გურამ შეროზია: სანამ შევიდოდი, ხელი მომაწერინეს, თუ რამე მოხდებოდა, თავად ვიღებდი პასუხისმგებლობას

გურამ შეროზია ის ადამიანია, ვისი ოცნებებიც რეალობად იქცა. ბავშვობაში მეოცნებე ბიჭმა მიზანი დაისახა, ბევრი იშრომა, ყველაფერი გააკეთა, რომ სურვილები აეხდინა, საკუთარი ბიზნესიც ააწყო, უამრავ ქვეყანაში იმოგზაურა, საოცარი შთაბეჭდილებები დააგროვა და კიდევ ბევრი სანახავი დარჩა, რასაც სამომავლოდ გეგმავს.

გურამ შეროზია: ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ოცნება მოგზაურობა იყო. სკოლაში ყველა საგანს კარგად ვსწავლობდი, განსაკუთრებით კი გეოგრაფიას და ისტორიას – ჩემთვის პრიორიტეტული მოგზაურობასთან ასოცირებული საგნები იყო. ვმონაწილეობდი სასკოლო ტურებში და გეოგრაფიის მასწავლებელი დიდ იმედებს ამყარებდა ჩემზე, მეუბნებოდა: რასაც წიგნში კითხულობ და ნახატზე უყურებ, რომ გაიზრდები, აუცილებლად უნდა ნახო შენი თვალითო. მეც ვოცნებობდი, რასაც ვკითხულობდი და რომელ ქვეყნებსაც რუკაზე ვხედავდი, ჩემი თვალით მენახა რეალობაში.

– პირველი შენი გასვლა სად იყო და თუ გახსოვს ის ემოცია?

რა დამავიწყებს (იცინის). პირველი ემოცია ცოტა უცნაური იყო. სტუდენტობის პერიოდში, ფული რომ არ მქონდა, ვავსებდი აპლიკაციებს საგრანტო კონკურსებზე, სადაც უნდა მომეპოვებინა დაფინანსება და მიმეღო განათლების ნაწილი საზღვარგარეთ, ტრენინგებზე დასწრებით. პირველი, სადაც გავიმარჯვე და დამიფინანსდა, იყო ყირგიზეთი. წარმოდგენა ხომ ასეთი გვქონდა მაშინ, რომ საქართველოს გარეთ ყველგან საოცრება და სამოთხეა და ბიშკეკში რომ ჩავედი და გავაცნობიერე – ჩემი ქვეყანა ბევრად ჯობს ყირგიზეთს, მივხვდი, თურმე, ჩვენ არც თუ ისეთ ცუდ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ვინც მიცნობს, იცის, რომ ძალიან მიყვარს საქართველო და ძალიან კარგი სამოგზაურო ლოკაციაა, მაგრამ მაშინ მეგონა, ყველგან კარგია, სადაც ჩვენ არ ვართ. ყირგიზეთის მერე თურქეთში ვიყავი და მერე ნელ-ნელა ვაფართოებდი და ვაღრმავებდი ლოკაციებს. რაც შეეხება ჩემს პირველ გასვლას ევროპაში, პოლონეთმა დამიფინანსა კონფერენცია, ჯერ ჩავედი პრაღაში და შემდეგ გადავედი პოლონეთში და მახსოვს, აღფრთოვანებული და ბედნიერი ვიყავი, იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა პრაღის ხილვა. მოკლედ, ბიუჯეტური მოგზაურო ვიყავი, ჰოსტელებში ვრჩებოდი, ფეხით დავხეტიალობდი ბევრს… მაგრამ ესეც ძალიან დიდი ბედნიერება იყო. მოგზაურობის დროს, არ არის მთავარი, რამდენი ფული გიდევს ჯიბეში, მთავარია, ტვინი გაანძრიო და მიხვდე, უფულოდაც ბევრი საინტერესო შეგრძნების მოპოვება შეგიძლია.

რამდენი წელია, ამ შეგრძნებებს და შთაბეჭდილებებს აგროვებ?

– დაახლოებით, 12-13 წელია, რაც აქტიურად ვმოგზაურობ და ძალიან ბედნიერი ვარ, ამ ჩემი აქტიური სამოგზაურო ცხოვრებით. მოგვიანებით, პროფესიულადაც დავუკავშირდი მოგზაურობას, მომინდა ჩემი სამსახური, მოგზაურობა და შემოსავლის წყარო გამეერთიანებინა. შესაბამისად, ახლა მაქვს სამოგზაურო კომპანია, რომელიც აგროვებს ჯგუფებს და დაგვყავს ძალიან საინტერესო ლოკაციებზე. ფაქტობრივად, თან თანხას გამოვიმუშავებ, თან ვაგროვებ ბევრ ბედნიერ ემოციას, თან კარგ ხალხს ვუმეგობრდები და ყველაფერი ეს გახდა ჩემი ყოველდღიურობა. ასე რომ, წლები მოგზაურობა ჰობი იყო, 6-7 წელია, რაც შემოსავლის წყაროც გახდა.

– ვინც შენს სოციალურ ქსელებს ადევნებს თვალყურს, დამეთანხმება, ამ ზაფხულს, ძალიან საინტერესო, ეგზოტიკური მოგზაურობა გქონდა.

ივლისის მეორე ნახევარში და აგვისტოს თვეში მომიწია ეგზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურობა. პირველი იყო ვიეტნამი, მალაიზია, რომელიც ულამაზესია და იმდმენჯერ ჩავალ იქ, სანამ არ დავიღლები. ახლახან კი ვიმოგზაურე ტანზანიაში, ზანზიბარში, სადაც ველურ ჯუნგლებში გახლდით. სოციალურ ქსელში დავდე კიდეც ფოტო, სადაც წლინახევრის ლომთან ერთად ვარ გადაღებული. სხვათა შორის, სანამ შევიდოდი, ხელი მომაწერინეს, თუ რამე მოხდა, რომელიმე ცხოველთან რაიმე პრობლემა შეგექმნება, ჩვენი ბრალი არ არისო, თავად ვიღებდი პასუხისმგებლობას და რისკებს ჩემს თავზე. ხელის მოწერის დროს, მუხლები მიკანკალებდა. დამიჯერეთ, ინტერესი დიდია, მაგრამ ცუდი შეგრძნებაა, როცა გეუბნებიან, თუ ლომი შეგჭამს, არა უშვს, ჩვენ არ დაგვაბრალოო (იცინის).

– გასაგებია, რომ დაცული ტერიტორიაა, ცხოველები მიჩვეულები არიან ადამიანებთან კონტაქტს, მაგრამ ველური, გარეული ცხოველებისგან თავდასხმის მომენტში, რაც არ არის გამორიცხული, რაიმე თავდაცვის მექანიზმები არ ჰქონდათ?

– ამ დროს მექანიზმია ის, რომ ლომი დაბადებულია ამ პატარა ჯუნგლების უჯრედში. შესაბამისად, არის დაპურებული არ სჭირდება მტაცებლობა იმისთვის, რომ ნადავლი, საჭმელი თავად მოიპოვოს, თან წლინახევრის იყო, ბავშვი და რისკი დაბალია, შეგჭამოს. ეს იმ ლომზე მაქვს საუბარი, რომელთანაც ფოტო მაქვს გადაღებული. ვიდეოც შემეძლო გადამეღო, ლომები რომ მოდიან და მე მოვერეკები უკნიდან, მაგრამ მთლად ამდენიც ვერ გავრისკე (იცინის). წარმოიდგინეთ, ლომს ეძინა და ჯოხის შეჩხიკინებით აღვიძებდნენ, ვიფიქრე, არ გადაეკეტოს ახლა ამ ლომს და ჩემზე არ იყაროს ჯავრი-მეთქი (იცინის). თუმცა, რომ გააღვიძეს, კი გადავიღე მშვენიერი ფოტო და არც საფრთხე შემქმნია. ეს არის დაცული ტერიტორია, დამეგობრებული არიან ადამიანები, ხელიდან აჭმევენ საკვებს და განსაკუთრებულად უვლიან ლომებს, ჟირაფებს, ზებრებს და ბევრ სხვა ველურ ცხოველს. მოკლედ, ძალიან საყვარელი დაცული ტერიტორიაა.

.

– გურამ, მოგზაურობა მარტო გიყვარს თუ მეგობრებთან ერთად? როგორ უფრო კომფორტულად გრძნობ თავს?

– მოგზაურობაში ჩემთვის არსებობს ოთხი მიმართულება: ერთი ტურიზმი, სადაც ვქმნი ჯგუფებს და მივდივარ ტურისტული მიზნებით, მეორე მიმართულებაა დედასთან ერთად სამოგზაუროდ წასვლა, წელიწადში, მინიუმუმ, ორჯერ და ახლაც, სექტემბერში კვიპროსზე სექტემბერში, მივდივართ, მესამეა მარტო მოგზაურობა, როცა რეალურად ისვენებ და მეოთხე მიმართულებაა მეგობრებთან ერთად. თუმცა, მეგობრების გრაფიკს, თითქმის, ვერასდროს ვემთხვევი, ამიტომ ეს მიმართულება მოგზაურობაში, ნაკლებად მაქვს.

– უამრავ ქვეყანაში ხარ ნამყოფი და თუ დარჩა ქვეყანა, სადაც მოხვედრა გინდა და გეგმავ?

– ასეთი ქვეყანა ცოტა დარჩა, სადაც არ ვყოფილვარ. თუმცა, ერთ-ერთია ავსტრალია და მეორე – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

– თუ გაქვს დათვლილი, სულ რამდენ ქვეყანაში ხარ ნამყოფი?

– როგორ არა, 108 ქვეყანაში ვარ ნამყოფი ანუ ნახევარ მსოფლიოს გადავახტი. სამოცი პროცენტი მსოფლიოს ქვეყნების ნანახი მაქვს და იმ ორმოც პროცენტსაც იმედია, ვნახავ.

– თქვი, ჩემი ტურისტული ჯგუფის წევრებს დავუმეგობრდიო. მათთან დაკავშირებული საინტერესო ამბებიც გექნება მოსაყოლი.

– არ დამავიწყდება, ვიეტნამში ვიყავით და იქ ძალიან გავრცელებულია სერვისი, ცოტა უხამსი, მასაჟი „ბუმ-ბუმ“, რომელიც ნიშნავს, მასაჟს ბედნიერი დასასრულით, მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ (იცინის). რამდენიმე კდემამოსილმა გოგონა-თანამგზავრმა რომ მკითხა, რა შეიძლება, საინტერესო გავაკეთოთო, ვურჩიე, მასაჟ „ბუმ-ბუმზე“ მიდით, ტრადიციული წესით აკეთებენ და ვიეტნამში ჩამოსულმა ეს აუცილებლად უნდა გაიკეთოთ-მეთქი. დამიჯერეს, მივიდნენ, სხვა რამე ეგონათ, სხვა რამე დახვდათ და ამაზე მერე ბევრი ვიცინეთ და გავერთეთ.

– ფაქტობრივად, გამოდის რომ, ცხოვრების ნახევარს ცაში ატარებ…

ფრენას ძალიან კარგად ვიტან. თვითმფრინავი, ფაქტობრივად, მეორე სახლია ჩემთვის. თვეში, მინიმუმ, ორი გასვლა მაქვს ქვეყნიდან და აფრინდება თუ არა, ეგრევე მეძინება. ბოლო პერიოდში, სულ ისეთი ავიაკომპანიებით დავდივარ, რომლებიც კარგ მომსახურების სერვისსა და კვებას უზრუნველყოფენ და თვითმფრინავში ასვლა ისე მიხარია, როგორც ჩემს კომფორტულ და მყუდრო სახლში შესვლა. ერთი სიტყვით, ცაში დიდ დროს ვატარებ და როგორც ამბობენ, წნევის ცვალებადობა ძალიან კარგად მოქმედებს კანზე. თუ დააკვირდებით, ბორტგამცილებლები გვიან ბერდებიან და შესაბამისად, თუ ამას გავითვალისწინებთ, მეც, მოგზაურობების ხარჯზე, სიბერის არ მეშინია, რადგან გვიან დავბერდები (იცინის). ასე რომ, ყველაფერთან ერთად, ეს კიდევ ერთი პლუსი აქვს მოგზაურობას