ნეპალში, მეწყრის შედეგად მდინარეში გადავარდნილ ორ ავტობუსს, სადაც 65 მგზავრი იჯდა, ამ დრომდე ეძებენ. მაშველების ინფორმაციით, უგზო-უკვლოდ დაკარგული მგზავრების ცოცხლად პოვნის შანსი აღარ არსებობს.
“მგზავრების ცოცხლად პოვნის შანსები აღარ არის. ორიენტირებულები ვართ, რომ ცხედრები ვიპოვოთ”, – განაცხადა პოლიციის მაღალჩინოსანმა.
72 საათიანი უწყვეტი სამძებრო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა 7 ცხედარი იპოვეს. ამ დრომდე მიმდინარეობს ავტობუსებისა და 55 უგზო-უკვლოდ დაკარგული მგზავრის სამძებრო სამუშაოები.
ივნისის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, ძლიერი მუსონური წვიმების შედეგად გამოწვეულმა მეწყერმა და წყალდიდობამ, ნეპალში 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
სტიქიური მოვლენების გამო, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ავტობუსებისთვის ღამის საათებში გადაადგილება იმ ადგილებში აეკრძალა, სადაც მეწყრისა და წყალმოვარდნების მაღალი საფრთხე იყო.