საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, გიორგი გველესიანმა geo team-თან ინტერვიუში ქალების ფეხბურთთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა და თქვა, რომ “მისი პირადი აზრით, ფეხბურთი ქალების საქმე ნაკლებად არის”.
“ვისაც უნდა, უნდა ითამაშოს. ჩემი პირადი აზრია, რომ ფეხბურთი ქალების საქმე ნაკლებად არის. მე პირადად ვფიქრობ, რომ ქალებს ფეხბურთი ნაკლებად გამოსდით. თუმცა, როცა ჩვენი, ქალთა ნაკრების თამაშებს ვუყურებ, გაკვირვებული ვარ და შესაძლოა, ჩემი აზრი მალე შეიცვალოს… ” – განაცხადა გველესიანმა.
გველესიანის ამ კომენტარს საზოგადოების ნაწილის დიდი კრიტიკა მოჰყვა. კომენტარს გამოეხმაურა საქართველოს ქალთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ნინო სუთიძე და გველესიანს მიმართა.
- ნინო სუთიძე:
“ორი დღეა, რაც გველესიანის შორთი ვნახე ქალთა ფეხბურთთან დაკავშირებით, სულ მეფიქრება და თავიდან არ ამომდის ’’ქალებს ნაკლებად გამოსდით ფეხბურთის თამაში’’. ალბათ, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში მეორე შემთხვევა, როცა ასე ძალიან მეწყინა ქალი ფეხბურთელების მისამართით ნათქვამი ‘’ნაკლებად გამოსდით’’. პირველი შემთხვევა იყო როცა პატარა ვიყავი და ერთ ერთი ცნობილი ქართველი ფეხბურთელის სიუჟეტს ვუყურებდი. მის ეზოში იყო გადაღება და ბუნებრივია, იქ ბურთიც იყო. მისი გოგონა ბურთისკენ გაიქცა და მთელი ქვეყნის საყვარელმა ფეხბურთელმა დაუძახა ბავშვს: გამოდი, ბურთი არაა ქალის საქმეო. ვერ აგიხსნით როგორ მეწყინა მაშინ,ნროცა ყველაზე მეტად პატარა გოგოებს გვჭირდებოდა გამხნევება, როცა ახალი იყო საქართველოში ქალთა ფეხბურთი და ყველასთვის უცხო, ის ფეხბურთელი კი ყველასთვის სამაგალითო.ის სცენა დღემდე მახსოვს და ალბათ, ის ემოცია, რომელმაც ამაფორიაქა არასდროს დამავიწყდება. ეს იყო წყენა და იმედგაცრუება. თითქოს თავზე ჩამომენგრა ოცნებები. მერე შენს თავთან პატარა დიალოგი გაქვს. იქნებ მართლა არაა ქალის საქმე? პასუხს ვერ სცემ საკუთარ თავს. მაშინ იქნებ უპასუხო საკუთარ თავს, რატომ არის ქალის საქმე? მე ხომ პატარა დაბნეული ბავშვი ვიყავი, რომელმაც გენდერული თანასწორობა რა იყო, საერთოდ არ იცოდა და არც ის, რომ სპორტი არ არის გენდერზე დამოკიდებული.
სად იყავით ის ხალხი, ახლა რომ ქალთა ფეხბურთით ცხოვრობთ?! 17 წელი დაგჭირდათ გაგეთავისებინათ, რომ ჩვენც შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რასაც კაცები აკეთებენ. მადლობა ამისთვის ლევან კობიაშვილს და მის გუნდს. მადლობა ჩემი თაობის გოგოებს, რომლებმაც ერთად მოვიტანეთ და ჩავაბარეთ ახალ თაობას ქალთა ფეხბურთი. ახლა კი იმის დროა, რომ გაიფურჩქნონ და იხმაურონ ისე, როგორც ჩვენ გაგვიხარდებოდა,გოგოებმა ჩვენი სათქმელი უნდა თქვან. დღემდე ქალთა ფეხბურთში ვარ და ვხედავ, რა შეიცვალა და რამდენი რაღაც კეთდება. რამხელა იმედია გოგოებისთვის ალექსანდრე იაშვილი და ფედერაციის მხარდაჭერა. ყველაფერი კარგი წინ არის!
ნამდვილად არ მეგონა 17 წლის შემდეგ ისევ თუ გამოვიდოდა ვინმე და ასე თამამად იტყოდა, რომ ჩვენ რამე ნაკლებად გამოგვდის. მინდა, გამოვხატო ჩემი გულისტკივილი და გულისწყვეტა იმ განცხადების გამო, რომელიც ერთ-ერთმა ცნობილმა ბიჭმა ფეხბურთელმა გააკეთა ქალების ფეხბურთის შესახებ. ასევე, მინდა ვუთხრა ამ ფეხბურთელს, რომ ბევრი პატარა მაყურებელი ჰყავს, რომლებიც მისგან ბევრ რამეს სწავლობენ. მნიშვნელოვანია, რომ მათ მიიღონ პოზიტიური და გამამხნევებელი მესიჯები, რომლებიც ხელს უწყობს თანასწორობას და პატივისცემას ყველას მიმართ, ვინც სპორტში მონაწილეობს.
პატარა გულშემატკივრებს სჭირდებათ იმედის, მხარდაჭერის და შთაგონების მაგალითები, რომლებიც წაახალისებს მათ ოცნებების მისაღწევად და იმაზე მეტის დასაძლევად, ვიდრე ეს წარმოუდგენიათ. ქალების ფეხბურთს აქვს სიძლიერე, სილამაზე და ვნება, რომელსაც ყველას ვუზიარებთ. ჩვენც გვაქვს ოცნებები, მიზნები და დიდი სურვილი, გავხდეთ საუკეთესოები!!!გიორგი, ნანახი მაქვს შენი სიუჟეტი და ვიცი, რომ რთული გზა გაიარე შენც! ზუსტად შენ უნდა გესმოდეს ყველაზე კარგად, როგორი რთულია ასეთ გარემოში თამაში და ოცნება. შენ არავინ გაბულინგებდა იმის გამო, რომ ფეხბურთელი იყავი. მე მაბულინგებდნენ!შენ შეგეძლო აკადემიაში მისვლა ან რომელიმე სხვა გუნდში. მე არა!
შენ ბიჭი იყავი და მეტი გასაქანი ჰქონდა შენს მომავალს. ჩემსას – არა! შენ, ჩემს ადგილზე ალბათ არ გააგრძელებდი თამაშს. ამდენ დაბრკოლებას ვერ გაუძლებდი. აქვე ვიტყვი რომ, ჩვენთვის შეუძლებელი არაფერია და მითუმეტეს ფეხბურთის თამაში. ქალთა ფეხბურთი,კაცთა ფეხბურთი,ბავშვთა ფეხბურთი,ამპუტანტთა ფეხბურთი, ჩვენ ხომ ყველა ერთ საქმეს ვემსახურებით? ფეხბურთი ყველასთვის ფეხბურთია.
”ქალებს ნაკლებად გამოსდით” – ეს შენი სიტყვებია და არაერთი ფეხბურთელია, რომელიც შენზე უკეთესად თამაშობს, მაგრამ ეს ხომ არ აკნინებს შენს ნიჭს და დამსახურებას?!პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს, ჩვენ ხომ ერთი დიდი ოჯახი ვართ?! ერთხელ მაინც ყოფილხარ ქალთა ნაკრების თამაშზე?ახლა ხომ ყველას მოგვწონს ქალების თამაშებზე რომ ტრიბუნა ივსება?ცარიელ მოედანზე როგორი მოტავაციით იქნებოდი?
ჩვენ რომ მოვდივართ, ტაშს გიკრავთ და აბა თქვენ იცით, ბიჭებო და გვეამაყებით,იქნებ ერთ დღეს თქვენც იამაყოთ ჩვენით? მოდი და ერთი მაყურებლით მეტი იქნება მოედანზე. იქნებ ხვალ უფრო მეტნი ვიყოთ?დიდი იმედი მაქვს რომ,მესამედ ჩემს ცხოვრებაში ამ თემაზე ასე საჯაროდ რომელიმე ცნობილი ფეხბურთელი აღარ გააკეთებს განცხადებას რომ ჩვენ რამე ვინმეზე ნაკლებად გამოგვდის”, – წერს ნინო სუთიძე.
ცნობისთვის, საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.
ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში გავიდა. ირის ანტამანის გაწვრთნილებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური რაუნდის დასკვნითი მატჩი სტუმრად ლიეტუვის ნაკრებთან გამართეს და 1:0 გაიმარჯვეს და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს, შედეგად კი პლეი ოფში ითამაშებენ.