თხილის გამო დაწყებული დავა მკვლელობით დასრულდა – მარტვილში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

თხილის გამო დაწყებული დავა, რომელიც მკვლელობით დასრულდა. მარტვილში 60 წლის კაცს გლოვობენ. შემთხვევა გუშინ მოხდა.

ის მეზობელმა სანადირო თოფით მოკლა. ყელის არეში მიყენებული ჭრილობით ჯამბულ კინტირაია ადგილზე გარდაიცვალა.

სოფელში ჰყვებიან, რომ  ბრალდებული მეზობელს თხილის შეგროვებაში დახმარებას სთხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი თანასოფლელს გამთენიისას სახლში მიაკითხა და აივანზე მყოფ მეზობელს ცეცხლი გაუხსნა.

ირკვევა, რომ ბრალდებული იარაღით სხვა მეზობლებსაც ემუქრებოდა. სოფელში ამბობენ, რომ მალხაზ კვიტატიანი ადრეც იყო ნასამართლევი, ოჯახის წევრის დაჭრის გამო, თუმცა ფსიქიკური პრობლემების გამო გაათავისუფლეს. მიუხედავად იმისა, რომ სოფელს იარაღით ხშირად აშინებდა, ყურადღება არავის მიუქცევია, რაც მორიგი ტრაგედიით დასრულდა. მკვლელობის შემდეგ ბრალდებულმა გაქცევა სცადა, თუმცა ის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

 განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.