ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ახალგაზრდა ქალი, ფიქრია ტუგულაშვილი დღეს, 1-ელ სექტემბერს მიაბარეს მიწას. ორი მცირეწლოვანი შვილის დედა მშობლიურ სოფელში დაკრძალეს. სამი ადამიანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ზვიად ზურაბაშვილი ახლა ციხეშია გამოკეტილი, თუმცა მან სასამართლო პროცესზე თავისი ქმედების გამართლება სცადა. ამბობს, რომ ცოლი და მისი ბავშვობის ძმაკაცები ეჭვიანობის ნიადაგზე დახოცა. ფაქტია, ის არ ნანობს ჩადენილს, უფრო მეტიც, ამბობს, ახლა ცოცხლები რომ იყვნენ, იმავეს გავიმეორებდიო. მიზეზად ღალატს ასახელებს. ამ ვერსიის არ სჯერა არავის და ყველა დარწმუნებულია, რომ ბრალდებული ცილს სწამებს მეუღლესა და ბავშვობის მეგობრებს, რომელთა დასახოცად ხელი არ აუკანკალდა.
ტრაგედიის ადგილას, გურჯაანის სოფელ ახაშენში დიდი გლოვაა. სწორედ ზურაბაშვილის მეზობლად ცხოვრობდნენ მოკლული ბიჭები მალხაზ მამისაშვილი და როინ კობიაშვილი. ამ ბიჭებს იქ ყველა დადებითად ახასიათებს და დარწმუნებულები არიან, რომ ბრალდებულის ავადმყოფურ ეჭვიანობას შეეწირნენ უდანაშაულო ბიჭები. ყველა მეზობელი ამბობს, რომ ბრალდებული პათოლოგი იყო, ის უმიზეზოდ ეჭვიანობდა და სიმთვრალეში საერთოდ უკონტროლო ხდებოდა.
ამ არსებას არ შეიძლება ადამიანი უწოდო. რამხელა უბედურება დაატრიალა და კიდევ სახელს უტეხს თავის გადასარჩენად ცოლსაც და მეგობრებსაც, ეს ეჭვიანი, პათოლოგი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს და არ უნდა იხილოს დღის სინათლე. თქვენ არ იცით როგორი უპატიოსნესი გოგო და ბიჭები დახოცა”,- ამბობს ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი.
ძალიან მძიმე აღმოჩნდა შვილმკვდარი ოჯახისთვის მკვლელობაში ბრალდებულის მიერ პროცესზე ნათქვამი ბრალდება, რომ მან მეუღლე და მისი ბავშვობის მეგობრები ღალატის გამო დახოცა. ფიქრიას დედა, მაია ზათიაშვილი ამბობს, რომ ამ უმძიმესმა ცილისწამებამ კიდევ მეტად გაანადგურა მისი ოჯახი და ის კატეგორიულად მოითხოვს დამნაშავემ პასუხი აგოს ამ საშინელი ცილისწამებისთვისაც.
დედა დარწმუნებულია, რომ ეს მკვლელობა ზვიად ზურაბაშვილს წინასწარ განზრახული ჰქონდა და რომ ქმრის პათოლოგიური ეჭვიანობის გამო მისი ქალიშვილი უმძიმეს მდგომარეობაში იყო. როგორც ამბობს, წლების განმავლობაში მისი შვილი მალავდა, რომ მოძალადის მსხვერპლი რომ იყო. ერთხელ სასწაულად გადარჩენილი კი მეორედ იმავე ადგილას ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილა.
მაია ზათიაშვილი:
როგორ უნდა ვიცხოვრო ამ ტკივილით. შვილი ასეთი სისასტიკით მოგვიკლა და კიდევ ვისმენთ მის ცრუ ბრალდებებს. ჟურნალისტები მის გამაოგნებელ ცრუ ბრალდებას ავრცელებენ და არავინ კითხულობს ჩემი შვილის ამბავს. მოვიდნენ სოფელში, ნებისმიერ ადამიანს ჰკითხონ, როგორი შვილი მყავდა. ასეთ ცილს როგორ სწამებს ის გარეწარი ჩემს შვილს. ფიქრია ძალიან გულჩათხრობილი გოგო იყო, არ უყვარდა ჩვენთან საუბარი იმაზე, თუ რა პრობლემები ჰქონდა ოჯახში. დიდ ხანს მალავდა ამ ამბავს. არც კი ვიცოდით ასეთი ავადმყოფის გვერდით რომ ცხოვრობდა. მკვლელი ისე გვაჩვენებდა თავს, თითქოს საუკეთესო იყო. რა დღეში იყო ფიქრია, ეს გავიგეთ პირველად მაშინ, როცა ქმარმა დაჭრა. მაშინ სასწაულად გადარჩა. ამის შემდეგ აღიარა ჩემმა შვილმა ჩვენთან, რომ საშინელი, ეჭვიანი ქმარი ჰყავდა. მუდმივად ტერორის ქვეშ უწევდა ცხოვრება. ეზოში რომ ჩასულიყო ან მაღაზიაში მესიჯი უნდა მიწერა მისთვის და ნებართვა უნდა აეღო. ეტყოდა თურმე ფიქრიას სამუშაოდ მივდივარო, ან სოფელში მივდივარო და სინამდვილეში იჯდა სადარბაზოსთან და “ზვერავდა” ჩემს შვილს.
ვიდრე ბინას შეიძენდნენ, ნაქირავებში ცხოვრობდნენ, თურმე იმ ბინაში კამერები დაუყენა და ისე აკონტროლებდა. ყველაფერი, ყველა ნაბიჯი მას უნდა სცოდნოდა. სულ მოკვლით ემუქრებოდა. უსაფუძვლოდ შეეძლო ეეჭვიანა. თურმე ეუბნებოდა, ახლა სასაფლაოზე შენი “რეშოტკა” უნდა იღებებოდესო. ეს, რაც მიამბო ჩემმა შვილმა, დარწმუნებული ვარ, ბევრ რამეს არც ჰყვებოდა…
სასწაულად გადარჩა მაშინ, ამხელა დანაშაული ჩაიდინა და ამასაც არ ნანობდა, აქეთ მოდიოდა იერიშზე, უთქვამს მერე, მე რომ იმ ღამეს თოფი მეპოვა, უნდა დამეხოცეთ, ყველაფერი შენს თავს დააბრალე, ღირსი ხარო. იმ დაჭრის შემდეგ თბილისში ჩემს შვილთან ერთად ვიყავი. 13 ივნისს გამოვიდა ეს სასტიკი მკვლელი ციხიდან, ჩემი შვილის დაჭრის გამო იხდიდა სასჯელს. იმ ღამეს ჩაალაგა ტანსაცმელი ფიქრიამ და ბავშვებთან ერთად უნდა წამოსულიყო ჩვენთან სოფელში. დილით მუხლის ჩოქზე დადგა, ღრიალებდა, ოღონდ ახლა მაპატიე და შევიცვლებიო, – ფიქრიამ მითხრა, – ბავშვებისთვის კარგი მამაა და ჩემი შვილების ხათრით დავრჩებიო. შერიგდნენ და ასე გააგრძელეს ცხოვრება ერთად. სულ ვურეკავდი და ვეკითხებოდი, როგორ ხართ- მეთქი. ფიქრია მეუბნებოდა, – კარგად ვართო. ეტყობა მიმალავდა ახლაც. წელიწად ნახევარი იჯდა ციხეში და კიდევ ჰქონდა ორი წელი პირობითი დარჩენილი. ჩემს შვილს ეტყობა იმედი ჰქონდა, ამ პირობითი სასჯელის დროს ახალ დანაშაულს არ ჩაიდენდა.
მკვლელობის მცდელობისთვის ასეთი პატარა სასჯელი რატომ მიესაჯა?
– ამხელა დანაშაული ჩაიდინა და ფიქრიამ მაინც არ უჩივლა, თუმცა კლინიკაში რომ გადაიყვანეს, გახმაურდა. სიკვდილს გადარჩენილმა მომიყვა, რა დღეში იყო და როგორ უთვალთვალებდა… მერე ჩასვეს ციხეში. ციხიდან ყოველდღე ურეკავდა, ავადმყოფი დედა ჰყავდა და ამ ამბის შემდეგ ჩემი შვილი მას უვლიდა – გადაარჩინა, ფეხზე დააყენა. ციხიდან ჰპირდებოდა მე აქ აღარ შემოვბრუნდები და მე ვიცი, ამის შემდეგ როგორ ცხოვრებას დავიწყებო. უხაროდა ჩემს შვილს ამ იმედებს რომ აძლევდა და ეგონა, გამოსწორდებოდა. ციხიდან რომ გამოვიდა, ამის შემდეგ ყაზბეგში იყვნენ დასასვენებლად ერთად წასულები, იქიდანაც განერვიულებული ჩამოვიდა ფიქრია, მითხრა, ლუდს სვამდა ვიღაც გოგონებთან ერთად, მე არ გავსულვარ, რატომ არ გამოხვედი და არ დაჯექი ჩვენთან ერთად, ამაზე ამიშარდაო.
– ტრაგედიის დღეს წამოვიდა ფიქრია თქვენი სახლიდან მეუღლის სახლში?
– 4 დღის ჩამოსულები იყვნენ ფიქრია და ბავშვები სოფელში. რომ ჩამოვიდა ფიქრია, მითხრა, ერთი დღით უნდა წავიდე ახაშენში, ხელოსანი აბაზანას გვიკეთებსო. ისიც მითხრა, რემონტს მახო აკეთებსო… ერთად გაზრდილები იყვნენ. თბილისში მთელი სახლის რემონტი ამ ბიჭის გაკეთებულია და სოფელშიც ის ეხმარებოდა. ორივე მოკლული მეგობრობდა მასთან, როგორც ვიცი, ციხეში მყოფს ფულსაც ურიცხავდა ორივე. ყოველდღე ურეკავდა ფიქრიას ზვიადი იმ დღეებში, მაგრამ ეჭვი არაფერში შემიტანია, სხვა დროსაც ასე იცოდა, – კითხულობდა ცოლ-შვილს. ფიქრია რომ დაჭრა, ამ ამბის ნერვიულობაზე ჩემს უმცროს შვილიშვილს ენის პარალიჩი დაემართა და ენა ებმებოდა. ჩემმა მეუღლემ ცხვარი შეუთქვა სალოცავს და 29 აგვისტოს მთელი ოჯახი უნდა წავსულიყავით სალოცავში, ამისთვის ვემზადებოდით. 28 აგვისტოს მარიამობას დილით წავიდა ფიქრია იმათ სოფელში, – ხელოსანი უნდა მოვიდესო. მერე მომწერა მესიჯი, დედა ჩავედი, კარგად ვიმგზავრე, ახლა ნანისთან ვარ, ყავას ვსვამ და დავიწყებ დალაგებასო. ჩემი შვილის მკვლელის ბიცოლა ცხოვრობს მათი სახლის გვერდით და იქ იყო. ის ნათესავი ქალი ამბობს, კარგ ხასიათზე იყვნენ, ყავაც დავალევინე, საჭმელიც ვაჭამე და გავიდნენო, მერე რომ შევედი სახლში, მახო აბაზანაში ეგდო მოკლული, ფიქრია სამზარეულოში და თვითონ მკვლელი გაქცეული იყოო.. “გეკოდან” უსვრია ორივესთვის.
ამბობენ, სახლში ბევრი იარაღი ჰქონდაო...
– ფიქრიასგან ვიცოდი, რომ სულ ყიდულობდა. დედამისი ემიგრაციაში იყო და ფულს რომ გამოუგზავნიდა, იმით ყიდულობდა. ეს ჩემი ჰობია და ბავშვობაში რაც სურვილები მქონდა ყველაფერი უნდა ავისრულოო, – უთქვამს. ჩემს მეუღლესთანაც მოუხდა კონფლიქტი იარაღის გამო. დათვრა და უმისამართოდ ისროდა. ჩემმა მეუღლემ უთხრა, ასე სროლა როგორ შეიძლება, ვინმეს რომ მოხვდესო. იკამათეს ამის გამო. მოჰქონდა იარაღი და მთვრალი ისროდა. როგორც ვიცი, რომ დათვრებოდა თბილისის ბინაში, იქაც ისროდა. ციხეში რომ იყო და ფული დასჭირდა, მაშინ რამდენიმე იარაღი გაყიდა. ის რომ ციხეში იყო, ფიქრია ცხოვრობდა თბილისში მათ სახლში, დედამთილთან და შვილებთან ერთად და დედამთილს უვლიდა.
ჩემი ბიჭი ემიგრაციაშია და იქიდან ფინანსურად სულ ეხმარებოდა, რომ არ გასჭირვებოდა, რადგან ბავშვების ექიმებისთვისაც სჭირდებოდა ფიქრიას ფული. ჩვენც სულ ვეხმარებოდით, მათთვის ვცხოვრობდით. ორი შვილის დედა ვარ, ბიჭი საზღვარგარეთ არის და მას ჩვენი დახმარება არ სჭირდება. ჩვენ ამ ოჯახს ვინახავდით. ბინის საყიდელი ფულის ნაწილის ჩემმა ვაჟმა მისცა, მერე სამზარეულოც უყიდა. სულ გვერდში ვედექით და დღეს ამხელა ტრაგედიის წინაშე ვართ. ბავშვებს დედა მოუკლა და ვერ ვეუბნებით, რომ დედა აღარ არის ცოცხალი. არ ვიცი, ეს ყველაფერი მათ ფსიქიკაზე როგორ აისახება. ჯერ არ არიან დედის დაჭრის სტრესიდან გამოსულები და ახლა ამხელა ტრაგედია დაგვატყდა თავს. უფროსი გოგონა ხვდება იმას, რაც მოხდა. უთქვამს, ბებო რომ ტიროდა და ხალხი მოვიდა, მე მოვისმინე, რაც მოხდაო. უმცროსი ახლაც ელოდება დედას, უთქვამს, დედა ვიდრე არ მოვა, აქ ვიქნებიო. ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ და ახლა ძალიან მეშინია კიდევ მეტად არ გაურთულდეთ მდგომარეობა. არ ვიცი, როგორ ვუთხრა, რომ დედა მოუკლეს. უფროსი გოგო 11 წლის არის, უკვე ხვდება ყველაფერს. ციხეში რომ იყო მამამისი მაშინ წერილი დაუწერია და საყვედურობდა მას თავისი ქმედებების გამო. ეს წერილი ფიქრიამ წაგვაკითხა. ძალიან მძიმე ემოციებში იყო ბავშვი. ტკივილიანი წერილი ფიქრიამ დახია და არ მიუცია ადრესატისთვის, იფიქრებს მე დავაწერინე და ამიშარდებაო. ეტყობა ახალ კონფლიქტს მოერიდა. როგორ უძლებდა ამდენს. შეიძლება ბევრი რამ არ ვიცით კიდევ. ჩემი შვილი ამ გარეწარი ადამიანის მსხვერპლი იყო. შეიძლება არ უნდოდა ჩვენ, მშობლებს გული გვტკენოდა და ამიტომ არ გვიყვებოდა. ძალიან გულჩათხრობილი, წყნარი, მშვიდი, გაწონასწორებული, უპატიოსნესი გოგო იყო ჩემი ფიქრია. ნებისმიერ ადამიანს ჰკითხეთ და ის გეტყვით, როგორი შვილი მყავდა. სულ მეშინოდა დაჭრის მერე და ყოველდღე ვკითხულობდი. განსაკუთრებით მისი ციხიდან გამოსვლის შემდეგ ვღელავდი
ციხიდან გამოსვლის შემდეგ კონფლიქტი არ ჰქონიათ?
– მაინც არ ისვენებდა. ფიქრიამ მითხრა, ცოტა ნასვამი იყო და ისევ იღრინებოდაო. ასე უთქვამს, მე დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემს დაჭერაში ფული გადაიხადა შენმა ძმამ და მალე მაგ საქმესაც გავარკვევო, – იმუქრებოდა თურმე.
მჯერა, მას წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი ჩემი შვილის მკვლელობა. ასეთი წამებით მოკლა უდანაშაულო გოგო და ახლა მართლა საშინელი მოსასმენია ის ბრალდებები, ის ცილისწამება, რაც მისგან ისმის. ამისთვის მან პასუხი უნდა აგოს. ამხელა ტრაგედიის შემდეგ კიდევ თავის მართლებას ცდილობს, კიდევ ჩირქს სცხებს ჩემი შვილს. სულ ვეხვეწებოდე, – წამოდი იქიდან-მეთქი.
ფიქრია ფაქიზი სულის გოგო იყო. იმასაც განიცდიდა რომ სულ ძმა ეხმარებოდა, არ მინდა, მთელი ცხოვრება ჩემი ძმის კისერზე ვიყოო.
შვილების გამო გაწირა თავი. ახლა რა ვქნა, ჩემი მოკლული შვილი ვიდარდო, თუ ბავშვები, რა ვუთხრა მის შვილებს, რატომ მოუკლეს დედა. უამრავი ადამიანი მისამძიმრებს, ყველა ტირის ჩემს შვილს. დიდი და პატარა. უნდა ვაგებინო პასუხი დამნაშავეს. უზომოდ სვამდა თითქოს სასმელი არ ჰქონდა ნანახი, მერე იარაღსაც უმისამართოდ ისროდა. მოსაწევებსაც ეწეოდა. ერთხელ ჩემმა მეუღლემ ახლობლის დაბადების დღეზე წაიყვანა ბუნებაში, იქ მოსაწევიც მოუწევია და დაულევია, მთლი ღამე დაიკარგა. ვერ მოაგნო სახლამდე, ჩემი გოგო სულ შიშებით ცხოვრობდა, ვინ იცის, კიდევ რამდენი რამე დამიმალა და ასე ჩაიკლა გულში თავისი პრობლემები, რამაც ამხელა უბედურებამდე მიგვიყვანა. გაგვანადგურა, ვითხოვ, სამუდამოდ გამოკეტონ ციხეში ეგ არაკაცი…