ამ წიგნზე ხუთი თვე ვმუშაობდი. წიგნში მოთხრობილია ილია თოფურიას დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას დაუჯერებელი ცხოვრების ისტორია, რომელიც აფხაზეთიდან იწყება და ილიას ისტორიული გამარჯვებით გვირგვინდება. ეს არის ერთგვარი მოკლე საგა დიდი და დრამატული ამბებით – სოხუმი-ჭუბერი-რუსთავი-ჰალე-რუსთავი-ალიკანტე-კალიფორნია…
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არდანებების, ფსკერის მოსინჯვისა და მწვერვალზე ასვლის ამბავია, რომელიც ერთი მხრივ ჩვენს მეხსიერებას გააღვიძებს და მეორე მხრივ, არაერთ ადამიანს მისცემს ძალას,” – აღნიშნავს გიორგი კეკელიძე.
- 13 ოქტომბერს, Biblusi • ბიბლუსი-ში გაიმართება საჯარო წარდგენა წიგნისა #დედადაილია და ასევე შეხვედრა წიგნის მთავარ გმირთან – ინგა ბენდელიან-თოფურიასთან. პროექტის ოფიციალური პარტნიორია „ბიბლუსი,” მხარდამჭერია – SMH Sports-ი. წიგნი მხოლოდ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში გაიყიდება.
მანამდე კი, AMBEBI.GE ეცდება, გაგაცნოთ ამ ძლიერი ქალის საოცარი პორტრეტი, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ფონზეა წარმოდგენილი და ახალი თაობისთვის და არა მხოლოდ მათთვის, კარგი მაგალითის მიმცემია.
ინგა ბენდელიანი-თოფურია:
– ახლა 53 წლის ვარ, მაგრამ 21 წლის ვიყავი, აფხაზეთიდან რომ წამოვედი. მაშინ მართლა არ ვიცოდი, რომ ადამიანში უდიდესი რესურსი არსებობდა, რომლის შესახებაც თვითონაც არაფერი იცის. ასე რომ არ ყოფილიყო, სხვანაირად ხალხი იმ უდიდეს ტკივილს ვერ გაუძლებდა… დედაჩემს 19 წლის ბიჭი აფხაზეთის ომში დაეღუპა, მე ორსული და დაქვრივებული დავრჩი… მისთვის ეს უდიდესი ტრაგედია იყო, მაგრამ მთელი ძალა მოიკრიბა და წინ გაგვიძღვა. როცა დედას ვუყურებდი, ისეთ სიმტკიცეს ავლენდა, მრცხვენოდა, რომ მეტირა. ასე ერთმანეთის პატივისცემით, ანგარიშის გაწევით დედაჩემშიც ის საოცარი ძალა მოვიდა, თორემ შვილის გარდაცვალება, ეს ხომ საშინელებაა?! მინახავს სიმწრისგან იატაკზე გაწოლილი დედა, ადგომაც რომ არ უნდოდა და არც ის, ვინმეს იმ მდგომარეობაში ენახა, მაგრამ დგებოდა, ძალას მოიკრებდა და დედობას აგრძელებდა…
საქართველოში შაოსანი დედები უდიდეს ტკივილს უძლებენ, განსაკუთრებით ომში დაღუპული შვილების. ეს კიდევ სხვა მასშტაბის ტკივილია, მით უფრო, რომ ამის შემდეგ ქვეყანას დღემდე დაკარგული აქვს ტერიტორიები და მაინც ოკუპირებულია… ასეთ დედებს, ოჯახებს სამმაგად მეტად სტკივათ. ამასთან, ჩემი ძმის საფლავიც დაკარგულია… დედა ახლა 70 წლისაა, მაგრამ 8 თვეა, რაც დემენცია დაემართა, 6-ჯერ ნაინსულტარია და ხვალაც რომ დაბრუნდეს სოხუმი, ალბათ ამის აღქმას ვეღარც შეძლებს. მასში ჩუმმა და დაფარულმა ტკივილმა ეს შედეგი მოიტანა… 31 წლის წინ, წარმოიდგინეთ როგორი ახალგაზრდა იყო… ჩემი ძმა სამხედრო ოპერაციის შესრულებისას ჩემს მეუღლესთან ერთად დაიღუპა. მეუღლე 24 წლის გახლდათ… ისინი ერთად დაკრძალეს… როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობ, ნერვიულობისგან სპაზმები მეწყება, რაც აფხაზეთმა დამიტოვა… 5 თვის განმავლობაში გიორგი კეკელიძესთან წიგნზე მუშაობისას, ეს ყველაფერი სულ გამიახლდა. იმ ეპიზოდების, დეტალების გახსენება ჩემთვის საოცრად მტკივნეული აღმოჩნდა. იმას, რასაც საკუთარ თავში ვბლოკავ და ვცდილობ, სიღრმეებში არ ჩავიდე, წიგნზე მუშაობისას მომიწია.
– რა პროფესიის ბრძანდებით?
აფხაზეთში სამედიცინო ტექნიკუმი მაქვს დამთავრებული, ფსიქოლოგია-სოციოლოგიაზე უნდა ჩამებარებინა, მაგრამ ამ დიპლომს ვეღარ მოვესწარი… შემდეგ ცხოვრებამ სხვანაირად განმავითარა, სხვა პროფესიები შევიძინე (რამდენიმე ენაზე თავისუფლად ვლაპარაკობ), თუმცა ფსიქოლოგიას მაინც მივყევი და შეიძლება ვთქვა, რომ შტატგარეშე ფსიქოლოგი ვარ. თან, როდესაც, სახლში 2 პროფესიონალი სპორტსმენი გყავს, 4 შვილის დედა ხარ, გამოვლილი გაქვს ტრაგედია, ავტომატურად მომიწია ბევრ საკითხში ჩაწვდომამ.
– ომის დროს აფხაზეთში იყავით?
1992 წლის აგვისტოში ომი რომ დაიწყო, 5 დეკემბერს ჩვენი ბიჭები დაიღუპნენ, ამ ტრაგედიამ ფეხმძიმე უმძიმეს მდგომარეობაში ჩამაგდო – საჭმელს არ ვჭამდი, ფსიქოლოგიურადაც ცუდად ვიყავი. გარდა იმისა, რომ ადამიანები დავკარგეთ, იმ ადგილას ცხოვრება, სადაც ყველაფერი იბომბებოდა, ურთულესი იყო. ყველანაირად ვაკუუმში აღმოვჩნდი მეც და ჩემ გარშემო ყველა… ექიმებმა დედას უთხრეს, – პრაქტიკულად განწირულია, ვერ გადარჩება… იძულებულები გავხდით, დეკემბერში ქუთისში წამოვსულიყავით, სადაც თქვეს, – თბილისში წაიყვანეთო… მარიამი თბილისში, 1993 წლის მარტში დაიბადა… უფროსი შვილი მაშინ 2 წლის მყავდა… მარიამი სამი თვის იყო, როდესაც 1993 წლის ზაფხულში ხელშეკრულება დაიდო, ე.წ. „პერემირიე“ (შერიგება). სოხუმში დავბრუნდით, ჩავთვალეთ, რომ ომის კოშმარი დასრულდა.
თან ჩემი და სექტემბერში პირველ კლასში მიდიოდა. მოკლედ, გვეგონა, იმ ტკივილთან ერთად აფხაზეთში ყველანი ერთად ცხოვრებას გავაგრძელებდით, მაგრამ ჩასვლის შემდეგ, სექტემბერში ისევ საშინელება დაიწყო, ყველაფერი ჩაიკეტა. ბოლოს სამხედრო თვითმფრინავებშიც, რომლებსაც დაჭრილები გადაჰყავდათ, ვერც შევაღწიეთ… 27-ში სოხუმიდან 20 კილომეტრში, ჩვენს აგარაკზე ვიყავით. რუსებმა სამხედრო ჭაღები გამოკიდეს, რომლებიც ისე იშლებოდა, რომ დიდ მანძილს საოცრად ანათებდა… მამა სამხედრო საკითხებში ერკვეოდა, ის განათებული სივრცე რომ დაინახა, თქვა, – სოხუმი აიღეს!.. ვინაიდან ოჩამჩირიდანაც ძალიან ახლოს ვიყავით, გაირკვა, რომ ჩავიკეტეთ. ერთადერთი გზა აფხაზეთის სვანეთზე წასვლა იყო, ამასთან სახიფათოც, რადგან მოწინააღმდეგეების პოზიციების გავლა გვიწევდა, საიდანაც სამხედრო ჭურვებს ისროდნენ… მოკლედ, ვაბანკზე წავედით… მივდიოდით, მაგრამ არავინ იცოდა, გადავრჩებოდით თუ არა, თუმცა ეს იყო გადარჩენის მაინც ბოლო შანსი…
– ჭუბერის “გოლგოთაც” გაიარეთ?
ჭუბერზე 12 დღე ვიარეთ. რა სირთულის გადალახვა არ დაგვჭირდა. კარვებში, მეცხვარეებთანაც მოგვწია ღამის გათენებამ. ესპადრელებით ვიყავი, 2-3 დღე როგორღაც ვუფრთხილდებოდი, თუმცა მერე ტალახმა ისე ჩაიტანა, ლამის ფეხებიც მომაძრო. შემდეგ იმ გზას ფეხებზე ცელოფანშემოხვეული მოვუყვებოდი. მადლობა აფხაზეთის სვანეთს, ჭუბერის მაცხოვრებლებს, რომ გზადაგზა გვეხმარებოდნენ… ეს წიგნი არ არის რომელიმე კონკრეტული მხარისთვის დაწერილი, ეს წიგნი საქართველოსთვის და ქართველებისთვისაა, ვინც ეს გაჭირვება გადაიტანა, გაითავისა… მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს კონკრეტული ადამიანების კონკრეტული ისტორიები. საერთოდ ნებისმიერი საღად მოაზროვნე ქართველი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ კრემლი მტერია!
– და საკუთარი, ასეთი ტკივილიანი ამბები ანდეთ გიორგი კეკელიძეს, რომელმაც ეს ყველაფერი წიგნად აქცია…
– 26 წელია საქართველოში არ ვცხოვრობ, გიორგი კეკელიძეს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მის შესახებ ბევრი რამ სოციალური ქსელიდან ვიცოდი. რომ მწერალი იყო, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და როგორც მწერლის, ადამიანის მიმართ სიმპათიები მქონდა. საქართველოში ილიასთან ერთად ქამრით რომ ჩავედით, დედა თინათინთან, ბერი ანდრიას ფონდში მივედით. დედა თინათინი ჩემი თანაკლასელია. გიორგიც იქ იყო… მითხრა, ილიაზე წიგნის დაწერა მინდაო. იმის გამო, რომ ვიცი ილიას დატვირთული გრაფიკი და რეჟიმი, მაშინვე ვუთხარი, რომ ის ახლა წიგნზე ინტენსიურად ვერ იმუშავებდა.
შეიძლება კვირები ისე გავიდეს, ილიას ტელეფონზეც ვერ დაველაპარაკო. ამიტომ შევთავაზე, თუ გინდათ, წიგნში ბევრი რამ გაშალოთ და არ იყოს მხოლოდ სპორტი, მაშინ არც ისე ცოტა სათქმელი მაქვს-მეთქი. ილია მსოფლიო ჩემპიონიც რომ არ ყოფილიყო, მიმაჩნია, რომ ჩემი ისტორია მაინც უნდა დაწერილიყო. სწორად გამიგეთ, ეს ამბიცია არ არის. აფხაზეთიდან როგორ წამოვედი, რა დაბრკოლებასაც ცხოვრებაში შევხვდი, რისი გადალახვაც მომიწია, სულ ვფიქრობდი, რომ ეს ხალხს უნდა სცოდნოდა. ჩემს ტკივილთან ერთად, ამით ჩემნაირი ადამიანების სათქმელიც მინდოდა მეთქვა…მოკლედ, შევთანხმდით და გადაწყდა, რომ გიორგისთვის ჩემი ისტორია მენდო. მასთან არაერთი გასაუბრების შემდეგ მივხდი, რომ ეს ის ადამიანი იყო, ჩემს ნათქვამს სწორად რომ გადმოსცემდა. მე წიგნის თანაავტორი ვარ, მაგრამ არა მწერალი…
– აფხაზეთის შემდეგ, როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება და როგორ ზრდიდით შვილებს?
1993 წელს აფხაზეთი რომ დავტოვეთ, 1995 წლის დეკემბერში გერმანიაში წავედი, თუმცა გერმანიაში წასვლამდე ილიას და ალექსანდრეს მამაზე დავქორწინდი… ოჯახში რაც მეტი შვილია, ბავშვები მით უკეთესად იზრდებიან. გერმანიაში ერთ ოთახში 4 შვილს ვზრდიდით. ანა 5 წლის იყო, მარიამი – 3-ის, ალექსანდრე 1996 წლის იანვარში დაიბადა, 1997 წლის იანვარში კი ილია შეგვეძინა… გერმანიაში დიდი კარიერული ზრდა შემეძლო და ცხოვრების სხვანაირად მოწყობა, მაგრამ ვთქვი, რომ შვილებს ჩემი ახალგაზრდობა უნდა ვაჩუქო-მეთქი. თითოეულის უნარებს კარგად ვხედავდი და ვიცოდი, მათთვის რაც უნდა მიმეცა, რაზეც უკან არ დამიხევია. მიმაჩნია, რომ ბავშვებმა უმეტესი დრო მშობლებთან ერთად უნდა გაატარონ. შვილს, რაც შეგიძლია ცხოვრებაში გაუკეთო, შენი დრო უნდა აჩუქო. მას ამის შემდეგ მეტი პასუხისმგებლობა უმუშავდება. ჩემი შვილები სკოლიდან რომ ბრუნდებოდნენ, სახლში ვხდებოდი. დილასაც მათთან ერთად ვიწყებდი, ერთად ვეწეოდით, კარგი გაგებით, დღის რუტინას. საერთოდ, მთელი ოჯახი ყველაფერს ერთად ვაკეთებდით…
მთელი ცხოვრება მესმოდა, რომ შვილებმა მშობლებს მადლობა უნდა გადაუხადონ. ადამიანებში ეს აზრი ახლაც მყარადაა გამჯდარი. არადა, დგება დრო, როცა სულ რომ ისე არ იყოს ყველაფერი, როგორც ჩვენ გვინდა, მშობლებმაც უნდა ისწავლონ, შვილებისთვის მადლობის გადახდა. მადლობა ჩემს შვილებს, რადგან, რაც მე და ჩემმა მეუღლემ მათთვის გავაკეთეთ, ყველაფერი ასმაგად სიკეთით დაგვიბრუნეს.
– როგორია იყო ჩემპიონის დედა?
ძალიან ამაყი ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამას ვიღაცას თავს ვახვევ. სიამაყეა ის, რომ სამყაროს ვაჩუქე პატიოსანი შვილები… ყველაფერი კი ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე შევძელი – კარგი ცხოვრებიდან დევნილის სტატუსამდე, დევნილის სტატუსიდან ემიგრაციამდე, ემიგრაციიდან ისევ სამშობლოში და ისევ უცხო ქვეყანაში. ძალიან რთული იყო, ამას ბევრმა შეიძლება ვერც გაუძლოს… ერთ დღეს, როდესაც სკოლიდან მოსულმა ილიამ გამოგვიცხადა, მინდა მეტი დრო ვარჯიშს დავუთმოო და იქვე იგივე გაიმეორა ალექსანდრემაც, მე და ჩემმა მეუღლემ მსჯელობის შემდეგ ვუთხარით, – თუ სპორტში რაღაც არ გამოგივათ, არ დაგვაბრალოთ, რომ გაუნათლებლები დარჩით და სკოლაში არ იარეთ. მიაღწიეთ სპორტში წარმატებას და ის განათლებაც თავისით მოვა-თქო… რომ შევწინააღმდეგებოდით, შეიძლება იმ სკოლიდან მაინც წამოსულიყვნენ, არც სპორტით დაკავებულიყვნენ – ეს უკვე ცუდ შედეგს მოიტანდა.
– 18 წელია ესპანეთში ცხოვრობთ. რა მოგცათ ამ ქვეყანამ?
– ეს არის ქვეყანა, სადაც არავინ გიკირკიტებს, აქ არავის უკითხავს, საერთოდ ვინ ვარ და რატომ ვცხოვრობ იქ. თავისუფალი ქვეყანაა. მით უმეტეს თუ ამ ქვეყნის სასიკეთოდ კიდევ ერთ ნაბიჯსაც გადადგამ, ხომ საერთოდ, გულში გიხუტებს. ასეთ დროს ასეთი ქვეყნის მიმართ თავადაც პასუხისმგებლობა გიმუშავდება, მეტად გიყვარდება და მოტივაცია გეზრდება. ესპანეთში არავინ არაფერში გაფერხებს, წინსვლაში ხელს არ გიშლიან.
– როგორი ბებია ხართ?
ბებიაც და დედაც ძალიან მეგობრული, თბილი ვარ, მათ ჩემთან ყველა თემაზე შეუძლიათ საუბარი. ამავდროულად ძალიან მკაცრიც ვარ, უშენიშვნოდ არაფერს ვტოვებ… მე როგორც დედას და როგორც ბებიას, მაქვს როლი, რომელსაც არაფერი უნდა გამომეპაროს, რადგან თუ რაიმე გამომეპარა, შეიძლება ეს მათ წინ დახვდეს. ილია ჩემზე მეტად ვის უყვარს, მაგრამ ყველაზე მეტად მე ვაკრიტიკებ…
თვითონ ძალიან თბილი და მშრომელი ადამიანია, სენტიმენტალურიც, თავის ოჯახსა და ახლობელ ადამიანებზე ზედმეტად შეყვარებული. არავინ სძულს, არავის არაფერს უმტკიცებს. ერთადერთი, ვისაც რაიმეს უმტკიცებს, მხოლოდ საკუთარ თავს და მასში ყველაზე მეტად ეს მომწონს. საერთოდ, ძალიან მოწესრიგებულია. ილიაზე არანაკლებები არიან დანარჩენებიც. განათლებულები (გოგოები გერმანისტები), წესიერები. თითოეული ძალიან საყვარლი და საზოგადოებისთვის სიკეთის მომტანია. ეს ყველაფერი მათში კოდივითაა ჩადებული. მინდა, ისინიც სამყარომ გაიცნოს… მალე ალექსანდრეც იბრძოლებს. მან კარიერაზე თავიდან ილიას გამო თქვა უარი. ცოტათი უკან დახია კარიერული წინსვლა, მაგრამ დღესდღეობით კონტრაქტზე ხელი მოწერილი აქვს და ილიას აბუ-დაბიში ბრძოლის შემდეგ, უკვე ალექსანდრეს დებიუტიც შედგება…
– წარმატებებს გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახს.