ცნობილია რა უთხრა ტრამპს თავდასხმის პირველივე წამებში დაცვის თანამშრომელმა

ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო მიტინგზე სროლის შემდეგ თითქმის მაშინვე, დაცვის წევრებმა მას უთხრეს, რომ მსროლელი ლიკვიდირებული იყო. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“  იტყობინება.

„მას შემდეგ, რაც დაცვის წევრებმა დაიყვირეს ბრძანება „ჩამოდით“, სცენაზე გაიქცნენ მძიმედ აღჭურვილი მამაკაცები, რომლებსაც ეცვათ ტყვიაგაუმტარი ჟილეტები, ჩაფხუტები და ცეცხლსასროლი იარაღი ეჭირათ. ყველაფერი რიგზეა, მსროლელი ლიკვიდირებულია, სიმშვიდეა – უთხრეს ტრამპს დაცვის წევრებმა“ – წერს გამოცემა.

პენსილვანიაში, სადაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, სროლა იყო.

დონალდ ტრამპის თქმით, ტყვიამ მას მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გაუხვრიტა.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აცხადებს, რომ სროლა, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე მოხდა, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა იყო.

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) დონალდ ტრამპის მიტინგზე მსროლელის ვინაობა დაასახელა.

„გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოავლინა თომას მეთიუ კრუკსი [20 წლის], როგორც სუბიექტი, რომელიც მონაწილეობდა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში. მომხდარი რჩება აქტიურ და მიმდინარე გამოძიებად“, – განაცხადეს უწყებაში.