მსოფლიოს ყველა ერს გააჩნია თავისი ტრადიციები და ჩვეულებები, რომლებიც მიცვალებულთა დაკრძალვასთანაა დაკავშირებული. მათი უმეტესობა იმ რწმენისა და რელიგიის საკითხებს ემყარება. დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ჩვეულებებით გამოირჩევიან მუსლიმები.
მათ ტრადიციებს რამდენიმე თავისებურება გააჩნია, რომელთა შესახებაც სწორედ დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ. მაგალითად, ზოგიერთი სხვა რელიგიის წარმომადგენლისგან განსხვავებით, ისლამის მიმდევრები არასოდეს მარხავენ მიცვალებულებს მზის ჩასვლის შემდეგ, ძალიან იშვიათად იყენებენ კუბოს, და ასევე არანაირად არ ამუშავებენ ცხედარს.
და მაინც, რატომ ხდება დაკრძალვა უშუალოდ მზის ჩასვლამდე?
უნდა გვახსოვდეს, რომ მუსულმანურ ქვეყნებში მიცვალებულთა დაკრძალვის წესები აღწერილია როგორც შარიათის კანონში, ასევე ყურანშიც. ეს მოთხოვნები ძირითადად, არაბეთის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა, რომელიც ძალიან ცხელი კლიმატით გამოირჩევა. გარდა ამისა, დაკრძალვის ტრადიციები ისლამის მიმდევრებს შორის ჯერ კიდევ მრავალი საუკუნის წინ ჩამოყალიბდა.
ამიტომ მუსლიმებისთვის მიცვალებულის რაც შეიძლება მოკლე დროში დაკრძალვაა მიღებული. ყველაზე ხშირად ეს იმავე დღეს ხდება, როდესაც ადამიანი გარდაიცვალა და თან ყოველთვის მზის ჩასვლამდე. ასეთი სიჩქარე შეიძლება ძალიან მარტივად აიხსნას, რადგან ცხელ კლიმატში გვამი ხრწნას სწრაფად იწყებს. მზის ჩასვლამდე კი დაკრძალვა იმიტომ ხდება რომ ღამით ხილვადობაა ცუდი. გარდა ამისა, როგორც სხვა რელიგიებში, ასევე ისლამშიც სიბნელეში სასაფლაოების მონახულება დაშვებული არ არის.
კიდევ რით განსხვავდება მუსლიმთა დაკრძალვის ცერემონია ტრადიციული დასაფლავებისგან?
მუსლიმები არასოდეს უკეთებენ სხეულს კრემაციას და მას არანაირად არ ამუშავებენ, თუმცა სპეციალური წყლის ხსნარის საშუალებით ცხედრის განბანვა აუცილებლად ხდება. ისლამში დაკრძალვა მაქსიმალურად მოკრძალებული უნდა იყოს, რის გამოც სასახლე საერთოდ არ გამოიყენება (ან კეთდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის გადაუდებელი საჭიროებაა). ითვლება, რომ კუბო უყაირათობის ნიშანია და ის გარდაცვლილს სულაც არ სჭირდება.
ნაცვლად ამისა, მას სპეციალურ ქსოვილში ახვევენ და სამგლოვიარო საკაცით სასაფლაოზე მიჰყავთ. მუსლიმებს ასევე ეკძალებათ საფლავზე დიდი ძეგლების დადგმა, გარდაცვლილის ფოტოების განთავსება და ყვავილების მიტანა. დაკრძალვაზე ქალების დასწრება მიღებული არ არის. მათ სასაფლაოზე გასვლა მხოლოდ დაკრძალვის მეორე დღეს შეუძლიათ.