პირველ ქმარს ცივილიზებულად დავშორდი. უბრალოდ, ადრეულ ასაკში გავთხოვდი და ოჯახური ცხოვრება ჩემთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. ქმრის სახლი, სადაც თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი, უცხო ოჯახად რჩებოდა, ვერ გავშინაურდი.
თუმცა, ჩემი ქმარი მიყვარდა. სამი წლის თავზე ქმარმა გამომიცხადა, რომ თურმე, არ ვუყვარვარ, სადღაც გაქრა ის გრძნობა და ვნება და მისთვის, უბრალოდ, ცოლი ვარ და არა საყვარელი ადამიანი, ვინც სიამოვნებას ანიჭებს. ბავშვის დაბადების მერე ინტიმური ცხოვრება, ფაქტობრივად, აღარ გვქონდა. უხეშობაც დაიწყო, თუ რამეს ვეტყოდი, ცინიკურად მპასუხობდა, სახლშიც მხოლოდ დასაძინებლად მოდიოდა, მთელი დღე სადარბაზოსთან უბნის ბიჭებთან იჯდა და „ბირჟაობდა“ბავშვის გასეირნებას თუ ვთხოვდი, მიზეზი ჰქონდა: რამე არ დაემართოს მეშინია, ჯობია შენ წაიყვანოო. არც მეგობრის დაბადების დღეზე მივყავდი და არც ნათესავის ქორწილში. ერთი სიტყვით, არაფრად აღარ მთვლიდა. სხვათა შორის, ჩემმა მულმა მითხრა: ასე თუ გააგრძელეთ ურთიერთობა, მალე დაიშლებითო. იმას კი ვერ ამჩნევდა, რომ ყველაფერში დამნაშავე მისი ძმა იყო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, სამი წლის მერე დავშორდით და დავიწყეთ ახალი ცხოვრება – ის უცხოეთში წავიდა, მე კი საყვარელი გავიჩინე, ვის გვერდითაც ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს. მასაც, ზუსტად სამ წელში დავშორდი. ყოფილმა ქმარმა იცოდა ჩემი ამ ურთიერთობის შესახებ და ამის გამო სულ მსაყვედურობდა. რომ მირეკავდა უცხოეთიდან, ბავშვთან რომ უნდოდა ლაპარაკი, სულ მეუბნებოდა: ბიჭი მეზრდება და არ მინდა დედის რცხვენოდეს. იმდენს ნუ იზამ, სახელი
შეილახოო. რა თქმა უნდა, არ ვეკამათებოდი, უბრალოდ, ვუხსნიდი, რომ მე ჩემი ცხოვრება მაქვს და ამ ცხოვრებაში ჩემი შვილი მთავარია. ერთი სიტყვით, საყვარელთან განშორება ძალიან განვიცადე. ასე ქმართან გაშორებაზე არ მინერვიულია. ვიღაც გოგო მოიყვანა ცოლად და მის გამო მიმატოვა. რამდენიმე წლის მერე, გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ხელის გულზე მატარებდა, ყველა სურვილს მისრულებდა და ცდილობდა, ჩემთვის თავი შეეყვარებინა. საკმაოდ შეძლებული იყო, დამოუკიდებელი, საქმიანი, სიმპათიური და მას გავყევი ცოლად. არ მიყვარდა, მაგრამ ვიფიქრე, დრო რომ გავა, შემიყვარდება-მეთქი. მაგრამ მოვტყუვდი. დღემდე ჩემი პირველი ქმარი მიყვარს და მასთან ყოფნაზე ვოცნებობ.
ვხვდები, შეცდომა დავუშვი, მას რომ გავშორდი. ყველაფერი უნდა გამეკეთებინა, რომ მის გვერდით ვყოფილიყავი. ალბათ, მას რომ ჩემთან ყოფნის სურვილი გაუქრა, ჩემი ბრალი იყო. ახალგაზრდა ვიყავი და ბევრი რამ არ ვიცოდი. ის ერთი წელია, დაბრუნდა უცხოეთიდან. იქ ქართველი ემიგრანტი გოგო შეირთო და უკვე ორი შვილი ჰყავს. ჩვენს შვილს არაფერს აკლებს, ყველაფერს უსრულებს, რასაც ბავშვი სთხოვს, მაგრამ ჩემთან კონტაქტი არ უნდა. თუ რაიმე საკითხია ბავშვთან დაკავშირებით გასავლელი, მოკლედ და კონკრეტულად მიჭრის. ჩემი ახლანდელი ქმარი ხვდება, რომ ისევ ის მიყვარს და ამის გამო კამათიც კი მოგვივიდა. მითხრა: ცივად მექცევი, იცოდე, არ ხარ მართალი. იცი, რომ ის აღარ დაბრუნდება და ისე ნუ მოიქცევი, მეც დამკარგო. ხომ იცი მიყვარხარ და ნუღარ მისტირიხარ იმას, რაც აღარ დაბრუნდება შენს ცხოვრებაშიო. რა ვქნა, ვიცი, რა სიტუაციაც არის, მაგრამ გულს რა ვუყო? როგორ არ ვიცი, უკვე ცოლშვილიანი კაცია და მე აღარ დამიბრუნდება, მაგრამ ვერ უარვყოფ იმას, რომ მიყვარს. ალბათ, ჩემთვის პირველი მამაკაცი რომ იყო და თან ბავშვური სიყვარული, ამიტომ ვერ ვიგლეჯ გულიდან. თან, ჩემი შვილის მამაა.
ანი, 36 წლის.