წლევანდელი ემოციური საფეხბურთო სეზონის განმავლობაში ქართველი გულშემატკივრებს შორის რამდენიმე უცხოელი ფეხბურთელი განსაკუთრებით პოპულარული იყო. მათ შორის 25 წლის ესპანელი მცველი მარკ კუკურელია, რომელიც თავისი გრძელი და ხვეული თმით მალევე გამოარჩიეს და ძალიან ბევრი ხუმრობაც მოარგეს.
აღმოჩნდა, რომ კუკურელია მალე ამ იმიჯს დაემშვიდობება. სოციალურ ქსელში მისი ინტერვიუდან ამონარიდი ვრცელდება, რომელიც მან ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატის დასაწყისში ჩაწერა. სწორედ აქ ამბობს, რომ ესპანეთის გაჩემპიონების შემთხვევაში, თმას შეიჭრის.
“ევროპის ჩემპიონატზე თუ მოვიგებთ, თმას მოვიჭრი. მხოლოდ ერთი პრობლემა მაქვს: ჩემი ცოლი მომკლავს“ განაცხადა მან Cope-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მარკ კუკურელიას მეუღლე კლაუდია
როდრიგესია, რომელთანაც უკვე სამი შვილი ჰყავს, თუმცა წყვილი ოფიციალურ ქორწინებას არ ჩქარობს. კლაუდია მარკზე ერთი წლითა უმცროსია და სამოდელო სფეროშია დასაქმებული, პროფესიით კი კომუნიკაციების სპეციალისტიცაა.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული მრავალი ფოტო მოწმობს, კუკურელია აქტიურადაა ჩართული ოჯახურ საქმეებში და ცოლ-შვილთან დიდ დროს ატარებს.
რაც შეეხება მის თმას, აღმოჩნდა, რომ შემთხვევით არ დააფრიალებს კულულებს. თმა პატარაობიდანვე დედამ გაუზარდა, რომელმაც, სხვათა შორის, თავად დაგეგმა, რომ მისი შვილი დიდი ფეხბურთელი უნდა გამოსულიყო. თმასთან დაკავშირებული რიტუალიც თავად მოიფიქრა ჯერ კიდევ მაშინ, როცა მარკი სულ პატარა იყო – ბიჭს ხუჭუჭა თმა არ უნდა შეეჭრა, რომელიც, დედის რწმენით, იღბალს მოუტანდა. ქალს სჯეროდა, რომ გრძელი თმით
მისი შვილი შვილი ძლიერი და ბედნიერი იქნებოდა.
სხვათა შორის, კუკურელიას კარიერაში ძალიან მძიმე წინააღმდეგობების დაძლევა მოუხდა. ამბობენ, რომ მისი სპორტული ბიოგრაფია ზღაპარს ჰგავდა, როდესაც საშუალო კლასის კლუბებში თამაშის შემდეგ ის ელიტაში, 2022 წელს ჩელსისთან გაფორმებული კონტრაქტის წყალობოთ მოხვდა, თუმცა, იმის ნაცვლად, რომ სწრაფად დაწინაურებულიყო, საკმაოდ წარუმატებლად ითამაშა. გაუძლო მწვრთნელების გაუთავებელ ცვლილებას, უამრავ წაგებას და გულშემატკივრების კრიტიკას, რომლებიც თვლიდნენ, რომ ფეხბურთელი მასში გადახდილ ტანხად არ ღირდა. მიუხედავად ყველაფრისა, ბარსელონას სახელგანთქმული აკადემიის კურსდამთავრებულმა შრომა განაგრძო და 2023/2024 წლების სეზონში შეძლო დაემტკიცებინა, რომ დიდი პოტენციალი ჰქონდა, ესპანეთის ნაკრებისშემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა.