სოფელ ქეშალოში, გასული წლის ნოემბერში სასტიკად მოკლული ჯავიდ მამედოვის მამა სასამართლოს განაჩენზე “კურიერთან” საუბრობს. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული ბაზირგან მახმუდოვი დამნაშავედ ცნეს. მოკლულის ოჯახი ჰყვება, რომ ბავშვების მეგობრებს მეცხოველეობის ბიზნესი ჰქონდათ, რა დროსაც მათ შორის ფინანსური დავა წარმოიშვა. მამედოვები ამბობენ, რომ მახმუდოვებს მათი ქონების, მათ შორის კაფე-ბარის ხელში ჩაგდება სურდათ, სწორედ ეს ობიექტი გახდა მკვლელობის მიზეზიც. მამა, იხსენებს, რომ დანაშაულის დღეს მისი შვილი თანამშრომლის ქორწილში იმყოფებოდა, საზეიმო ცერემონია კი მალე ტრაგედიის ადგილად იქცა.
მახმუდოვების სახლი ახლა დაკეტილია. მკვლელობის შემდეგ ბრალდებულის ოჯახი სოფელ ქეშალოში აღარ უნახავთ. დანაშაულს ათობით მოწმე ჰყავს, თუმცა მომხდარის დეტალებზე ადგილობრივებს ღიად საუბარი არ სურთ.
განაჩენის შეფასება არ ისურვა ბრალდებულის ადვოკატმაც. ბაზირგან მახმუდოვის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ უნახავს, თუმცა კითხვაზე – აპირებს თუ არა ვერდიქტის გასაჩივრებას ადვოკატი პასუხობს: – “ავიღოთ ეს განაჩენი და იქიდან გამომდინარე[ვისაუბროთ]. არ აგვიღია, ავიღებთ კვირის ბოლოს და შემდეგ ჩამოვყალიბდებით,” – ამბობს ბრალდებულის ადვოკატი, არჩილ დვალიშვილი “კურიერთან” სატელეფონო საუბრისას.
ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი მოულოდნელი არ ყოფილა ბრალდების მხარისთვის. პროკურორი “კურიერთან” ამბობს, რომ საქმეში არაერთი უტყუარი მტკიცებულება დევს. დანაშაულში სხვა პირების შესაძლო მონაწილეების დადგენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით, გამოძიება ახლაც გრძელდება.
ბაზირგან მახმუდოვი მკვლელობის ბრალდებით ციხეში 10 წელს გაატარებს. სამომავლოდ კი, შესაძლოა საქმეზე ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.