თავმოყვარე, ჯიუტი და უბანში ერთ-ერთი გამორჩეული ბიჭი ვიყავი. ვერავინ გამიბედავდა ზედმეტს ვერც მე და ვერც ჩემს ოჯახს. ვერ გეტყვით, ცოლი დიდი სიყვარულით მოვიყვანე-მეთქი, მაგრამ ძალიან მომწონდა. ყველა ბიჭი მასზე იყო შეყვარებული, უბანში რომ გაივლიდა, ყველა თვალს აყოლებდა. ჰოდა, მეც იმის გამო მოვიყვანე, რომ ასეთი ლამაზი იყო და მეგონა, დავისაკუთრე. რას წარმოვიდგენდი, თუ ამ თავმოყვარე კაცს თავზე რქებს დამადგამდა. დედოფალივით მყავდა, ხელს არ ვანძრევინებდი, ყველა ნატვრას ვუსრულებდი, მაგრამ მაინც სხვა კაცისკენ გაექცა თვალი. უფრო მეტიც – მიღალატა! ეს ამბავი, ბევრი წლის მერე გავიგე.
ერთი სიტყვით, როგორც გითხრით, თავნება და გათამამებული ბიჭი ვიყავი, უბანში ყველა მე მეკითხებოდა ჭკუას. ვამბობდი: თუ ბიჭი გამიჩნდა, აუცილებლად ისე გავზრდი, როგორც მე მინდა, არავის დავაჩაგვრინებ, ნამდვილი ვაჟკაცი გაიზრდება-მეთქი. ბიჭი რომ გაჩნდა, უნდა გენახათ, რა დღეში ვიყავი, ეკლესიაში გავვარდი, სანთლები დავანთე, ღმერთს მადლობას ვწირავდი. მერე კი მართლა ისე ვზრდიდი, არაფერი დაჰკლებია. მის თანატოლებში ყოველთვის გამორჩეული იყო. სულ ვარიგებდი: შვილო, ქუჩამ მე ბევრი რამ მასწავლა, კარგიც და ცუდიც, მაგრამ ახლა სხვა დროა, არ მინდა, შარში გაეხვე და გთხოვ, ისწავლე, განათლებული კაცი დადექი, მეამაყებოდეს შენი მამობა-მეთქი. ამაშიც გამიმართლა. თუმცა, ერთ დღესაც, შემთხვევით გავიგე, რომ ბავშვი, რომელსაც შვილივით ვზრდიდი, ჩემი ნამდვილი მემკვიდრე არ იყო. ისეთმა ადამიანმა მითხრა, ტყუილიც რომ დაეჯერება. სახლში გაცეცხლებული მოვედი და ცოლს დავეტაკე. ჯერ იუარა და რომ მივაწექი, აღაირა. ქალზე ცხოვრებაში არ ამიწევია ხელი და ისეთი გავარტყი სახეში, ხელი ამეწვა. კატეგორიულად მოვთხოვე სახლის დატოვება. მითხრა: მე და ჩემი შვილი წავალთ, მაგრამ 14 წლის ბიჭია, არ მინდა გზას ასცდეს და არ უთხრა სიმართლეო. ისე მიყვარდა ჩემი გაზრდილი ბავშვი, როგორ ავურევდი გზას? კიდევ კარგი, ამ ამბავს არ შეესწრო. სახლში რომ მოვიდა, დავსვი და ავუხსენი: მე და დედას ერთმანეთი აღარ გვიყვარს, შენ სულ მეყვარები და თუ გინდა, ჩემთან დარჩი, თუ გინდა, დედას გაჰყევი, ოღონდ შემპირდი, რომ ხშირად მინახულებ-მეთქი. გადაირია ბავშვი: აქამდე ხმამაღალი სიტყვა არ მსმენია თქვენგან და რა სიყვარულის გაქრობაზე მელაპარაკებიო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, დედა-შვილი ჩემგან წავიდა, თუმცა ბავშვი ყოველდღე მირეკავდა, მოდიოდა, მესაუბრებოდა. ფულსაც ვაძლევდი და როგორც მამა, ისე ვექცეოდი. მართლა გულით მიყვარს, ჩემი გაზრდილია და დედამისის უღირსი საქციელის გამო ვერ ვკრავდი ხელს. ზუსტად ექვს თვეში დედამისი გათხოვდა, მდიდარ კაცს გაჰყვა ცოლად. ბავშვმა მამინაცვალთან ცხოვრება არ მოისურვა, არც ბებია-ბაბუის სახლში დარჩა და საცხოვრებლად ჩემთან გადმოვიდა. უკვე, ხუთი წელი გავიდა და მართლა ისეთი მამაშვილობა გვაქვს, ბევრს შეშურდება. გიჟდება, ისე ვუყვარვარ და მეც მასზე ამომდის მზე და მთვარე. ერთი დარდი მაქვს, არავინ უთხრას სიმართლე და არ დავიღუპო, არ მკრას ხელი და რომ არ მაპატიოს სიმართლის დამალვა. თუმცა, ამასაც ავუხსნი, ვეტყვი, რომ ყველაფერი დედამისის ბრალია და რომ მეც ძალიან გვიან გავიგე. მის გარდა, ამქვეყანაზე არავინ მყავს გულშემატკივარი და მის წასვლას ვერ გადავიტან. მინდა, მალე მოიყვანოს ცოლი და დაოჯახდეს, შვილები ეყოლოს და მერე მიხვდება, როგორ მიყვარს, რამდენად ძვირფასია ჩემთვის და რას ნიშნავს, გერქვას მამა, თუნდაც სხვისი შვილის. მის გამო, მთებს გადავდგამ, ჩემს ცოლს კი ცხოვრების ბოლომდე არ ვაპატიებ ასეთ დღეში რომ ჩამაგდო. უბრალოდ, მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ ეს ბავშვი მაჩუქა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სისხლი და ხორცი არაა, მაინც მამობის ბედნიერებას მაზიარა.
ნუკრი, 48 წლის.