ხედავ? უკვე “ნაპოლიდანაც” გაგდებენ, მადლობა კონტეს და დე ლაურენტისს გონივრული გადაწყვეტილებისთვის!” – ოსიმენის სიძე

ვიქტორ ოსიმენის სიძემ, ოსიტა ოკოლომ, პლატფორმა”ტვიტერზე” განცხადება გაავრცელა და “ნაპოლის” პრეზიდენტსა და მთავარ მწვრთნელს ვიქტორის პირველი გუნდიდან ჩამოშორებისთვის მადლობა გადაუხადა.

მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ ოკოლომ ოსიმენი საკუთარი დის დაჭერაში დაადანაშაულა.

“ვიქტორ ოსიმენმა სახელმწიფო სამსახურის დეპარტამენტი გამოგზავნა თავისი დის (ჩემი მეუღლე) დასაკავებლად იმ საქმის გამო, რომელიც სასამართლოშია ჩემსა და მას შორის”, – აცხადებდა ოკოლო.

როგორც ირკვევა,”ლილიდან” “ნაპოლიში” ოსიმენის ტრანსფერის შუამავალი ოკოლო იყო, რომელიც ნიგერიელ ფორვარდს ამის სანაცვლოდ წლებია კომპენსაციას სთხოვს, მაგრამ ფული მისგან ვერ მიიღო. ოკოლო სწორედ ამას უკავშირებდა მეუღლის დაპატიმრებას.

“მადლობა დე ლაურენტისს და ბატონ კონტეს გონივრული გადაწყვეტილებისთვის და ოსიმენის პირველი გუნდიდან ჩამოცილებისთვის. მან 2 წლის განმავლობაში გუნდი ტოქსიკური გახადა. ხედავ? უკვე “ნაპოლიდანაც” გაგდებენ. არცერთი მოთამაშე არ არის გუნდზე დიდი! ამ სიტუაციიდან ეს გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ”, – დაწერა ოკოლომ.

შეგახსენებთ, ოსიმენი პირველი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს. ნიგერიელს ბოლოს არაბულ “ალ აჰლის” უკავშირებდნენ, თუმცა მოლაპარაკებები ბოლო წამს ჩიხში შევიდა.