შემთხვევა დასავლეთ ფილადელფიაში მოხდა. ცეცხლი 19-სართულიან კორპუსს გაუჩნდა. მცხოვრებლებმა სახანძრო-გადაუდებელი სამსახურის წარმომადგენლებს ინციდენტის შესახებ მალევე აცნობეს, მაგრამ სანამ ადგილზე მაშველები მივიდოდნენ, 35 წლის ჯერმენი სმიტმა გადაწყვიტა, დამცავი აღჭურვილობის გარეშე ხანძრისგან დედა თავადვე ეხსნა.
ჯერმენი მე-15 სართულზე აცოცდა. როგორც CNN წერს, მან ეს ყველაფერი დაზიანებული ფეხით შეძლო.
„თავდაპირველად ლიფტის ან კიბეების დახმარებით ვცადე ასვლა, მაგრამ პოლიციამ სადარბაზო მთლიანად გადაკეტა. ხანძრის დროს დედა სახლში მარტო იმყოფებოდა. ავადმყოფობის გამო მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, ამიტომ მისი გადარჩენის პასუხისმგებლობა მთლიანად საკუთარ თავზე ავიღე”, – ამბობს სმიტი.
შემთხვევის ამსახველი ვიდეოები მცხოვრებლებმა ადგილზევე გადაიღეს. საბედნიეროდ, კაცმა მე-15 სართულზე ასვლა მოახერხა. სახლში შესვლიდან მალევე კი მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ორივე მათგანი და კორპუსში მცხოვრები სხვა პირები უსაფრთხოდ გამოიყვანეს შენობიდან. ჯერჯერობით ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.