თემურ ბაბლუანი: “კაცი თუ თავის ყანას ვერ უვლის, ქვეყანას მიხედავს?!” (ექსკლუზივი)

კვირის პალიტრის” არქივიდან

“ახალი ჩასული ვიყავი საფრანგეთში, მეტროში გოგონა ჩემს ქალიშვილს მივამსგავსე. მოდიოდა ყურსასმენებით და ორმა ბიჭმა წაართვა. გოგო ეხვეწებოდა, დამიბრუნეთო. არ უბრუნებდნენ. დავაბრუნებინე… ჩემი გაგებით, კარგად მოვიქეცი, მაგრამ მგზავრებს შევატყვე, ასე არ ფიქრობდნენ. როდესაც აგრესია გამოვხატე, რაღაცით იმ ბიჭებს დავემსგავსე…”

რეჟისორი და მსახიობი თემურ ბაბლუანი ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა საზოგადოებაში როგორც თავისი ფილმებით, ისე შესრულებული როლებით. თუმცა, ის არცთუ ხშირად გვათამამებს ინტერვიუებით. მიხარია, რომ ჩვენი ინტერვიუ შედგა…

– სვანეთში, ლენტეხის რაიონში დავიბადე. პირველად კინო იქ ვნახე, მთაში. კალოზე გაშალეს… თეთრი ზეწარი ჩამოკიდეს და ელოდებოდნენ დაღამებას. ახლაც მახსოვს, ეკრანზე ქალაქური სახლები მოჩანდა, რაზეც წარმოდგენა არ მქონდა, მერე გამოჩნდა ქალი, რომელიც ძაღლს ეფერებოდა. ჩემთვის ამის ნახვა სასწაული იყო.

– რეჟისორობაც მაშინ გადაწყვიტეთ?

– მაშინ არ მქონია ეს სურვილი… მოხდა ისე, რომ რეზო ჩხეიძემ გადამიღო “ღიმილის ბიჭებში”. მაშინ 17 წლის ვიყავი. იქ ვისწავლე ყველაფერი, თვალს ვადევნებდი, როგორ იღებდა ფილმს რეზო ჩხეიძე… ამის შემდეგ ჯერ იურიდიულზე ჩავაბარე, მერე თავი დავანებე, შემდეგ კიდევ ორ ინსტიტუტში ვსწავლობდი და ისიც მივატოვე – ინტერესს ვკარგავდი.თეატრალურ ინსტიტუტში როგორ აღმოჩნდით?

– ტრავმა მივიღე და საავადმყოფოში ვიწექი. ვფიქრობდი, რომ გავეწერები, ყაზახეთში მეგობართან წავალ-მეთქი. მირეკავდა, საქმე წამოვიწყოთო. ერთ დღეს ჩემმა დამ მითხრა, თეატრალურში სარეჟისორო ფაკულტეტი გახსნეს და იქნებ ჩააბაროო… მაინცდამაინც არ დამიჯდა ჭკუაში, მაგრამ გამოცდაზე მაინც გავედი და ჩავაბარე. სწავლის პერიოდში გადავიღეთ საკურსო, მთავარი პრიზი დავიმსახურე. მერე მოსკოვშიც მომცეს მთავარი პრიზი. თეატრალურში გავიცანი ჩემი მეუღლე და ამის შემდეგ არსად წასვლა არ მინდოდა. დავამთავრე სარეჟისორო და ახლაც ამ საქმეს ვეწევი.

– “უძინართა მზე” თქვენს მამას ეძღვნება.

– მამა ექიმი იყო. სვანეთში მუშაობდა ომის დროს. მაშინ წამლების დეფიციტი იყო და რა საშუალებაც ჰქონდა, იმით მკურნალობდა. ძალიან კარგად იცოდა ხალხური მედიცინა. რომ დავიბადე, ჭლექი შემყრია, მაშინ პენიცილინი არ იყო და ისეთი ბალახეულით მიწამლა, განმკურნა. ჩვენს ხეობაში არაერთი ადამიანი განკურნა.

მამა თავისებური და კეთილი კაცი იყო. არ მახსოვს, ვინმეზე გაბრაზებულიყოს. მე მამაჩემისთანა კარგი კაცი ვერა ვარ. ერთი თანამშრომელი ჰყავდა – მნე, რომელიც სულ უჩიოდა. ერთხელ მოვდივართ და გზად დაინახა ამორღვეული ღობე. მეუბნება, ეს იმ კაცის ღობეა, მოდი, შევუკეთოთო… შევაკეთეთ და მითხრა: ეს კაცი მთელ სოფელს სძულს, შეკეთებულ ღობეს რომ ნახავს, ვერ წარმოიდგენ, რა დღეში ჩავარდება, სულ იმის ფიქრში იქნება, ვინ შეაკეთაო. ვუთხარი, ჭკვიან კაცად არ ჩათვლის ამ ღობის შემკეთებელს-მეთქი. იფიქრებს, ვიღაცამ შეცდომით შეაკეთაო. მახსოვს, ეწყინა, თუმცა არაფერი უთქვამს…

– რატომ გადაწყვიტეთ საფრანგეთში წასვლა?

– ჩემი შვილები სწავლობენ იქ. ერთი კარგი მეგობარი მყავს, ბინა დაუთმო ჩემს შვილებს, თორემ მე იმ ხარჯებს ვერ გავიღებდი. მერე ისე მოხდა, ჩემმა ნაცნობმა ფრანგმა რეჟისორმა შემომთავაზა სამუშაო…

– რა სხვაობა და მსგავსება აღმოაჩინეთ ქართულ და ფრანგულ რეალობათა შორის?საფრანგეთი კულტურის აკვანია. აზროვნების მაღალი ხარისხი, როგორიც ამ ქვეყანაში საზოგადოებას ახასიათებს, იშვიათია. მსგავსებაც ბევრია ჩვენსა და მათ შორის. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ისინიც და ჩვენც ქრისტიანული ცივილიზაციიდან მოვდივართ.

– ეთანხმებით ცნობილ ფრაზას: “მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი”?

– ეს თავისთავად ასეა. შესაძლოა, ერთი და იმავე საკითხის მიმართ სხვადასხვანაირი მიდგომა გვქონდეს, მაგრამ ცხოვრების, ურთიერთობის წესი ერთნაირია.

– საფრანგეთის ტერაქტებზე რას მეტყვით?

– ეს საყოველთაო უბედურება იყო.

– ამდენი წლის შემდეგ როგორი საქართველო დაგხვდათ?

– ისედაც მივდი-მოვდიოდი, მეტ-ნაკლებად ვიცოდი ყველაფერი. ჩემი მეგობრები დაბერებული დამხვდნენ… ახლა ვგრძნობ, რომ ხალხში მეტი სილაღეა. ადრე საზოგადოება ძალიან დათრგუნვილი იყო. მატერიალურად კი არსად არ არის სალხინო. საფრანგეთშიც ბევრ გაჭირვებულს ნახავთ, მაგრამ ხალხი სახელმწიფოს მიმართ თითქოს ლოიალურია, აგრესიას ნაკლებად გამოხატავენ… მახსოვს, ახალი ჩასული ვიყავი, მეტროში ერთი გოგონა ჩემს ქალიშვილს მივამსგავსე. მოდიოდა ყურსასმენებით და ორმა ბიჭმა წაართვა. გოგო ეხვეწებოდა, დამიბრუნეთო. არ უბრუნებდნენ. ჩავერიე და დავაბრუნებინე… ჩემი გაგებით, კარგად მოვიქეცი, მაგრამ მგზავრებს შევატყვე, ასე არ ფიქრობდნენ… აგრესია ურთიერთობის ყველაზე ცუდი ფორმაა. როდესაც აგრესია გამოვხატე, რაღაცით იმ ბიჭებს დავემსგავსე… შეიძლებოდა საქმის უკეთ მოგვარება.როგორია იდეალური ხელისუფლება?

– პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ვიცი, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა იცოდეს… კართაგენი ისე გაძლიერდა, რომს დაუპირისპირდა, თავის დროზე კი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ყოფილა. ხალხმა გადაწყვიტა, მეზობელ პატარა ქალაქს კარგად აქვს საქმე, იქნებ რამე გვირჩიონო. მივიდა დელეგაცია იმ ქალაქში და ითხოვა, თქვენი ყანები გვაჩვენეთო. ჩამოიარეს და აჩვენეს 10 საუკეთესო ყანა. ურჩიეს, აი, ამ 10 ყანის პატრონებს ჩააბარეთ ქვეყანაო. იმ 10-მა კაცმა აიყვანა კართაგენი იმ სიმაღლეზე, რომ რომს დაუპირისპირდა. ისეთი კაცი, რომელიც თავის ყანას ვერ უვლის, ქვეყანას მიხედავს?!

– რუსეთთან, თურქეთთან – მეზობელ ქვეყნებთან, როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს?

– უნდა მოვახერხოთ, რომ ყველასთან კარგად ვიყოთ. ეს ყოველთვის ვერ გვიშველის, მაგრამ მაინც ჯობია.

ბაბლუანებმა მსოფლიოში სახელი გაითქვეს

თემურ ბაბლუანმა, როგორც მსახიობმა, შეასრულა მალხაზის (“ღიმილის ბიჭები”), არწივის მომთვინიერებლის (“მშობლიურო ჩემო მიწავ”), მურტალოს (“კუკარაჩა”) როლები.

თავისივე სცენარით გადაიღო მხატვრული ფილმები: “მოტაცება”, “ბეღურების გადაფრენა”, “ძმა”, “უძინართა მზე”, რომელიც სოჭში კინოფესტივალზე მთავარი პრიზით დაჯილდოვდა, ასევე მიიღო გრან-პრი მოსკოვის ფესტივალზე, მთავარი პრიზი და დიპლომი ქართული ფილმების რესპუბლიკურ კინოფესტივალზე “ოქროს არწივი”, “ვერცხლის დათვი” ბერლინის 43-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. მისი ვაჟი გელა ბაბლუანიც წარმატებული რეჟისორია. პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი “13” 2005 წელს გადაიღო, ეს მისი სარეჟისორო დებიუტი იყო. ფილმი ასევე დებიუტი გახდა რეჟისორის მეორე ვაჟ გიორგი ბაბლუანისთვის, რომელიც სებასტიანის როლს ასრულებს. ფილმი “13” ჟიურის დიდი პრიზის ლაურეატი გახდა სანდენსის კინოფესტივალზე…

ეკა სალაღაია