მიუხედავად იმისა, რომ ტრავმული იყო ჩემთვის ასეთი მეთოდების გამოყენება, გუმანით ვხვდებოდი, რომ დედა მართალი იყო და ამისთვის დღეს მისი მადლობელიც ვარ”
ადამიანს ცხოვრებაში უნდა გაგიმართლოს, რომ ღმერთმა სიმღერის ნიჭი დაგაფერთხოს, ამავე დროს, ძლიერ ქალად გაიზარდო, საკუთარი შრომით ყველაფერს მიაღწიო და ყველაზე დიდი ოცნებაც აისრულო. ამჯერად, ლალი ბურდული უნდა გაგაცნოთ, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ქალი, რომელის ტკბილი ხმა ბევრ თქვენგანს მოსმენილი ექნება. ლალი, თავის იტალიელ მეუღლესთან ერთად, დუეტში ქართულ-იტალიურ სიმღერებს მღერის და ცხოვრების სასიამოვნო რიტმს მიჰყვება. ლალის, თავის მეგზურ დუჩო ლიმბერტიზე, დუეტ “ლალიმბერტსა” და ცხოვრების საინტერესო პერიოდზე ვესაუბრეთ.
ლალი ბურდული:
– ჩემი ბოლო სამსახური თბილისის კომკავშირის საქალაქო კომიტეტის მდივნის თანამდებობა იყო, კულტურისა და განათლების სფეროს ვკურირებდი. განათლებით ეკონომ-გეოგრაფი ვარ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე, საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის კათედრაზე ვსწავლობდი, ძალიან საინტერესო სპეციალობა შევარჩიე. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა მასწავლებლად დავიწყე, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტდამთავრებული ვიყავი და ყველას ეგონა, სამეცნიერო კუთხით გავაგრძელებდი შრომას, მოვინდომე, მასწავლებელი გავმხდარიყავი, რადგან, როდესაც პედაგოგიკური პრაქტიკა გავიარე, ჩემმა ხელმძღვანელმა მითხრა, რომ მე მის 20-წლიან გამოცდილებაში მოვლენა აღმოვჩნდი. დარწმუნებული იყო, ჩემგან კარგი პედაგოგი დადგებოდა. ეს რომ გავიგე, დავფიქრდი, სტერეოტიპები დავარღვიე, მეცნიერებას ჩამოვშორდი და პედაგოგი გავხდი. არ ვარ რევოლუციონერი ადამიანი, პატარა გოგონა ვიყავი, რომელმაც იფიქრა, რომ პრაქტიკის ხელმძღვანელმა უკეთ დაინახა მისი შესაძლებლობები და… მეც პედაგოგიკის გზა ავირჩიე. მომწონდა კლასში ბავშვებთან ურთიერთობა.
მოდი, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ თქვენს საინტერესო ცხოვრებას. პირველი ნაბიჯი ბავშვობის გახსენება იყოს….
– ვაჟა-ფშაველას 2 ნომერში დავიბადე, საქართველოში არაჩვეულებრივი ბავშვობა გავატარე, ჩემი სამშობლო ძალიან მიყვარს და, თუ არა რაღაც, განსაკუთრებული პირობები, საქართველოს არასდროს დავტოვებდი. მე ის ადამიანი ვარ, რომელიც საქართველოში დაიბადა და იქ უნდა დაასრულოს ცხოვრება. არ არის გამორიცხული, რომ დავბრუნდე.
– სანამ იტალიაზე ვისაუბრებთ, მოგვიყევით, როგორ აღმოჩნდა პატარა გოგო მეცნიერებაში?
– მეცნიერებას არ გავყევი, თუმცა ამ სფეროსადმი ნამდვილად მქონდა მოწოდება. უნივერსიტეტში ჩემზე ორი წლით დიდი კოლეგა მყავდა, ცნობილი ნიჭიერი გეოგრაფი, გია ჭანტურია. მას უნდოდა პედაგოგი გავმხდარიყავი. მან და ჩემმა დიდმა სურვილმა მეცნიერებიდან მასწავლებლობამდე მომიყვანა. ადამიანებთან მუშაობის ჩემი უნარი შეამჩნიეს და დამაწინაურეს – ჯერ გლდანის 115-ე სკოლაში გათავისუფლებულ მდივნად ამირჩიეს, შემდეგ გავხდი რაიკომის მდივანი, მალევე – მეორე მდივანი. ეტყობა, კარგად ვაკეთებდი ჩემს საქმეს და, მეორე მდივანი, საქალაქო კომიტეტში გადამიყვანეს. ეს იყო ჩემი ბოლო სამსახური. ისტორიაში ჩავიწერე, როგორც თბილისის საქალაქო კომიტეტის ბოლო ქალი მდივანი.
15 წლის ასაკიდან მინდოდა შვილები მყოლოდა, შეგნებულად მინდოდა, დედა გავმხდარიყავი. 19 წლის ასაკში გავთხოვდი. ჩემი ცხოვრების განმავლობაში 15 ორსულობა მქონდა, 5 მშობიარობა და მხოლოდ 2 შვილი მყავს. უმცროსი ბიჭი ბავშვთა ცერებრალური დამბლით დაიბადა, ორი წლის ასაკში კი დიაბეტიც დაემართა. ჩემი შვილის დაბადების შემდეგ აღარ მიმუშავია. შვილები ახლა დიდები არიან. უმცროსი, კოტე 4 წლის იყო, როდესაც იტალიაში დედა მოვინახულეთ, 30 წელია, იტალიაში ცხოვრობს. პირველ ჩამოსვლაზე დუჩო გავიცანი, საოცარი ადამიანი, რას ვიფიქრებდი, რომ მომავალში ჩემი მეუღლე გახდებოდა. დუჩო დაგვეხმარა, კოტესთვის შაქრის გასაზომი აპარატის და სათანადო ჩხირების შეძენაში. ამ პატარა მიზეზმა ერთმანეთი გაგვაცნო და დაგვამეგობრა. მაშინ საქართველოში ჩხირები არ იყიდებოდა და დიდი ფუფუნება იყო მისი შეძენა, მიუხედავად იმისა, რომ მინიმალური კონტროლის საშუალება და აუცილებელი სამედიცინო ზრუნვა დიაბეტიანი ბავშვების ასოციაციის წყალობით მაინც გვქონდა. კოტეს, ცერებრალური დამბლის გამო, სისხლში შაქრის დონის დაწევისას, ტვინის შიმშილი უფრო მკვეთრად უვლინდებოდა ხოლმე, ამიტომ კონტროლისთვის მეტი რაოდენობის გლიკომეტრის ჩხირები გვჭირდებოდა. რთული დრო იყო, კოტესთვის ვიბრძოდით, მას სიარულიც არ შეეძლო. ჩემს შვილს, ექიმთან მისვლამდე, დიაგნოზიც მე დავუსვი, მისთვის ბევრი რამ ვისწავლე.
დედაჩემის დამსახურებაა, რომ ასეთი ხასიათი ჩამომიყალიბდა, ამდენს გავუძელი და ამდენი შევძელი. მომთხოვნი და მკაცრი ქალი იყო, თუ სკოლაში რამდენიმე მაგალითს მომცემდნენ, დედა დამსვამდა და მთელ თავს მაკეთებინებდა ხოლმე. თვითონ მიხსნიდა ყველა გაუგებარ საკითხს. ერთი-ორჯერ მოხდა, რომ დედამ ამოცანა ვერ ამოხსნა და ორივეჯერ აღმოჩნდა, რომ წიგნში სტამბური შეცდომა გაპარვიათ. ოჯახში ტელევიზორიც არ გვქონდა. სანამ სკოლა არ დავამთავრე, დედამ ტელევიზორი არ იყიდა. დამჯერი, დინჯი ბავშვი ვიყავი, არ დავპირისპირებივარ მას. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმული იყო ჩემთვის ასეთი მეთოდების გამოყენება, გუმანით ვხვდებოდი, რომ დედა მართალი იყო და ამისთვის დღეს მისი მადლობელიც ვარ. მამას ხასიათი მაქვს, ხოლო დედისგან მკვლევრის და მეცნიერის თვისებები გამომყვა. დღე არ გადის სწავლისა და შემეცნების გარეშე, ყოველდღიური საქმიანობის გარდა.
– როგორც აღნიშნეთ, დედასთან ჩახვედით, შემდეგ რა მოხდა?
– დედასთან პირველი ჩასვლისას მან ერთხელ დუჩოს ოფისში მიგვიყვანა. დუჩომ საუბარი ფრანგულად დამიწყო, მერე ინგლისურზე გადავიდა, რადგან სასაუბრო ინგლისური უფრო მეხერხებოდა. ვისაუბრეთ და შემდეგ დახმარებაც გაგვიწია. დედას უკვე მოყოლილი ჰქონდა, რომ ეს ახალგაზრდა, ნიჭიერი ყმაწვილი უსინათლო იყო. ისინი უკვე რამდენიმე წელი იცნობდნენ ერთმანეთს. დუჩოს ძალიან უნდოდა რუსულის სწავლა და ამაში დედაჩემი ეხმარებოდა. დღესაც ისინი კარგი მეგობრები არიან.
– თქვენი და იტალიის პირველი შეხვედრა გახსოვთ? როგორი იყო ნაცრისფერი საბჭოთა საქართველოდან იტალიაში მოხვედრა?
როდესაც საქალაქო კომიტეტის მდივანი ვიყავი, სტუდენტ-მოსწავლეთა ორი დელეგაციიდან ერთ-ერთის ხემძღვანელობა შემომთავაზეს – პალერმოს ან ფრანკფურტის ჯგუფი უნდა ამერჩია. მახსოვს, პალერმო ვიუარე, ვიფიქრე, იტალიაში, მაფიოზების ქვეყანაში, რა მინდა-მეთქი. “ცივილიზებული” გერმანია ვარჩიე! იტალიური ფილმების შემყურეს, ცოტა მეშინოდა კიდეც ამ ქვეყნის, თუმცა წლების შემდეგ რომ ჩავედი, გავოგნდი – პალერმო ხომ საუცხოო სილამაზისა და დიდი ისტორიის მქონე ქალაქია! უკვე 21 წელია, იტალიაში ვცხოვრობ და გახსენებისას, მრცხვენია იმ ლალის, რომელიც ასე პრიმიტიულად ფიქრობდა იტალიაზე. ფილმში ნანახი იტალია და ამ ქვეყანის ცხადში სტუმრობა სულ სხვა რამეა. მე, როგორც ყველა საბჭოთა კავშირში დაბადებულ ადამიანს, მიყვარდა იტალია, მათი სიმღერები, ისტორია, იტალიური ოპერა. დუჩოსთან ერთად კი ნამდვილი იტალიური მუსიკის, ისტორიის შესწავლა შევძელი, იტალიის ნამდვილი კინემატოგრაფია გავიცანი და კიდევ უკეთ დავაფასე და შევიყვარე ეს ქვეყანა. სხვათა შორის, გასაკვირია, თუ როგორ “უყურებს” დუჩო ფილმებს – ის ხომ მათ მხოლოდ უსმენს. ჩვენ თვალებით ვცნობთ პერსონაჟებს და გვიყვარს ისინი, დუჩო კი თავის საყვარელ პერსონაჟს ხმით ცნობს ხოლმე: თავად მსახიობის ან მისი გამხმოვანებლის ხმა არასოდეს ავიწყდება.
– ხშირად ახსენებთ დუჩოს, როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე?
– ვინ წარმოიდგენდა გაცნობისას, რომ ჩემი მეუღლე უნდა გამხდარიყო, მხოლოდ წლების შემდეგ დაიბადა სიყვარული. არც მეგონა, რომ მეუღლე მეგობარი უნდა ყოფილიყო. პირველივე დანახვაზე ღრმა კვალი დატოვა ჩემში დუჩომ, სულაც არ ტოვებდა უსინათლო ადამიანის შთაბეჭდილებას. ის ბრწყინვალე, ბრძენი, კეთილი და უზომოდ ნიჭიერი ადამიანია. დუჩო აისბერგი აღმოჩნდა ჩემთვის, რაც გარედან არის, ორი იმდენი ნიჭი და სიკეთე ჩვენს თვალს მიღმა არის დამალული. ეს ადამიანი ყოველდღიური სიურპრიზია და – დიდი სიკეთის მატარებელი. რადგან მე თავად “თავისებური” ბავშვის დედა ვარ, ამიტომ დავინახე დუჩო სხვანაირად, შეიძლება ითქვას – “დედის თვალით”. ვიცი, ჩემი შვილი როგორი ღრმა და ბრწყინვალე ადამიანია, თუმცა პირველი დანახვით საზოგადოების პარამეტრებში შეიძლება ვერ ჩაჯდეს. ასეა დუჩოც. დუჩო ჩემთვის მესამე ქორწინებაა. დიდხანს მატარა
ბედმა, სანამ დუჩოს შემახვედრა.
– როგორც ვიცი, დუჩო მოინათლა და მართლმადიდებელი გახდა…
– რუსული ეკლესია ნებას რთავს შერეულ ჯვრისწერას და ჯვარი ფლორენციის რუსულ ეკლესიაში დავიწერეთ. დუჩომ თვითონ მოინდომა მართლმადიდებლობის გზას გაჰყოლოდა, რადგან ყოველთვის ჰქონდა სიყვარული უფლის მიმართ. როდესაც ჩვენ გავუმხილეთ ერთმანეთს სიყვარული, დუჩომ მითხრა, რომ ქორწინება, როგორც ასეთი, არ სურდა, შემდეგ გაიგო, რომ მე მორწმუნე ვიყავი და ჩემთვის ქორწინების გარეშე ცხოვრება ცოდვის ტოლფასი იყო. მაშინ ჯვრის დაწერა შემომთავაზა. თავიდან მე უარი ვუთხარი რადგან მინდოდა, რომ ქორწინების სურვილი მისი პირადი არჩევანი ყოფილიყო. ერთად ყოფნის 2 თვის თავზე დუჩომ ძალიან ლამაზად მთხოვა ხელი. მეყვავილე სახლში 3 წითელი ვარდით მოვიდა, სადაც წერილი იდო და მასში ცოლად გაყოლის თხოვნა ეწერა. მაშინ დუჩოს წინადადებას დავთანხმდი. ასე თქვა, რომ ჩვენ სიცოცხლეში არც ერთმა მიზეზმა არ უნდა განგვაშოროს და როდესაც აღარ ვიქნებით, იქაც ერთად ყოფნა უნდა შევძლოთ. რადგან ქართული ეკლესია დაარსებიდან უფრო დიდ ხანს ითვლის, მინდა, ქართველ ნათლიას და ქართველ მოძღვარს დავუჯერო, და მართლმადიდებლად მოვინათლოო.
– გაგვაცანით თქვენი შვილებიც, ორი ვაჟი გყავთ…
– ჩემი უფროსი ვაჟი – ლადო დაქორწინებულია, ფლორენციაში ცხოვრობს. ჩვენ – მე, დუჩო და კოტე, ერთად ვცხოვრობთ სახელმწიფო ბინაში, აქ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საკმაოდ ბევრი შეღავათი აქვთ, მათ შორის – ბინაც ეკუთვნით. კოტე თავისებური, საოცარი ბავშვი იყო, მას ბავშვობიდან ვაჩვევდი რეალურ ცხოვრებას. 6 წლის ასაკში კოტე სარეაბილტაციო კურსს გადიოდა, რთული ვარჯიშები უნდა შეესრულებინა, 12 კურსი აქვს გავლილი. ვარჯიშები ისეთი მტკივნეული იყო, რომ დერეფნებში მუდმივად ტირილი ისმოდა. კოტეს ჟან-კლოდ ვან დამის ფილმი – “კიგბოქსერი” უყვარდა. იმ ფილმში მთავარ გმირს მასწავლებელი ავარჯიშებს, წელავს და ამზადებს შეჯიბრისთვის. მოვიფიქრე, რომ შთამეგონებინა კოტე და შემემსუბუქებინა მისთვის ტკივილი. დავპირდი, რომ თუ კარგად ივარჯიშებდა, ვან დამს წერილს მივწერდი და ვაჩვენებდი, თუ როგორი ყოჩაღი იყო ის.
კოტეს ნათესავმა ბიჭმა გაზეთიდან ამოხეული ფურცელი მოგვიტანა, სადაც ვან დამის ოფისის მისამართი ეწერა. არ
ვიცი, სად იპოვა ეს პატარა ფურცელი. მოგვიტანა და გვახარა, რომ შეგვეძლო წერილის გაგზავნა. სულაც არ ვფიქრობდით, რომ ვან დამი გვიპასუხებდა, უბრალოდ, კოტეს საჩვენებლად დავწერე წერილი, ვარჯიშის დროს მას სურათი გადავუღე და თქვენ წარმოიდგინეთ, 2 თვეში პასუხი მოგვივიდა. უცნობმა ადამიანმა კარზე დაგვიკაკუნა და დიდი ყვითელი კონვერტი მოგვაწოდა, შიგნით ვან დამის ხელმოწერილი დიდი ფოტო იდო. კოტესთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო: გაგზავნილ წერილზე პასუხს თავისთავად ელოდა, მე კი გაოგნება არ შევიმჩნიე. სურათი ჩარჩოში ჩავსვით და კედელზე ჩამოვკიდეთ. მერე კოტე ისევ დავაყენეთ ტელევიზორთან ვან დამის სურათის და გაჩერებული კადრის ფონზე, ისევ გადავუღე სურათი, რომელიც მეორე წერილს თან დავურთეთ და ისევ ცნობილ მისამართზე გავაგზავნეთ. გავოცდით, როდესაც რამდენიმე ხანში ისევ მივიღეთ წერილი ვან დამის მეორე ხელმოწერილი ფოტოთი. იმ წერილების შემდეგ კოტეს არც ერთხელ არ უტირია ვარჯიშების დროს, ვან დამის ხათრით ითმენდა ყველაფერს, რადგან იცოდა, რომ საყვარელი მსახიობი თვალყურს ადევნებდა მის ვარჯიშებს.
– ქალბატონო ლალი, ძალიან კარგად მღერით, თქვენს დუეტს ხალხის მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, ახლა როგორ მიდის თქვენი საქმეები?
– ჩვენი ოჯახი, მიუხედავად ჩვენი ასაკისა, ჯერ ახალგაზრდაა, აქედან გამომდინარე – ჩვენი დუეტიც. პირველი ალბომი უკვე გამოვუშვით, მეორეს ვამთავრებთ. მე და დუჩო კომერციული მუსიკოსები არ ვართ, მუსიკა არ არის ჩვენი საზრდოობის წყარო, ამიტომ, საბედნიეროდ, შეგვიძლია ვაკეთოთ ის, რაც გვიყვარს. არც პოპულარობას ვეძებდით, ჩვეულებრივ, ვაკეთებდით ჩვენს საყვარელ საქმეს. პანდემიის და კარანტინის დროს უსაქმურად არ ვმჯდარვართ: დუჩომ 2 წიგნის დაწერა მოახერხა, მე რამდენიმე ონლაინკურსი გავიარე და ბევრ საინტერესო ხელობას დავეუფლე, რომელსაც ჩვენი დუეტის საქმიანობაში მეხმარება.
ჩვენეულმა “კართან მოდგა შემოდგომის” იტალიურმა ვერსიამ მოულოდნელად დიდი პოპულარობა მოიპოვა ინტერნეტსივრცის წყალობით. ბევრმა ქართველმა, განსაკუთრებით – ემიგრანტმა, მოინდომა ამ სიმღერის იტალიურად შესრულება. ბევრი მღერის იმ იტალიელთა ოჯახებში, სადაც ამჟამად იმყოფებიან და მუშაობენ. ყველას, ვინც მოგვმართა, ვუგზავნით სიტყვებსა და მინუს ფონოგრამას. ისიც გადავწყვიტეთ, რომ, როგორც კი შევაგროვებთ ამ სიმღერის შემსრულებლების ვიდეოჩანაწერებს, შევქმნით საერთო, ვირტუალურ გუნდს, რომელიც ერთად შეასრულებს “კართან მოდგა შემოდგომას”.
რამდენიმე დღის წინ კი ერთმა იტალიელმა ქალბატონმა მოგვმართა, რომელმაც ნამდვილად გაგვაოცა. მან გვთხოვა, რომ დავხმარებოდით, დედის მომვლელი ქართველი ქალბატონისთვის, სიყვარულისა და დაფასების ნიშნად სიურპრიზის გასაკეთებლად, გვესწავლებინა მათთვის ამ სიმღერის ქართული ვარიანტი, რასაც ჩვენ დიდი სიამოვნებით ვაკეთებთ.
დუჩო ქართულ ენაზე სიმღერას 2 წელი სწავლობდა, რის შემდეგაც ჩვენ ქართული ალბომის – “იტალია უმღერის საქართველოს” ჩაწერაც დავიწყეთ. ეს ალბომი თავისებურ ხასიათს ატარებს, იგი მთლიანად არის დუჩოს მიერ არანჟირებული, სიუიტა კი – ქართულ პოპულარულ მელოდიებზე თავად შექმნა. ქართველმა მსმენელმა უნდა შეგვინდოს, თუ ბევრი რამ მათვის მოულოდნელიც აღმოჩნდება – ეს ალბომი დუჩო ლიმბერტისეულია, თავიდან ბოლომდე, ჩვენი საერთო კვლევისა და დიდი მასალის შესწავლის შედეგია.
მასში ასახულია სიყვარული და მეგობრობა, რომელიც დუჩოს საქართველოსთან და ქართველ ხალხთან აკავშირებს, რომ არაფერი ვთქვათ ქართულ მუსიკასთან და მუსიკოსებთან, თანამედროვე კომპოზიტორებთან, დათო არჩვაძით დაწყებული, რომელსაც ცალკე დიდ მადლობას ვუხდით.
– ვხედავ, რომ ბედნიერი ხართ, ისეთი აღტაცებით საუბრობთ ოჯახსა და სიმღერაზე. რას ნიშნავს სიმღერა თქვენთვის?
– ჩამოყალიბება მიჭირს, თუ რას ნიშნავს სიმღერა. რაც დავიბადე, სულ სიმღერა მესმის, პაპაჩემი მღეროდა, სხვა ოჯახის წევრებიც მღეროდნენ. ალბათ, ნიჭიც მქონდა, პაპამ მოინდომა მუსიკალური განათლება მიმეღო და პიანინოც მიყიდა. მეუბნებოდნენ, რომ პატარაობიდან ნიჭიერი ვიყავი, მუსიკას ვყვებოდი. 3 წლის ვიყავი, როდესაც სუხიშვილების კონცერტზე, ცეკვის დროს, მამიდას კალთიდან წამოვუხტი და მოცეკვავეებს შევძახე: თქვენს ფეხებს ვენაცვალე-მეთქი. სულ ვცეკვავდი და ვიპრანჭებოდი. თავიდან მესამე მუსიკალურ სკოლაში შემიყვანეს, შემდეგ მე-13 სკოლაში გადავედი და იქ, განსაკუთრებით გუნდის არაჩვეულებრივ ხელმძღვანელთან, მიღებული ცოდნა დღემდე მომყვება.
– ცხოვრების მთავრი ოცნება აისრულეთ?
– შვილების გაჩენა იყო ჩემი ოცნება და დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც ავისრულე. მიზნები და ოცნებები არასდროს მქონდა, ერთი დღით ვისწავლე ცხოვრება. მივხვდი, რომ ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ, როდესაც შვილები გვერდით მყავს. როდესაც დიდ თანამდებობაზე ვმუშაობდი, უფროსი ვაჟი ჩემს გარეშე იზრდებოდა და მივხვდი, შვილებთან ერთად ყველაზე ბედნიერად ვგრძნობ თავს. ჩვენ ერთ გუნდად ვცხოვრობდით და ახლა ჩვენს გუნდს ფატი და დუჩოც შემოემატნენ.
თქვენს ვიდეოებზე მუდამ თბილი კომენტარები მოდის, რას ეტყოდით მათ, ამხელა ემოციისთვის?
– არცერთ კომენტარს არ ვტოვებ უპასუხოდ, სითბოს გარეშე, ზოგჯერ ადამიანებს პირადშიც ვწერ. ყოველთვის მიხარია სხვისი სიხარული, ბავშვივით მიხარია თბილი გრძნობების გაზიარება. ადამიანი ვერ იქნები ბედნიერი, თუ გვერდით ვინმე ცუდად გეყოლება. ჩემს შვილებს ვასწავლიდი, რომ არავის არაფერი ასესხონ, თუ აქვთ – აჩუქონ. თუ საშუალება არ აქვთ, სითბო მაინც უწილადონ. ასე ვიყავი, როდესაც ბევრი მქონდა, ასე ვიყავი, როდესაც არაფერი მქონდა და – დღემდე ასე ვარ, როდესაც ცოტა მეტი მაქვს.
– საქართველოს რამდენად ხშირად სტუმრობთ?
– 18 წლის განმავლობაში ერთხელ ვიყავი. როდესაც ხელსაყრელი ვითარება შეიქმნება, კიდევ ჩამოვალთ.
– ინტერვიუს დასაწყისში ახსენეთ, რომ გინდათ საქართველოში დაასრულოთ სიცოცხლე, როგორ გგონიათ, ოდესმე სამუდამოდ დაბრუნდებით?
– გზანი უფლისანი გამოუცნობია, არ ვიცი, არასდროს ვფიქრობ ასეთ რამეზე. იყოს ნება შენი, უფალო… სადაც წამიყვანს უფალი, იქ ვიქნები. არაფერს ვგეგმავ, არც დამიგეგმავს და მინდა, ყველაფერი დაუგეგმავად მოხდეს. უბრალოდ, ვშრომობ ყოველდღიურად.
– ბოლოს გკითხავთ, რას გეგმავთ მომავალში, როგორც კარიერის ასევე, ზოგადად – გეგმების მხრივ?
– ამჟამად ვამთავრებთ ქართულ ალბომს. “ლალიმბერტი სტუდიო” ქმნის საუნდტრეკს ძალიან საინტერესო რუსული დოკუმენტური ფილმისთვის, რომელსაც, “ბავშვები ზღვარს მიღმა”, ჰქვია. სერგო ფარაჯანოვის 100 წელთან დაკავშირებით, სიმფონიური პოემის შექმნა იგეგმება. ამავდროულად, ჩვენი რამდენიმე ალბომიც კეთდება. როდესაც ქართული ალბომი გამოვა, იტალიის რამდენიმე ქალაქში ვაპირებთ კონცერტების ჩატარებას.
(სპეციალურად საიტისთვის)