ლევან ლევიშვილი უკვე რამდენიმე წელია ისრაელში ცხოვრობს, გასულ წელს მისი ოჯახიც საქართველოდან ისრაელში გადავიდა და ამჟამად ყველანი ქალაქ – ბეერ-შავაში ცხოვრობენ… ლევან ლევიშვილი ონკოლოგიური პაციენტია, მისი ქალაქი ღაზას სექტორიდან 40 კილომეტრშია და ფაქტობრივად, ტერორისტების სამიზნეა, მაგრამ როგორც გვეუბნება, ისრაელში თავს მაინც ძალიან დაცულად გრძნობს და წამოსვლაზე არასოდეს უფიქრია… ლევან ლევიშვილს სასაუბროდ ისრაელში დავუკავშირდით.
– ლევან, რამდენი წელია ისრაელში იმყოფებით?
ისტორიულ სამშობლოში 2014 წელს დავბრუდი, მანამდე საკმაოდ ხშირად ჩამოვდიოდი… 2014 წელს მარტო გადმოვბარგდი, ოჯახი საქართველოში იყო და მე ორივეგან მიწევდა ყოფნა. გასული წლის ივლისში ოჯახიც წამოვიყვანე, ახლა ყველანი ერთად ვცხოვრობთ.
ისრაელში ჯანმრთელობის პრობლემების გამო წახვედით, საქართველოში ჩატარებული კვლევები არასწორი აღმოჩნდა?
– დიახ, დღემდე ონკოლოგიური პაციენტი ვარ… ორი წლის წინ თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნე დამიდგინდა. ჯანმრთელობის პრობლემები საქართველოში ყოფნის დროს შემექმნა და მალევე ისრაელში გადმოვფრინდი… ქართულ კლინიკებში გაკეთებული ანალიზები, კვლევები აქ სანაგვეში გადაყარეს… საქართველოში უამრავი ვერსია თქვეს, კენჭიდან დაიწყეს, ნაწლავების გადახლართვაზეც ჰქონდათ ეჭვი და ბოლოს სიმსივნემდე მივიდნენ. ტომოგრაფიის გადაღება თავად გადავწყვიტე და მან აჩვენა, რომ ონკოლოგიური პაციენტი ვიყავი, სიმსივნე თირკმლის არეში იყო…
ჩემი და ისრაელში დიდ სამეცნიერო ცენტრში მუშაობს. იგი ქალთა ონკოლოგიურ განყოფილებაშია და როგორც კი ჩემს შესახებ გაიგო, მისი გადაწყვეტილებით ისრაელში მივხედეთ ამ ყველაფერს… ნოემბერში რომ ჩამოვედი, 11 დეკემბერს უკვე ოპერაცია გამიკეთეს. მოხდა თირკმლის ნაწილობრივ ამპუტაცია, გასუფთავება, ოპერაციის შემდეგ მკურნალობის კურსი გავიარე, გადასხმები ჩამიტარდა და სულ ახლახან ჩემმა ონკოლოგმა მითხრა, რომ, ფაქტობრივად, ჯანმრთელი ვარ… თუმცა აქ ონკოლოგიურ პაციენტს რომ გეუბნებიან ჯანმრთელი ხარო, ექვსი წელი მაინც კონტროლის ქვეშ რჩები – გარკვეული პერიოდულობით შემოწმება, ექიმთან გასაუბრება, ყველაფრის შეჯამება ხდება. მართალია, უკვე გამოჯანმრთელებული ვარ, მაგრამ ისრაელის მთავრობა მაინც ინვალიდად აღმიქვამს, ისრაელში სიტყვა შშმ პირს არ იყენებენ, შესატყვისი არ აქვთ… ინვალიდობის სტატუსი მაქვს და 41 წლის ასაკიდან პენსიონერი ვარ.
როგორც ისრაელის მოქალაქეს?
– დიახ, ჩემს შემთხვევაში ისრაელის მოქალაქეობის მიღება ჩვენი ებრაული წარმომავლობის მიხედვით მოხდა… ჩემი ახალციხელი ბაბუის ოჯახი ებრაელები იყვნენ. ახლაციხის დიდ და ლამაზ სინაგოგას დღემდე ლევიშვილები, ჩემი ბიძაშვილები უვლიან, პატრონობენ… წინამძღოლი სიმონ ლევიშვილი შარშან გარდაიცვალა, ახლა მისი შვილია წინამძღოლი, ჩვენი ნათესავები არიან…
– ისევ ჩვენს საუბარს რომ დავუბრუნდეთ, კიდევ რას გვეტყოდით ისრაელის სამედიცინო სფეროს შესახებ?
– მამაჩემს 2012 წელს ხორხის სიმსივნე დაუდგინდა და გადაწყვიტა, რომ საქართველოში ემკურნალა. ძალიან გააწვალეს, დასხივებებით ხორხი ჩაუწვეს, ზოგჯერ კლინიკაში მეც მივყვებოდი და მახსოვს, გარემოც კი გვაშინებდა… ახლა, არ ვიცი, იქ რა ხდება, 12 წლის წინანდელ ამბებს გიყვებით, იმჟამად საშინელი უპირობობა იყო… გარკვეული პერიოდის შემდეგ გვითხრეს, რომ მამა გამოჯანმრთელდა, შემდეგ არანაირი კონტროლის ქვეშ არ ყოფილა და ოთხი წლის შემდეგ იგივე სიპტომებით, ისევ იქ აღმოჩნდა. შემდეგ ჩემმა დამ ძალიან მკაცრად გადაწყვიტა მამა სამკურნალოდ ისრეალში წამოსულიყო… 2018 წელს მამაც ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდა, ერთ თვეში საავადმყოფოში დააწვინეს და დღეს ის 80 წლის ასაკში სრულიად გამოჯანმრთელებულია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ მედიცინის მიმართულებით ისრაელი სხვა პლანეტაზეა…
– ახსენეთ, რომ გამომუშავებულ სოციალურ ანაზღაურებას იღებთ, კიდევ რა შეღავათებია?
– სამედიცინო მომსახურება ხომ თითქმის უფასოა და ჩემი ქალაქიდან ბეერ-შევადან თელ ავივში რომ დავდიოდი, სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიები ტრანსპორტირების ფულს მიხდიდნენ… სახელმწიფო დაზღვევაში ვარ გაწევრებული, ცალკე, ინდივიდუალური დაზღვევა არ მაქვს და არც მჭირდება. ძალიან დიდი შეღავათები მაქვს კომუნალურ, სატრანსპორტო, მიწის გადასახადზე (ისრაელში ბინას ყიდულობ თუ არა, მიწის გადასახადს იხდი)… სახელმწიფო მიხდის ბინის ქირის 30%-ს. აქ მცოცავი გადასახადებია და უამრავ საკითხს მოიცავს. შენს მიერ გადახდილ გადასახდს, თვალნათლივ ხედავ სად იხარჯება. ესენია – თავდაცვა, ჯანდაცვა, საპენსიო ფონდი, განათლება და ასე შემდეგ.
როგორ ბინაში ცხოვრობთ?
– ნორმალურ ბინაში ვართ, ნორმალური პირობებია, რა თქმა უნდა, თავშესაფრის ოთახიც გვაქვს… ჩვენთან ახლოს, დაახლოებით, ხუთ კილომეტრში საკმაოდ დიდი ავიაბაზაა. რადგან ამ ბოლო დროს ავიაცია ლიბანსა და სირიაში ძალიან აქტიურად მოძრაობს, ბომბავს “ჰამასის”, ასე ვთქვათ, დამფინანსებლებს, შესაბამისად, ამ ავიაბაზის განადგურება გადაწყვიტეს. ირანიდან თავდასხმა რომ მოხდა, დრონები, 220 ბალისტიკური რაკეტა გამოუშვეს და ძირითადი დარტყმა ამ ავიაბაზაზე უნდა ყოფილიყო. დრონების და ბალისტიკური რაკეტების ჩამოყრა იორდანიის, ერაყის ტერიტორიებზე მოხდა…ისრაელამდე დაახლოებით 15%-მა მოაღწია, რომელთა ძირითადი სამიზნე იერუსალიმი და ბეერ-შავა იყო.
ჩვენი ქალაქი ღაზიდან დაახლოებით 40 კილომეტრშია. სამომარი მოქმედებები – გვირაბების აფეთქებები, საავადმყოფოების განეიტრალება, როგორც შტაბების და ა.შ. ლამის ეს ყველაფერი მესმის სახლის აივანზე რომ ვზივარ…
– აქედან გამომდინარე, ურთულესი იქნებოდა ისრაელისთვის უმძიმესი დღე – 7 ოქტომბერი…
– მართლაც საშინელება იყო… წარმოიდგინეთ, აქ მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები, (სოფია 7 წლის, კესარია 13 წლის) ივლისის ბოლოს ჩამოვიყვანე, მთელი აგვისტო სკოლის ამბები ვაგვარეთ, სექტემბერში ცოტა დავლაგდით და შემდეგ აქაური დღესასწაულები დაიწყო…
7 ოქტომბერს, იომ ქიფურის დღესასწაულზე, 6 საათსა და 25 წუთზე საშინელება დაიწყო… თავშესაფრის ოთახში ბავშვების საძინებელი მაქვს მოწყობილი, მე და ჩემი მეუღლეც იქ შევედით და 7 საათის განმავლობაში სირენების ხმა უწყვეტად ისმოდა… ტელეფონში ყველას აპლიკაციები გვაქვს, თუ რამ ხდება, ტელეფონი ყვირილს იწყებს….
თავშესაფრის ოთახი – “მამადი” ისეთი იდეაა, მთელი შენობა რომ დაინგრეს, ის სვეტებზე უნდა დარჩეს. ახალ კორპუსებში ან რეკონსტრუქციულ სახლებში ბევრ ბინას აქვს დაცვის ოთახი: გასქელებული კედლებით, რკინის ჟალუზებით… კედლები 35-40 სანტიმეტრის სისქისაა, მონოლითურად ჩამოსხმული, შუაში ჩამოსხმის დროს, დაახლოებით 7-10 სანტიმეტრის ლითონის ფირფიტებია ჩატანებული. რასაკვირველია, გაზი არ შემოდის, რადგან ქიმიური თავდასხმის დროსაც დაზღვეულები უნდა ვიყოთ. ოთახის კარი კი ტყვიაგაუმტარია. ორმაგი, სამმაგი ლითონის ფირფიტებით შეკრული. საკეტს რომ გადაწევ, 7-8 კაუჭი აქვს, რომლებიც კედელში, იატაკსა და ჭერში შედის. აქვს ავტონომიური განიავების სისტემა… ამ დროს ჩვეულებრივი საძინებელი ოთახია, ისეთი როგორიც ყველას გაქვთ. ბავშვებს სამეცადინო სივრცეც იქ მოვუწყვე. ერთი ოთახი ცალკე თავშესაფრადაა გათვალისწინებული და არაფრით არ განსხვავდება სხვა ოთახებისგან, გარდა იმისა, რაც ჩამოგითვალეთ…
არიან ადამიანები, რომლებსაც ბინაში არ აქვთ თავშესაფრის ოთახი. მეც, ვიდრე ოჯახს გადმოვიყვანდი, ასეთ ბინაში ვცხოვრობდი. თუმცა სართულზეა თავშეაფრის სივრცე და ყველა იქ შედის, თუ სართულზე არ არის, მაშინ ეზოშია და მთელი კორპუსი ეზოს თავშესაფრში მიდის. იმ დროიდან, რაც “მამადის” და რკინის გუმბათის სისტემა დაინერგა, მას შემდეგ აქ ჭურვით არც არავინ დაღუპულა…
ჩემს ცოლ-შვილი, რომლებსაც ავტომატის ხმა არც გაეგოთ, 7 ოქტომბერს უცებ ასეთ ვითარებაში აღმოჩდნენ და ურთულესი იყო. მე უკვე მობილიზებული ვარ, მაგრამ 6 საათი თავშესაფარში ყოფნა საშინელება იყო. სხვა დროს, სირენის მერე ათ წუთი შედიხარ თავშესაფარში და იმ დღეს 6 საათი ვიყავით…ბავშვებს რაღაცეებს ვუყვებოდი, ვუხსნიდი, რადგან სასკოლო ნივთები იმ ოთახში იყო, ვცდილობდი ყურადღება მეცადინეობაზე გადამეტანა. ანეგდოტებსაც კი ვყვებოდი, როცა დაძაბულობისგან კბილები მიკაწკაწებდა. ჩემი მეუღლე განადგურებული იყო და ვთხოვდი, ბავშვებს არაფერი შეემჩნიათ.
ჩემი ძმა, რომელიც ქალაქ ოფაკაიმში ცხოვრობს, მიყვებოდა, ტერორისტები რომ მოცვივდნენ, მეოთხე სართულიდან, ჟალუზიდან ვხედავდი, პირველ სართულებზე როგორ ყოფდნენ ფანჯარაში ავტომატებს და ისროდნენო…7 ოქტომბრის შემდეგ ფსიქოლოგებთან ძალიან დიდი რიგები იყო, ჩემს მეუღლესაც დაჭირდა ფსიქოლოგის დახმარება, მაგრამ ყველგან დაჯავშნილი და დაკავებული იყო. შემდეგ ცოტა ხანს დამამშვიდებელ საშუალებებს იღებდა.
– მიუხედავად ამისა, ისრაელიდან წამოსვლაზე არც გიფიქრიათ…
– არა, რას ამბობთ, ამ ქვეყნის მიტოვება როგორ შეიძლება?! საქართველოს მიტოვებაც საშინელებაა, მაგრამ სიტუაციას რომ ვუყურებდი, ისეთი ნიჰილიზმი იყო, მივხვდი, რომ ცხოვრება აღარ შემეძლო. თავიდან ისრაელში ქარხანაში ვმუშაობდი, მაგრამ საქართველო იმდენად მომენატრა, ისევ დავბრუნდი. შემდეგ ონკოლოგიური დაავადება დამემართა და იძულების წესით წამოვედი… ისრაელში მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხარ, აქ სახელმწიფო ძალიან გიცავს და ამიტომაც მე, ჩემი ოჯახი აქ ვრჩებით, არსად წასვლას არ ვაპირებთ.