გუშინ გახდა ცნობილი, რომ ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ფსიქოლოგიურ და ფსიქიატრიულ ექსპერტიზას გაივლის. ექსპერტიზით უნდა დადგინდეს, მკვლელობის ჩადენის მომენტში ბრალდებული იმყოფებოდა თუ არა შერაცხად მდგომარეობაში.
კესარია აბრამიძის ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს ბრალდებულს რომელიმე გარემოება დაუდგინდეს. მოკლული ქალის ოჯახის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ „არსებობენ მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ამ საბედისწერო შემთხვევამდე არაერთხელ ყოფილა კონფლიქტი მათ შორის, რისი მიზეზიც იყო კესარიას ორიენტაციაზე მითითება ბრალდებულის მხრიდან“.
“ფაქტია ერთი, რომ პირმა განიზრახა დანაშაულის ჩადენა, მკვლელობა, შეიძინა დანაშაულის იარაღი, ავიდა, სისრულეში მოიყვანა მისი განზრახვა, განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, გაიქცა, გადამალა მტკიცებულებები, გაანადგურა მტკიცებულება – ტანსაცმელი და სცადა დაეტოვებინა ქვეყნის საზღვარი.
სად არის აქ ან აფექტი, ან შეურაცხადობა? ოჯახი არც კი განიხილავს ვადიან თავისუფლების აღკვეთას. ოჯახის მოთხოვნაა, რომ აღნიშნული პირის მიმართ დადგეს გამამატყუნებელი განაჩენი და სასჯელის სახედ და ზომად განისაზღვროს თავისუფლების უვადო აღკვეთა“, – ამბობს „ტვ პირველთან“ ოჯახის ადვოკატი.