სოსო პავლიაშვილი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული წარმოშობის მომღერალია. რუსმა თაყვანისმცემლებმა მას არაერთი მეტსახელი მოუფიქრეს, როგორებიცაა: “აღმოსავლური მუსიკის მეფე”, “მთების რაინდი”. ის არასდროს მალავდა, რომ ბევრი შეყვარებული ჰყავდა, მაგრამ მხოლოდ ერთმა მოახერხა მისი გულის სამუდამოდ მოგება – ეს ირინა პატლახია, – წერს რუსული მედია. ის მისთვის საიმედო მხარდაჭერი და მფარველი ანგელოზი გახდა, ყველაზე რთულ დროსაც კი მის სიახლოვეს რჩებოდა. 2024 წლის 29 ივნისს პავლიაშვილს 60 წელი შეუსრულდა და მან უკვე შეადგინა ანდერძი.
მევიოლინედან ვოკალის შემსრულებლამდე
სოსო პავლიაშვილი 1964 წლის 29 ივნისს თბილისში დაიბადა. ექვსი წლის ასაკში ვიოლინოზე დაკვრა შეისწავლა და სწრაფად მიაღწია წარმატებას. ის თბილისის კონსერვატორიაში ჩაბარებაზე ოცნებობდა და საქართველოს საუკეთესო მასწავლებლებთან სწავლობდა. გამოცდებზე უმაღლესი შეფასება მიიღო და გახდა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კურსდამთავრებული კონსერვატორიის ისტორიაში.
სკოლის დამთავრების შემდეგ პავლიაშვილი ჯარში წავიდა, სადაც ესტრადით დაინტერესდა. დასრულების შემდეგ კი ვიოლინო დადო და სიმღერა დაიწყო. გარდამტეხი მომენტი მის კარიერაში 1988 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე გახდა, სადაც ქალაქ კალგარიში, სცენაზე ცნობილი ქართული სიმღერა „სულიკო“ შეასრულა, რომელმაც ნამდვილი სენსაცია გამოიწვია 50 000-იან აუდიტორიაში. მისი ავტოგრაფისთვის ასობით ადამიანი რიგში იდგა
1989 წელს პავლიაშვილმა იურმალაში, „ახალ ტალღაზე“ გრან პრი მოიგო. ამის შემდეგ კი ხელი მოაწერა რამდენიმე კონტრაქტს და დაიწყო გასტროლები დსთ-ს ქვეყნებში. პარალელურად ჩაწერა სოლო კომპოზიციები, 1993 წელს კი გამოუშვა პირველი სტუდიური ალბომი, რომელმაც მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა. 90-იანი წლების ბოლოს პავლიაშვილი სულ უფრო ხშირად გამოდიოდა რუსეთში და საბოლოოდ, მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად.
პირველი ქორწინება
სოსო პავლიაშვილს მექალთანეობისა და გულთამპყრობელის რეპუტაცია აქვს, ერთხელ მედიასთან განაცხადა, რომ ათასამდე ქალი ჰყავდა. ცნობილი მომღერლის პირველი ცოლი ნინო უჩანეიშვილი გახლდათ, რომელიც კონსერვატორიაში გაიცნო. ნინომ მომავალი ქმარი სიკეთით, ემოციურობით, ინტელექტითა და იუმორის გრძნობით გააოცა. ჯარში ყოფნისას ისინი ერთმანეთს წერილებს წერდნენ, დაბრუნების შემდეგ კი დაქორწინდნენ. 1987 წელს წყვილს ვაჟი ლევანი შეეძინათ.
მათი ბედნიერება საქართველოში დაწყებულმა შეიარაღებულმა კონფლიქტებმა შეარყია, შემდეგ პავლიაშვილი მოსკოვში გაემგზავრა, ნინო კი სამშობლოში დარჩა ავადმყოფი დედის მოსავლელად. მოსკოვში მცხოვრებმა მომღერალმა მეუღლის მოტყუება დაიწყო, მოგვიანებით ძალიან ნანობდა იმ ტკივილს, რაც ქალს მიაყენა. 90-იან წლებში დაქორწინებული მუსიკოსი ირინა პონაროვსკაიას შეხვდა, რომელთანაც რამდენიმე დუეტი ჩაწერა. მართალია, სოსო მომღერალთან რომანს ოფიციალურად არ ადასტურებდა, მაგრამ მის მიმართ სიყვარულს არ მალავდა.
როდესაც ლევან პავლიაშვილს 15 წელი შეუსრულდა, მშობლებმა დაშორება გადაწყვიტეს. მათმა ურთიერთობამ ვერ გაუძლო დისტანციას. პავლიაშვილმა შვილი მოსკოვში წაიყვანა, სადაც ბიჭმა სუვოროვის სამხედრო სკოლა დაამთავრა. ლევანს სიმღერა სურდა, მაგრამ სოსო თავიდან კატეგორიული წინააღმდეგი იყო. დღეს ის სცენაზე მამასთან ერთად გამოდის და წარმატებით მუშაობს მენეჯერად მამამისის კუთვნილ რესტორანში.
მფარველი ანგელოზი, რომელმაც ის ეპილეფსიისგან განკურნა
პავლიაშვილი დარწმუნებული იყო, რომ ამქვეყნად შემთხვევით არაფერი ხდება. 1996 წელს თბილისში საშინელ ავარიაში მოყვა. მისი მეგობარი ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან იჯდა. შემთხვევის შედეგად სოსომ თავი დაარტყა, გონება დაკარგა და როცა გონს მოვიდა, გაიგო: “სოსო მოკლეს“.
ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ჭრილობები გაუკერეს, თუმცა მისი ჯანმრთელობის პრობლემები არ დასრულებულა. მომღერალმა მძიმე ტვინის შერყევა მიიღო, რამაც საბოლოოდ პოსტტრავმული ეპილეფსიის განვითარება გამოიწვია. მას ყოველ ღამე ეწყებოდა კრუნჩხვები და მეორე დილით მომხდარს ვერ იხსენებდა.
მაშინ პავლიაშვილი კონცერტებზე ფიზიკურად ვერ გამოდიოდა. მეგობრებისგან ბინა იქირავა და ხშირად მარტო რჩებოდა, ოჯახისგან, ახლობლებისა და მეგობრებისგან შორს. მას ეგონა, რომ კვდებოდა. მოგვიანებით ექიმებმა ტრეპანაცია შესთავაზეს, მაგრამ სოსომ ოპერაციაზე უარი თქვა.
მისი თქმით, გადარჩენაში მისი პირადი „მფარველი ანგელოზი“, ირინა პატლახი დაეხმარა. სოსო მას ხმის ჩამწერ სტუდიაში შეხვდა, სადაც სამუშაოდ მივიდა. იმ დროს გოგონა 16 წლის იყო და ასაკობრივმა სხვაობამ თავიდან მომღერალი დააბნია. ის დიდხანს ვერ ბედავდა ირინას მიმართ გრძნობების გამოხატვას. მათი პლატონური რომანი ირინას ზრდასრულ ასაკამდე გაგრძელდა, რის შემდეგაც სერიოზული ურთიერთობა დაიწყო.
სოსოს სჯერა, რომ ირინა ღმერთმა გამოუგზავნა. ქალმა 2004 წელს ლიზა გააჩინა და მომღერლის შეტევები დასრულდა. ის მუდმივად მადლობას უხდის საყვარელ ადამიანს იმ უზარმაზარი მხარდაჭერისთვის, რომელიც მან გაუწია. 2008 წელს მომღერალს მეორე ქალიშვილი სანდრა შეეძინა.
სოსო და ირინა 17 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ სამოქალაქო ქორწინებაში, 2014 წელს კი მომღერალმა მას სცენიდან დაქორწინება შესთავაზა. თუმცა საბოლოოდ 2020 წლის ბოლოს იქორწინეს.
ანდერძი 60 წლის იუბილეზე
ცნობილმა მუსიკოსმა სოსო პავლიაშვილმა განაცხადა, რომ მან შეადგინა ანდერძი, სადაც თავისი ქონება ნათესავებს დაურიგა. ანდერძის შესახებ ინფორმაცია მან 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გადაცემაში გაამხილა.
გადაცემის მსვლელობისას ირინა პატლახმა თქვა, რომ ოჯახის თითოეული წევრი მიიღებს თავის წილს: ის, ბავშვები და უახლოესი ნათესავები. ამრიგად, ოფიციალური ქორწინების არარსებობის მიუხედავად, პატლახი არ გრძნობს რაიმე დისკომფორტს და გაურკვევლობას.
თუმცა, სოსო პავლიაშვილმა განაცხადა, რომ თავს ახალგაზრდად თვლის. “60 წლის ასაკში უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, უსაზღვროდ ძლიერი და უსაზღვროდ ახალგაზრდა, რადგან ვიღაცას ვჭირდები. როცა ვინმეს სჭირდები, ყოველთვის ახალგაზრდა ხარ“, – წერს პავლიაშვილი სოციალურ ქსელში.