ცნობს “კვარას”, ბუდუს, მამარდაშვილს და იცის მათი პოზიციები” – ვინ არის 2 წლის ბიჭუნა, რომლის ვიდეოებმაც ინტერნეტსივრცე მოიცვა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების წარმატება სრულიად საქართველომ იზეიმა. სოციალურ ქსელებში ამ დრომდე არ წყდება სასიხარულო, ემოციური ვიდეოებისა და კადრების გაზიარება.

kvirispalitra.ge გაგაცნობთ 2 წლის დავით ბაქრაძეს, რომლის ვიდეოებმაც ინტერნეტსივრცე მოიცვა და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშებს მამასთან ერთად ადევნებს თვალს.

datiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii-1712209240.jpg

“პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გითხრათ დაინტერესებისთვის. ალბათ გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით, რომ ფეხბურთი ჩვენს ოჯახში საყვარელი სპორტია, მეუღლე აქტიური ქომაგია და პატარა დათიც ჩართულია მთელ პროცესში, დიდი გულისყურით აკვირდება მამის რეაქციებს და ისეთ დროს იმეორებს, როცა არ ველოდებით. ერთხელაც, იმისათვის, რომ სამახსოვროდ შეგვენახა დათის ემოციები, კამერა ჩავრთე და დავიწყე დაფიქსირება რას ამბობდა, შემდეგ ვიდეო “ფეისბუქზე” განვათავსე, ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში და თბილმა, სასიამოვნო კომპლიმენტებმაც არ დააყოვნა. როგორც ჩანს, საზოგადოებას მოეწონა პატარა 2 წლის ტიკტიკა დათი თავისი კვატუნიათი” – გვიყვება დათის დედა, ირმა აბაშიძე.

datismshoblebi-1712209181.jpg

 დათი პატარაა, თამაშებს ბოლომდე უყურებს. ჰყოფნის ნებისყოფა?

– ყველანაირად ვცდილობთ, დათის, როგორც დიდ ადამიანს, ისე ვესაუბროთ და გავითვალისწინოთ მისი სურვილები, ინტერესები და მისწრაფებები. თამაშებს ბოლომდე უყურებს მამასთან ერთად, ხშირად სვამს შეკითხვებს და მამაც საინტერესოდ პასუხობს ყველა კითხვაზე, ცდილობს, კიდევ უფრო მეტად დააინტერესოს. აქტიურად გულშემატკივრობს საყვარელ ფეხბურთელებს. უკვე ცნობს “კვარას”, ბუდუს,მამარდაშვილს და იცის მათი პოზიციები.

– თქვენი შვილის ვიდეოებში ყველაზე მეტად “კვარა” ფიგურირებს…

– მამამ იქონია გავლენა, უყურებდა როგორ გულშემატკივრობდა “ნაპოლიში” კვარას თამაშებს.

ხომ არ აქვს ხვიჩას გაცნობის სურვილი?

– “კვარას” გაცნობაზე უარს არ იტყვის. რომ ვიცნობდე ფეხბურთს ვეთამაშებოდიო.

– გარდა ფეხბურთისა, რა აინტერესებს 2 წლის დათის?

– დათის სხვა ინტერესებს რაც შეეხება, ძალიან მრავალფეროვანია. ოჯახის თითქმის ყველა წევრი სტომატოლოგები ვართ, ხშირად დაგვყავს კლინიკაში და ექიმობაც მოსწონს. ხატვითაც ძალიან არის გატაცებული. თუმცა ის ჯერ პატარაა და წინ კიდევ ბევრი აღმოჩენა თუ სიახლე ელის. ერთი კი დანამდვილებით ვიცი, რომ ფეხბურთი ყოველთვის საპატიო ადგილს დაიკავებს მის ცხოვრებაში.

საბედნიეროდ, ძალიან განვითარებული და გონებაგახსნილი თაობა მოდის, მათ შორის არის დათიც, რომელიც ხშირად გვაოცებს თავისი ემოციური თუ გონებრივი ინტელექტით. 2 წლის და 3 თვისაა, მაგრამ უკვე ძალიან დიდი სიყვარულის გამოხატვა შეუძლია, განსაკუთრებით უყვარს ასაკოვანი ადამიანები და მათ დანახვაზე თვალები სხვანაირად უბრწყინავს.

საკუთარ შვილზე საუბარი არცთუ ისე მარტივი ყოფილა. იმედი მაქვს, მომავალში დათი საინტერესო და წარმატებული ადამიანობით გაახარებს საქართველოს. მადლობა ხვიჩა კვარაცხელიას, ილია თოფურიას და ყველა ჩვენს წარმატებულ სპორტსმენს იმისათვის რომ, მომავალი თაობის ინტერესები თანდათან ტელეფონებიდან სტადიონებისკენ, სავარჯიშო დარბაზებისკენ და ჯანსაღი ცხოვრებისკენ მიმართეს. ჩვენი წარმატებული მომავალი სწორედ ჯანსაღ და მოაზროვნე თაობაზე დგას.