ქალები საქართველოდან” ფარგლებში გამოქვეყნდა 36 წლის ნინო დევნოზაშვილი-შაინიძის ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ნინო დევნოზაშვილი-შაინიძე, 36 წლის, ბოლნისი/ზემო აჭარა
“ჩემს ოჯახში ბიბლია და ყურანი გვერდიგვერდ ინახება.
13 წლის ვიყავი, აჭარელი მუსლიმი ბიჭი როცა შემიყვარდა. მაშინ არ გამიცნობიერება, რაიმე გამოწვევის წინაშე თუ დავდგებოდი, არ გადამიაზრებია, ჩვენს კულტურაში განსხვავებული მრწამსი გამოწვევების წინაშე თუ დაგვაყენებდა.
პირველად ეს შეკიხთვა თავს სტუდენტობის ასაკში დავუსვი. ამ პერიოდში უკვე მართლმადიდებელი მაზიარებელი ვიყავი და ეკლესიური ცხოვრებით ვცხოვრობდი. ერთხელ თბილისში ჩამომაკითხა და ნარიყალაზე გავისეირნეთ. ტაძარში შესულს არ შემომყვა, გარეთ დაგელოდებიო. მაშინ პირველად შევშინდი. კი არ გავბრაზდი, უბრალოდ ვინერვიულე, რადგან ვიცოდი, მალე დავქორწინდებოდით და მუსლიმების ოჯახში მომიწევდა ცხოვრება, ნათლად ვერ დავინახე, როგორი იქნებოდა ჩვენი თანაცხოვრება. იმდენად დიდი სიყვარული გქონდა, რომ რელიგიურ განსხვავებულობას არ ვთვლიდით წინააღმდეგობად და არც ერთისთვის არ მოგვიხვევია თავს ჩვენი მრწამსი. მთავარი იყო გარემო და საზოგადოებასაც ეს გაეთავისებინა და სოციალურ წნეხს ავრიდებოდით.
ჩემი მშობლები ეკლესიურად არ ცხოვრობდნენ და დიდ წინააღმდეგობას მათი მხირდან არ წავწყდომივარ. თუმცა ბებიას შეგონებები მახსოვს. არ ვიცი, საიდან მოძებნა ზაზას თანასოფლელი და მეგობარი გოგონა, რომელმაც შეატყობინა, რომ „თავმოყვარე“ გოგო `„იმ მუსულმანების“ ოჯახში როგორ უნდა შესულიყო. ბებია მაფრთხილებდა, რომ გამიჭირდებოდა მათი ტრადიციების მიღება. ისეთი განწყობა იყო ჩემს ახლობლებში, რომ სადღაც მრცხვენოდა კიდეც, მეგობრებთან მეთქვა, ჩემი შეყვარებული მუსლიმი იყო. ერთხელ ზაზამ თვითონ თქვა მათი თანდასწრებით საკუთარ აღმსარებლობაზე და მახსოვს ის შოკირებული გამომეტყველება მეგობრების სახეებზე.
ჩემმა მოძღვარმაც წინააღმდეგობა გამიწია, მაგრამ რომ შემატყო, სიყვარულზე უარს არ ვიტყოდი, მთხოვა, რადგან შენი თავგანწირული სიყვარულის ისტორიას მიყვები, მაშინ რაც იქ დაგხვდება, სიმშვიდით მიიღე, არაფერზე არ გქონდეს პროტესტიო.
ზაზა ისე მიყვარდა, რომ წარმოუდგენლად მიმაჩნდა მისი დათმობა. ვერც ჩემს აღმსარებლობას დავთმობდი და დარწმუნებული ვიყავი, ამ არჩევანის წინაშე არასდროს დავდგებოდი.
ჩემს ქმარსაც ქონდა წინააღმდეგობა ოჯახიდან: ქრისტიანი გოგო ჩვენს ტრადიციებს ვერ შეეგუება და ოჯახი დაინგრევაო.
მეორე კურსი რომ დავამთავრე არავისთვის აღარ გვიკითხავს, ისე გავიპარეთ. მახსოვს იმ წელს 5 მაისს უწევდა აღდგომა და 5 მაისს პირველად შევედი ზაზას ოჯახში. ზაზას მშობლები ღრმად მორწმუნე მუსლიმები არიან. სახლში ყველაფერი ისე დამხვდა, როგორც მუსლიმურ სალოცავებში: კედელზე გამოკრული იყო არაბული ლოცვები ყურანიდან, ყველგან მუსლიმური სიმბოლოები ეკიდა, თაროებზე მუსლიმური ძველი წიგნები იდო. მუსლიმური ტრადიციის მიხედვით, ახალმოსული რძალი საცერში გამახედეს და ნალოცი ტკბილი წყალი დამალევინეს. პირველი სამი დღე კულტურული შოკისგან ფიზიკურად ისე დავსუსტდი, ლოგინიდან ვერ ვდგებოდი. ჩემი მამამთილი თავთან მეჯდა და ლოცვებს მიკითხავდა. არ მომცილდა, სანამ არ დავდექი.
ერთი წელი ორი სხვადასხვა კულტურის და რელიგიის ადამიანების თანაცხოვრების და შეგუების წელი იყო. ყოველდღე ვრწმუნდებოდი იმ სოციალური შეხედულების სიმცდარეში, რაც საზოგადოებას აქვს განსხვავებული აღმსარებლობის ადამიანების მიმართ. ამ კულტურული იარლიყების მიღმა განათლებული, კეთილშობილი და ლაღი ადამიანები დამხვდნენ.
მხოლოდ ერთადერთხელ მითხრა ჩემმა დედამთილმა, ნინო, ჩვენ ამდენი ვართ, ყველას ვერ შეგვცვლი და ხომ არ დაფიქრდებოდი ჩვენი სარწმუნოების მიღებაზეო. ვუპასუხე: „მე ვარ ბედნიერი რომ ვარ თქვენს ოჯახში და ისევე როგორც არ მიშლის ხელს თქვენი სარწმუნოება, ჩემმა აღმსარებლობამაც არ უნდა შეგიშალოთ ხელი. მე უნდა ვატარო ჯვარი, თანაც ღიად“. „კეთილი“,-მიპასუხა და მას მერე მსგავსი შინაარსის საუბარი აღარ გვქონია.
ჩემი მამამთილი, წესისამებრ ყოველ დილით ხმამაღლა ლოცულობდა. ჩემი პატივისცემის ნიშნად, არასდროს მითქვამს უარი ბაირამის დღესასწაულზე მუსლიმურ კერძების მომზადებასა და სუფრის გაწყობაში მიმეღო მონაწილეობა, დიდი პატივისცემით ვწმენდდი მტვერს მათ რელიგიურ წიგნებს და ლოცვის წინ ხელის ნაბან წყალსაც ვასხამდი. არ არსებობს რამდენიმე ღმერთი, ეს ღმერთი ერთია, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა გამოხატვის ფორმები და თუ ამ ფორმებს პატივს არ ვცემთ, ღმერთსაც დავკარგავთ და საკუთა თავსაც.
ამის პარალელურად ოჯახში მართლმადიდებლური ხატების კუთხე მქონდა, სადაც ვლოცულობდი. ყოველ აღდგომაზე ჩემი დედამთილი ჩემს საპატივცემულოდ კვერცხებს ღებავდა და პასკებს აცხობდა. მიუხედავად მათი ტრადიციებისა, არასდროს უთხოვიათ ჩემთვის განსაკუთრებული ჩაცმულობა. ჩემი სწავლის გაგრძელებას და კარიერულ წინსვლას ერთი წინააღმდეგობაც არ შეხვედრია. მე მათ ბაირამს ყოველთვის ვულოცავდი, ისინი – ჩემს მართლმადიდებლურ დღესასწაულებს. ეს იყო ჩემი სტერეოტიპების დამსხვრევის და ახალი უკეთეს სამყაროში კარის შეღების პერიოდი.
გულისწყენებიც მახსოვს, ოღონდ არა ოჯახისგან, არამედ საზოგადოებისგან. ხშირად მოვკრავდი ყურს მეზობლების თურქულ საუბარს და ამოვიცნობდი„ გურჯი რძალის“, როგორც განცხვავებული და უცხოს მიმართ საყვედურებს. გულისწყენა მახსოვს ჩემი ნათესავებისგანაც, როცა სტუმრად მოსულებს არაბული ესთეტიკა დახვდათ და დამცინეს. მოგვიანებით, უკვე საგანმანათლებლო სისტემაში რომ ჩავერთვე, სასკოლო პროექტის დროს პედაგოგებთანაც მომიწია ხმამაღალი შელაპარაკება, როცა აჭარლებისა და ქართველების განსხვავება დაიწყეს. ნარატივი ცნობილია, თუ აჭარელი ხარ, გარეგნობით, კულტურულად და სოციალურად დაბალ დონეზე დგახარ. მაშინ ხმამაღლა ვთქვი, რომ დიახ, ჩემი შვილებიც და ქმარიც აჭარელი მუსულმანების ოჯახიდან არიან, მაგრამ რწმენის მიღმა ადამიანების ადამიანებად დანახვაა მთავარი.მე და ზაზას თავიდანვე შეთანხმება გვქონდა, რომ შვილებს აღმსარებლობის არჩევის თავისუფლებას მივცემდით,თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ჩემი ქმარიც და მისი და-ძმებიც მართლმადიდებლებად მოინათლენ. დღეს თითქმის ოჯახის წევრთა უმარვლესობა მართმადიდებელია. ამან ზაზას დედა ძალიან დაამწუხრა. ოღონდ მას ეს არასდროს პირად საუბარში არ უთქვამს. ჩუმად განიცადა. ფინანსური მდგომარეობის გამო, ბოლნისში გადმოსვლა მოგვიწია. მეც და ზაზაც აქ ვმუშაობთ. მე სკოლის დირექტორის მოადგილე ვარ და ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი. წელიწადში 4-ჯერ მაინც ავდივართ აჭარაში. ბავშვებმა იციან, რომ მათი ოჯახის წევრების ნაწილი მუსულმანები არიან და ეს სულაც არ არის სირცხვილი. ზუსტად ისევე უნდა სცენ პატივი მათ რელიგიას, როგორც საკუთარის პატივისცემა სურთ.”
°პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის “ქალები საქართველოდან”(ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი “ქალები საქართველოდან”. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის
° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.
° #ქალებისაქართველოდან