არველაძეების ოჯახის თითქმის ყველა წევრი წლებია პოპულარულია. ეს ის იშვიათი ოჯახია, სადაც სამივე დედმამიშვილი თანაბრად პოპულარულია სამშობლოში. საზოგადოება იცნობს მათ მეუღლეებს, თუმცა შვილებს ნაკლებად, თუ არ ჩავთვლით რეზის ვაჟს, ვატო არველაძეს, რომელმაც მამისა და ბიძების გზა აირჩია.
აჩის მეუღლე თინი კობალაძე პროფესიით ექიმია, თუმცა წლები მეუღლის გვერდით გაატარა და მისი პირადი ექიმი იყო. აჩი არველაძეს არაერთი სპორტული ტრავმა აქვს მიღებული.
“ჩემი სამეგობროდან პირველი სოფო ლეკიშვილი გათხოვდა და მე და აჩიმ ერთმანეთი მის ქორწილში გავიცანით. სოფოს და აჩის დედები მეგობრობენ. შოთი, მისი ცოლი თამუნა და აჩი მცირე დროით იყვნენ ჩამოსული თურქეთიდან და რეზისთან ერთად მოვიდნენ. არ შეიძლებოდა, მათთვის ყურადღება არ მიგექცია. მახსოვს, ძმებმა არაჩვეულებრივად იცეკვეს. ის ნახევარი საათი ძალიან ემოციური იყო. აღმოჩნდა, რომ მაშინ მოვეწონე. თუმცა იმ დღეს ერთმანეთს არ დავკონტაქტებივართ. აჩის დედასთან მამიდაჩემიც მეგობრობს.
როგორც მერე მისგან გავიგე, ვიღაცებისთვის გამოუკითხავს ჩემზე, ვინ არისო. აჩის შორიდან ვიცნობდი, მაგრამ არა, როგორც ფეხბურთელს, არამედ, როგორც კიჭასა და თამრიკოს შვილს, რეზის ძმას. ქორწილის შემდეგ ჩემმა მეგობარმა, რომელიც ასევე მისი მეგობარია, დამირეკა და მითხრა, აჩის ძალიან მოეწონე და თუ წინააღმდეგი არ იქნები, მოვალთო და მოვიდნენ” – ამბობდა თინი ერთ-ერთ ინტერვიუში.
წყვილს სამი შვილი ჰყავს. აჩი რამდენიმე თვის წინ გორგილაძის გადაცემაში ამბობდა:
“ჩემი უფროსი შვილი ამერიკაში სწავლობს, ექვსი წლის წინ წავიდა, დენისონის უნივერსიტეტში კინოპროდიუსინგს ამთავრებს, ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. ქალიშვილი მადრიდშია და პატარა, ლიზა, თბილისშია. მას უნდა ფეხბურთის თამაში, მაგრამ მე ვცდილობ, რომ არ ითამაშოს”.
ამჯერად მეუღლის გაცნობას აჩი არველაძე იხსენებს:
“თინი რომ გავიცანი, მაშინ 17 წლის იყო, მე – 20-ის. შორიდან ვიცნობდით ერთმანეთს. ახლო მეგობარი გვყავდა და იმას ვთხოვე, გაცნობაში დამხმარებოდა. დაახლოებით სამი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს და შემდეგ დავოჯახდით” – ამბობდა აჩი.