ნიუ იორკში, ჯონ კენედის აეროპორტის ტერმინალში ხანძრისას ცხრა ადამიანი დაშავდა, ფრენები გაუქმებულია.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 07:15 საათზე მოხდა.
მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ხანძარი მე-8 ტერმინალის ესკალატორზე გაჩნდა, შემდეგ კი განგაშის სიგნალი ჩაირთო.
აეროპორტიდან დაახლოებით 960 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ცხრა ადამიანი დაშავდა, ოთხი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავიაკომპანია American Airlines-მა განაცხადა, რომ ინციდენტის გამო 69 ფრენა გაუქმდა, ხოლო 376 რეისი გადაიდო.
ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.