დიდ ბრიტანეთში, საუთპორტში დანით თავდასხმის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა. შემთხვევა ორშაბათს, ერთ-ერთ ცეკვის სკოლაში მოხდა. პოლიციის განცხადებით, თავდასხმისას 9 ადამიანი დაშავდა, 3 კი გარდაიცვალა – 9 წლის ალისა დასილვა აგიარი, 6 წლის ბებე კინგი და 7 წლის ელსი დოტ სტენკომბი.
ბავშვთა საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ორი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია.
“გუშინ საუთპორტში მომხდარი გულისამაჩუყებელი ინციდენტის შემდეგ, საავადმყოფოში 7 ბავშვი მოიყვანეს. სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, სამი გარდაიცვალა. დარჩენილი ბავშვები აგრძელებენ მკურნალობას… ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ვლოცულობთ ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მათ დახმარებას” – ნათქვამია საავადმყოფოს განცხადებაში.
- პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა – ის 17 წლის არასრულწლოვანია. მისი ვინაობა ჯერჯერობით არ საჯაროვდება. დაკავებული პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და სამშაბათს დილით დაკითხეა. დანაშაულის მოტივი უცნობია.
- საუთპორტი პატარა ზღვისპირა კურორტია. პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და სხვა ოფიციალური პირები სამშაბათს ეწვივნენ თავდასხმის ადგილს, პატივი მიაგეს მსხვერპლს და მადლობა გადაუხადეს სასწრაფო დახმარების მუშაკებს, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ.
ორშაბათს მომხდარი ტრაგედია დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საშინელ თავდასხმად დასახელდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში დანით დანაშაული გაიზარდა, მასობრივი დაჭრის შემთხვევები ძალზე იშვიათია. 2024 წლის აპრილამდე ინგლისში დანით თავდასხმის 48,341-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. ინციდენტების მეოთხედზე მეტი ლონდონში მოხდა.
წყარო: BBC