,მეზობელთან რა დაინახა, არ ვიცი, გამოქცეულა, ქმარს ეძახდა, გამოდი მომკლესო”- სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

სამტრედიაში მომხდარი სასტიკი მკვლელობა – “პირველებისთვის” ცნობილი ხდება, რომ პენსიონერს მეზობელმა ოჯახმა სახლი საპატრონოდ დაუტოვა.

მოკლული ქალის ოჯახის წევრი ამბობს, რომ დილის 6 საათზე 72 წლის ქალმა მეზობლის სახლში ისეთი რამ დაინახა, რის გამოც გამოიქცა, ამის შემდეგ კი “ქმარს ეძახდა, გამოდი მომკლესო”. გარეთ გამოსულ მეუღლეს კი ადგილზე ცოლის გარდა აღარავინ დახვდა და ქალი ხელებში ჩააკვდა.

როგორც ვიცი, მეზობლები იყვნენ წასულები დასასვენებლად და დაუტოვეს ოჯახი. გულით ნაოპერაციევი იყო. ადგებოდა დილით ადრე, რომ მერე სიცხეში არ გასულიყო საღამოს. იმ დღესაც გადავიდა დილის 6 საათზე, რომ ეს ქათმები დაპურებული გამოეშვა. იქ ვინ დახვდა, რა დახვდა, არ ვიცი, გამოქცეულია იქიდან. მოსულია თავის სახლის კარამდე და აქვს მიყენებული 4 ჭრილობა. მეუღლეს სახლში ეძინა და დაუძახა, ავთო მიშველე, მომკლესო. გამოვიდა მეუღლე და შეაკვდა ხელში. მკვლელი უკვე ადგილზე აღარ იყო”, – ამბობს გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრი.

მკვლელობა სამტრედიაში დღეს მოხდა. ეჭვმიტანილი 36 წლის პირია. მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული.