რა დადგინდა ცოფის შემთხვევის გამოვლენის შემდეგ – სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

გთავაზობთ სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებას, რომელიც რაჭაში ცოფის შემთხვევის დადასტურების შემდგომ გამოქვეყნდა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება ჰიდროფობიის კლინიკური ნიშნებით ადამიანის გარდაცვალების შესახებ. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, დადასტურდა ცოფის შემთხვევა.

ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ინსპექტორებმა დაიწყეს მოკვლევა. დადგინდა, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პაციენტის ოჯახს რამდენიმე თვის წინ ქუთაისიდან წამოყვანილი ჰყავდა ლეკვი, რომელიც მალევე ავად გახდა და დაუდგენელი დიაგნოზით მოკვდა, ძაღლის სიკვდილის შესახებ სააგენტოს ინფორმაცია არ მიუღია. 

ცოფის შემთხვევის დადასტურების შემდეგ, გამოვლენის კერებში ტარდება ამთვისებელი ცხოველების გადაუდებელი ვაქცინაცია. სააგენტოს რეკომენდაციით, დაწესდა საკარანტინო შეზღუდვები, რაც ქუჩაში და სხვა ადგილებში ცხოველების გაყვანის აკრძალვას გულისხმობს. საკარანტინო შეზღუდვები ცოფით დაავადების ბოლო შემთხვევის გამოვლენიდან 30 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

შემთხვევა მოხდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჯოში, სადაც გასულ და მიმდინარე წელს ცოფი არ გამოვლენილა. ამ ეტაპზე ოჯახს საკუთრებაში ჰყავს 4 მაძებარი ძაღლი და 7 კატა, რომლებსაც 2023-2024 წლებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაუტარა ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია.