მქონდა. წუხელაც ვიღაც მწერდა, – თბილისში რომ ჩამოხვალთ, დაგხვდებით და გავისეირნოთო. ვუთხარი, – შვილო, რა მესეირნება, 54 წლის ბებია ვარ. მაცადე, 1 თვეში მეორე შვილიშვილი მეყოლება და ფული საიდან მოვიტანო, იმას ვფიქრობ-მეთქი (იცინის)… ცხოვრებამ ბევრი რამე მასწავლა.
თქვენი ცხოვრების მოტივატორი რა არის?
– უპირველეს ყოვლისა, ჩემი შვილი. იმ დღიდან, რაც დედა გავხდი, უზარმაზარ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. ჩემი ცხოვრება ისე უნდა გამევლო, რომ ჩემი ბიჭი ამაყი ყოფილიყო, მას ჩემი სახელი წინ კარგად დახვედროდა. ზოგი მეკითხებოდა, – რატომ მეხმარებიო? – ისე, უბრალოდ-მეთქი, – ვპასუხობდი, მაგრამ როცა ჩამაცივდებოდნენ, ვეუბნებოდი, – ჩემი შვილი რომ გაიზრდება, შენთან მოვა და გეტყვის, მომეხმარეო, გაგახსენდეს, მე შენთვის რა გამიკეთებია და მას უარი არ უთხრა-მეთქი. მაშინ კარგი ჯანმრთელობა არ მქონდა და სულ ვფიქრობდი ან ახლა მოვკვდები, ან ახლა-მეთქი. დეპრესიამ სიკვდილის პირას მიმიყვანა. ექიმი დამეხმარა, თორემ სიმღერა კი არა, ახლა ჩემი ძვლებიც არ იქნებოდა… ახლა, რაც პოპულარული გავხდი და ტელეგადაცემაში ჩემი რთული ცხოვრების, გულისტკივილის შესახებ ვისაუბრე, ლანძღვა დამიწყეს. ჩემი შვილი სოციალურ ქსელებში საერთოდ არ შედის. სამაგიეროდ, დადის ტაძარში, გალობს, ყველა წესს იცავს, რაც ქრისტიანმა უნდა დაიცვას. ხანდახან თავად მიკვირს, ასეთი ბიჭი როგორ გავზარდე?! ზოგი წერს, – ვაიმე, შვილის არ გრცხვენიაო? მე და ჩემმა შვილმა ცხოვრება ერთად გავიარეთ, რისი უნდა მრცხვენოდეს? იმის, რომ ვიღაცას არ მივუგდე და მის გვერდით ვიყავი? არც ერთი ღამე სხვაგან არ გამიტარებია, გარდა იმისა, როცა სამუშაოდ ვიყავი წასული თბილისში, კიევში… რესტორნიდან მოსული მის გვერდით ვიძინებდი. ხანდახან, როცა მაბრაზებდნენ, შვილს ვეუბნებოდი, – დედიკო, თუ ვინმემ რამე გითხრა, შენ ხომ იცი, შვილო, რომ ყოველღამე შენ გვერდით მძინავს-მეთქი? ჩავეხუტებოდით ერთმანეთს და ვიძინებდით…
უსარგებლო ადამიანად თუ გიგრძნიათ თავი?
– არასოდეს, რადგან პირველი, ვისაც ჰაერივით ვჭირდებოდი, ჩემი შვილი იყო: ფაქტობრივად, ჩემ გარდა, 3 წლის ბავშვს არავინ ჰყავდა… ყოველი დღის ბოლოს ვფიქრობ – “აბა, დღეს მე ვის რა ვარგე?” (იღიმის)… სულ მირეკავენ, სულ საჭირო ვარ.
– თქვენი მესაიდუმლე ვინ არის?
– დედა. ჩემ შესახებ მან ყველაფერი იცის. შვილმაც იცის, რა თქმა უნდა, მაგრამ რასაც დედას ეტყვი, იმაზე შვილს ვერ ესაუბრები.
– ზოგი სასცენო ჩაცმულობის გამოც გაკრიტიკებთ. თქვენი გემოვნება როგორ ჩამოყალიბდა?
– ვერ გეტყვით, განსაკუთრებული გემოვნებით გამოვირჩევი-მეთქი. ვიცი, რომ მომღერლების ჩაცმულობაზე დიზაინერები ზრუნავენ. თავად დიზაინერი არ მყავს, მაგრამ ახლობლები, მეგობრები მაძლევენ რჩევებს. ყოფილა შემთხვევა, სხვისი კაბაც მცმია, მაგალითად – ტელევიზიაში სტუმრობისას, მაგრამ შემდეგ, ფინანსურად ცოტათი რომ გავძლიერდი, ახალ-ახალი კაბები ვიყიდე, რისი შესაძლებლობაც მანამდე არ მქონდა. გრძელი, ქალური კაბებიც ძალიან მომწონს, მაგრამ ბავშვური ხასიათი მაქვს და მოკლე კაბაც მიყვარს. ბევრმა დამიწერა – ამ ხნის ქალს რა მოკლე კაბა ჩაუცვამს, ფეხები გადმოუყრიაო… 54 წლის ასაკში, ასეთი ლამაზი ფეხები ყველა ქალს არა აქვს და მაგალითად, მოკლე კაბა რატომ არ უნდა ჩავიცვა?! ვინმე თუ ამას ამორალურად მიიჩნევს, პრობლემა თავად მასში ყოფილა. განწყობის მიხედვით ვიცვამ. თან, სიმღერასაც ხომ უნდა შეესაბამებოდეს, არა? მეტ-ნაკლებად ვუხამებ. ამ საკითხში სრულყოფილი არ ვარ – ვიცი…
– თავის მოვლას ბევრ დროს უთმობთ?
– არა, ძალიან ცოტას. დილით შხაპს ვიღებ, ვისაუზმებ, მოვწესრიგდები… თმას, ფრჩხილებს სალონში ვიწესრიგებ. კოსმეტოლოგთან ნამყოფი არ ვიყავი. შემდეგ, თბილისში მდებარე ერთ-ერთმა ესთეტიკურმა ცენტრმა მიმიწვია, სადაც გარკვეული პროცედურა ჩამიტარეს. ფილერის, ბოტოქსის ინიექციები გაკეთებული არ მაქვს.
– გარშემო მყოფები შენიშვნებს ყველაზე ხშირად, რასთან დაკავშირებით გაძლევენ?
– უფრო – ჩაცმასთან დაკავშირებით. მე და საბა საფარელი ერთად ხშირად გამოვდივართ. საბა ყოველთვის მირჩევს, როგორი სამოსის ჩაცმა ჯობს გადაღებაზე. რა თქმა უნდა, ახლობელი გოგონები, მომღერლები, რძალი და დედაც მაძლევენ რჩევებს.
– თქვენს ქმედებებს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?
– როცა რამეს ვაკეთებ, მთავარია, ჩემს სინდის-ნამუსთან მართალი ვიყო. ადამიანის მოტყუება არ მიყვარს და არც ის, როცა მატყუებენ. სიმართლეს თუ მეტყვი, გაგიგებ, ტყუილს ვერ ვიტან. მთავარი სწორედ ესაა: როცა რამეს აკეთებ, საკუთარ თავთან პირნათელი უნდა იყო ადამიანი…
ეთო ყორღანაშვილი