12 წლის გენიოსი, რომელმა უკვე ორი უნივერსიტეტი დაამთავრა : “პირველად 4 წლის იყო, როდესაც ნულზე ნაკლები რიცხვების არსებობა იეჭვა”

კამერონ ტომპსონი ჩრდილოეთ უელსში, ეკტონში დაიბადა. მისი მშობლები, როდი და ელისონი, საბრძოლო ხელოვნებას ასწავლიან და თავიანთი სკოლა აქვთ. ვიდრე როდი საბრძოლო ხელოვნებაში ჩაერთვებოდა, წარმატებული პროგრამისტი იყო და სხვადასხვა პროექტზე მუშაობდა. ბიჭის დედამ, ელისონმა, კი კემბრიჯის უნივერსიტეტი დაამთავრა.

კამერონი 4 წლის იყო, როდესაც მასწავლებელმა ბაღში უთხრა, რომ ნულზე ნაკლები რიცხვი არ არსებობს. ბავშვი ამ ფრაზამ დააეჭვა და სახლში რომ მივიდა, დედას ჰკითხა. დედამ უარყოფითი რიცხვების მნიშვნელობის შესახებ აუხსნა. ბავშვმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინა და მეორე დღეს მასწავლებელს ბაღში უსაყვედურა იმის გამო, რომ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი… კამერონი საკუთარი თანატოლებისაგან აბსოლუტურად განსხვავდებოდა. მათზე გაცილებით მეტი იცოდა და აინტერესებდა.

მამა, რომელიც ზუსტ მეცნიერებებში შესანიშნავად ერკვეოდა, შვილს ეხმარებოდა, რომ საკუთარი ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა და მათემატიკის მშვენიერ სამყაროში შეეყვანა.

ახალგაზრდა მათემატიკოსს ორი უმცროსი და – ბეტი და ემა ჰყავს. გოგონები საბრძოლო ხელოვნებითაც არიან დაინტერესებულნი.

კამერონს ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ასპერგერის სინდრომი დაუსვეს. ასპერგერის სინდრომი აუტისტური სპექტრის აშლილობაა, რომელიც კომუნიკაციისა და სოციალიზაციის სირთულეებით ხასიათდება. სინდრომის მქონე ადამიანები ხშირად განმეორებით ჟესტებს, ფრაზებსა და მოძრაობებს იყენებენ და საკუთარ თავს ერთ საქმეს მთლიანად უძღვნიან. როდესაც ბიჭი სკოლაში შეიყვანეს, თანატოლების პროგრამას ყველა მიმართულებით 7 წლით უსწრებდა. რთულ ამოცანებს უმარტივესად ხსნიდა და გამუდმებით მეცადინეობდა.

სხვათა შორის, მსოფლიოში ასპერგერის სინდრომის მქონე არაერთი გენიოსი იყო. მათ შორის, აინშტაინსა და ნიუტონზეც წერდნენ, რომ აღნიშნული სინდრომი ჰქონდათ.

ბავშვმა 12 წლის ასაკში სკოლის პროგრამა მთლიანად დაასრულა! ამის შემდეგ ის დედამ კემბრიჯში პროფესორ იმრე ლიდერთან წაიყვანა და პროფესორმა მას გამოცდა მოუწყო. ყველა ერთხმად შეთანხმდა, რომ ბავშვს განსაკუთრებული უნარები ჰქონდა, მშობლებს მაინც უნდოდათ, რომ მას სკოლა დაემთავრებინა. კამერონს კუმბრიის უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების მიღება დისტანციურად შესთავაზეს. ბიჭმა მისაღები ტესტი ბრწყინვალედ ჩააბარა. ბავშვი დღისით სკოლაში დადიოდა, საღამოთი კი უნივერსიტეტში ონლაინ სწავლობდა.

შედეგად, კამერონ ტომპსონმა მათემატიკაში ბაკალავრის ხარისხი მიიღო. იქამდე კი ერთი კვირით ადრე სკოლა უმაღლესი შეფასებით დაამთავრა.

3-1721126150.jpg

კამერონის ისტორია იმდენად საოცარი აღმოჩნდა, რომ მას

დოკუმენტური ფილმები და გადაცემები მიუძღვნეს. 2011 წელს გამოვიდა BBC-ის დოკუმენტური ფილმი გამოვიდა, რომელიც სწორედ მას მიეძღვნა. მოგვიანებით, მისმა მშობლებმა დაწერეს წიგნი “ახალგაზრდა გენიოსი ისტორია”, სადაც აღწერეს, თუ როგორ აღზარდეს შვილი. ისინი აღნიშნავენ, რომ შვილისთვის არაფერი დაუძალებიათ და მისი არჩევანი იყო, რომ ესწავლა.

სკოლის დასრულების შემდეგ კამერონმა კუმბრიის უნივერსიტეტში კვლავ განაგრძო სწავლა, თუმცა ამჯერად არადისტანციური ფორმით.

უნივერსიტეტში, “ორ ცვლაში” სწავლის ჩვევით, კამერონმა ერთდროულად ორი დიპლომი მიიღო – პროგრამირებისა და ბიზნესის მენეჯმენტის მიმართულებით.

დღეს კამერონი IT სფეროში მუშაობს. პანდემიის დროს სხვადასხვა პროექტში მოხალისეობრივად იყო ჩართული, მუშაობდა მენეჯერად, ჰყავს მეგობრები, კოლეგები, უყვარს კომპიუტერი და წიგნები და განვითარებას განაგრძობს.