ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჯოში ადამიანზე ცოფის, ლაბორატორიულად დადასტურებული, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა, რასაც 45 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი სოფო ალავიძეა.
მუნიციპალიტეტის ცნობით, ქალი, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის თებერვალში, საკუთარი ლეკვისგან დაინფიცირდა, თუმცა არ აცრილა. ცოფის კლინიკური სურათის განვითარება კი დაახლოებით 5 თვის შემდეგ დაიწყო.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა, რომ ჩორჯოში მცხოვრები პაციენტის ოჯახს რამდენიმე თვის წინ ქუთაისიდან წამოყვანილი ჰყავდა ლეკვი, რომელიც მალევე ავად გახდა და დაუდგენელი დიაგნოზით მოკვდა. ძაღლის სიკვდილის შესახებ სააგენტოს ინფორმაცია არ მიუღია.
გარდაცვლილი სოფო ალავიძის ოჯახი რეგიონულ მედია „მეგა ტვ-სთან“ საუბრისას კატეგორიულად უარყოფს ოფიციალური უწყებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქალი, ცოფით თავისივე ლეკვისგან დაინფიცირდა. მათი ვერსიით, მიზეზი ქუჩის ძაღლია, რომელზეც ის თვეების განმავლობაში ზრუნავდა.ცოფის შემთხვევის დადასტურების შემდეგ, გამოვლენის კერებში გადაუდებელი ვაქცინაცია ჩატარდა. სააგენტოს რეკომენდაციით, დაწესდა საკარანტინო შეზღუდვები, რაც ქუჩასა და სხვა ადგილებში ცხოველების გაყვანის აკრძალვას გულისხმობს. შეზღუდვები 30 დღის განმავლობაში გაგრძელდება.