გემა ხაგუში საზოგადოებამ რეალითი შოუდან – “პრაიმ ჰაუსი” გაიცნო. ბავშვობა აფხაზეთში გაატარა, მოზარდობისას საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა.
გემა ჟურნალ „გზასთან“ აქამდე უცნობ დეტალებზე საუბრობს.
– ბავშვობის პერიოდიდან ყველაზე სასიამოვნოდ რა გახსენდება?
– ეზოში მანდარინი ყველას გვქონდა, მაგრამ ბავშვები რომ შევიკრიბებოდით, მანდარინის მოსაპარად მაინც მივდიოდით (იცინის)… გაგრა პატარაა. სულ 2 ქუჩა აქვს. მთაში ავდიოდით ხოლმე, ვითომ ლაშქრობაში მივდიოდით. რეალურად, ამას “ლაშქრობას” ვერ ვუწოდებთ, რადგან იქაურობა ისეთი პატარაა, რომ დილით მთაში წასულები, საღამოს ჩამოვდიოდით… როცა სკოლის გაკვეთილებს ვაცდენდით, დროს ზღვის სანაპიროზე ვატარებდით. ჩემთვის ზღვა ყველაფერია!.. ჩვენი სახლის ერთი მხრიდან ზღვის ხედი იშლებოდა, მეორიდან – მთის… იქ ყველა ერთმანეთს იცნობს. ბავშვმა დილიდან საღამომდე გარეთ რომ ითამაშოს, იცი, რომ არაფერი დაემართება – ყველამ იცის, ვისი შვილია.
როგორ გარემოში იზრდებოდი?
– ძალიან მეგობრულ გარემოში. დედა ქართველი მყავს, მამა აფხაზი იყო. პატივს გვცემდნენ, მაგრამ ბულინგიც იყო – დედაშენი ქართველიაო…
– ბულინგი ახსენე…
– აფხაზეთში საერთოდ სხვა ისტორიას გვასწავლიდნენ: თითქოს ქართველები აფხაზებს დაგვესხნენ თავს. 15 წლამდე არ ვიცოდი კომპიუტერი, ინტერნეტი რა იყო – ამის შესახებ თბილისში გავიგე. საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლის შემდეგ, უკვე ჩავუღრმავდი და ისტორიის სწავლა აქ დავიწყე. გავიგე, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, საქართველოა. ქართველები და აფხაზები ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ ომი რუსეთის გამო მოხდა. რა თქმა უნდა, აფხაზები, ასე ვთქვათ, უფრო ძლიერ მხარეს შეეკედლნენ. ბავშვებს უნერგავდნენ, რომ ქართველები მტრები არიან. იქ ცხოვრებისას მეც სწორედ ეს მესმოდა – იმ გარემოში გაზრდილი ბავშვები ასე ფიქრობდნენ, რა თქმა უნდა.
– საცხოვრებლად თბილისში ჩამოსვლა რატომ გადაწყვიტე?
– მამა რომ გარდაიცვალა, დიდ სახლში მე, დედა, ბებია და ბაბუა დავრჩით. ყველა გვიცნობდა, მაგრამ ნელ-ნელა ჩვენ მიმართ ზეწოლა “წამოვიდა” – აი, ქართველები ცხოვრობენო… გვეუბნებოდნენ, – რაღაც პატარა თანხას მოგცემთ და წადით, აქ თქვენი ადგილი არ არისო. ასე მოგვიწია თბილისში გადმოსვლამ. მით უმეტეს, ქართველი ძმა მყავს (დედაჩემის პირველი ქორწინებიდან), რომელიც 20 წლით ჩემზე უფროსია. თავად აფხაზეთში ვერ ჩამოდიოდა. აქ მარტო იყო… ახლა ყველანი ერთად ვცხოვრობთ. საერთოდ, მე თურქეთში ვცხოვრობ. საქართველოში დედის და მეგობრების სანახავად ჩამოვდივარ ხოლმე. ბოლო 4 წელი ვებ-დიზაინერად ვმუშაობდი. ჩემი ძირითადი ხელფასი თავად მყოფნიდა, მაგრამ თუ თანხა მაკლდებოდა ან ოჯახის წევრებს უნდა დავხმარებოდი, საბერძნეთში სამუშაოდ მივდიოდი.
თურქეთში გამგზავრებამდე, აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსულმა აქ რა პერიოდი გაატარე, როგორ ცხოვრობდი?
– რუსულ სკოლაში ვსწავლობდი, რა თქმა უნდა, რადგან ფაქტობრივად, ქართული არ ვიცოდი. აფხაზეთში ქართულად ვის უნდა გავსაუბრებოდი? დედისგან ქართული კი მესმოდა, მაგრამ ძირითადად, მაინც რუსულად ვლაპარაკობდით, აფხაზეთში სხვანაირად არ გამოდიოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაშინვე “ჰეითი” წამოვა… რუსულ სკოლაში სწავლის დასრულების შემდეგ, უკრაინულ უნივერსიტეტში ჩავაბარე. ტურიზმის და ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლა დავასრულე… მე-12 კლასის მოსწავლე ვიყავი, როცა მიმტანად მუშაობა დავიწყე. ხელფასი ჯერ 8 ლარი მქონდა, შემდეგ – 10. მერე ვითომ დამაწინაურეს და დღეში 12 ლარს ვიღებდი (იღიმის). სასაცილოა, მაგრამ ამ ფულით ტანსაცმელსაც კი ვყიდულობდი, ვაგროვებდი… ვიცოდი, დედის ხარჯზე ვერ ვიცხოვრებდი და ფეხზე თავად უნდა დავმდგარიყავი… 23 წლის ვიყავი, როცა დაქალმა თურქეთში წამიყვანა. თურქული ენა ჯერ კარგად არ ვიცოდი. ისე მოხდა, რომ ჩემს დაქალს საქართველოში გამომგზავრებამ მოუწია. ჩემი ჩემოდნები მთხოვა – მაინც არ გჭირდებაო… მისი წასვლიდან რაღა პერიოდის შემდეგ სამსახურში დაქალის თურქ მეუღლესთან შეკამათება მომივიდა. მითხრა, – აქ ვერ “იბლატავებ”, არავის იმედი არ უნდა გქონდესო! სახლიდან გამომაგდო… 12 პარკით, შუაღამისას უცხო ქვეყანაში მარტო დავრჩი. მაღაზიაში მივედი, სადაც ის ქალი მუშაობდა, ვინც მიმტანად მუშაობისას გვსტუმრობდა ხოლმე. მან შემიფარა, თავის მაღაზიაში დამტოვა… ჩემმა დაქალმა არც იცოდა, რა მოხდა. დიდხანს არაფერს ვეუბნებოდი. ეს ამბავი წლების მერე მოვუყევი, რომ მეუღლესთან ურთიერთობა არ გაჰფუჭებოდა… მოკლედ, 3 დღე მაღაზიაში გავატარე. შემდეგ ერთმა ნაცნობმა თურქმა ქალმა შემიფარა: სახლში წამიყვანა, სამსახური მომცა… ნელ-ნელა თურქულიც მასწავლა… ასე დავიმკვიდრე იქ თავი. თურქეთში 11 თვე გავჩერდი. მერე საბერძნეთში გავემგზავრე, სადაც ერთ სამსახურში მიმიწვიეს, მაგრამ სულ სხვა რამ აღმოჩნდა და 2 დღეშივე გამომაგდეს… სასტუმროში მივედი, სადაც დამლაგებლად მუშაობა დავიწყე. კარგი რეჟიმი იყო. მერჩივნა, საქმე დილით “მომესტუმრებინა”. 2-3 საათის საქმე იყო. ხალხთან კონტაქტიც არ მქონდა. ხელფასი მეტ-ნაკლებად მყოფნიდა, რადგან საცხოვრებლით თავად უზრუნველმყოფდნენ. თანხას დედას ვუგზავნიდი. იქ ასე გავატარე წლები… მერე ვებ-დიზაინი ვისწავლე, მიმტანად და დამლაგებლად როდემდე უნდა მემუშავა?…