მეუღლისა და კიდევ 2 პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის, გია ფარადაშვილის განცხადებით, მკვლელობაში ბრალდებული აღიარებს, რომ დანაშაული ღალატის გამო ჩაიდინა.
ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა საკუთარი ადგილსამყოფლის შესახებ თავად შეატყობინა 112-ს.
“მან განმარტა, რომ ღალატის გამო ჩაიდინა. მისთვის ეს [ღალატი] ცნობილი გახდა შემთხვევის დღეს, როდესაც მან გარდაცვლილი მეგობრის და მეუღლის საუბარი მოისმინა. ამის შემდგომ განახორციელა ეს ქმედება.
მიმალვის შემდეგ თვითონ გამოცხადდა პოლიციაში და ჩაბარდა სამართალდამცავ ორგანოებს. 112-ს შეატყობინა და თვითონ გამოცხადდა“, – აცხადებს ადვოკატი.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა კუთხით ფიგურირებს საქმეში მესამე მოკლული, ადვოკატი პასუხობს, რომ ბრალდებულის ზვიად ზურაბაშვილის მტკიცებით, მეუღლე მასთანაც ღალატობდა.
“მასთანაც ღალატობდა, ამას განმარტავს. მან ასეთი პოზიცია გააჟღერა“,- აღნიშნავს ადვოკატი.
ადვოკატ გია ფარადაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე დაცვის მხარეს ალტერნატიული შუამდგომლობა არ ჰქონია.
“შესაბამისად, დაველოდებით წინა სასამართლოს სხდომას და შემდგომ ეტაპებზე მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს“, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, ფაქტი 28 აგვისტოს გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოხდა. 39 წლის კაცმა მეუღლე და ორი მეგობარი მოკლა, რის შემდეგაც მიიმალა. მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის და რამდენიმე პირის მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.