34 წლის ებიგეილ და ბრიტანი ჰენსელები სიამის ტყუპები არიან, რომელთაც ერთი ტანი, მაგრამ ორი თავი აქვთ. მათ ხშირად “სამედიცინო სასწაულადაც” მოიხსენიებენ, რადგან ასეთი ჩვილები, როგორც წესი, დიდხანს ვერ ცოცხლობენ ან დაბადებამდე იხოცებიან.
სიამის ტყუპების დაბადების შემთხვევა ყოველ 200 000-ში ერთია. მათი 40-60% მუცლადყოფნის პერიოდშივე კვდება, ხოლო 1 დღე მხოლოდ 35% ცოცხლობს. საინტერესოა, რომ გადარჩენილი ტყუპების დაახლოებით 70% სწორედ მდედრობით სქესს მიეკუთვნებიან.
როგორია სიამის ტყუპების ცხოვრება
ებიგეილსა და ბრიტანი ჰენსელებს იდენტური გენები აქვთ. ისინი საერთო განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან ჩამოყალიბდნენ და პლაცენტასა თუ ამნიონურ გარსსაც იზიარებდნენ. მშობლებმა ამის შესახებ მხოლოდ მშობიარობისას შეიტყვეს. ექიმებმა მათ დების განცალკევება შესთავაზეს, მაგრამ მსგავს ოპერაციას, დიდი ალბათობით, ერთ-ერთი ტყუპისცალი ემსხვერპლებოდა. შესაბამისად, მათ აღნიშნულ პროცედურაზე უარი განაცხადეს.
დები უკვე 34 წელია, ერთი სხეულით ცხოვრობენ. ებიგეილი მარჯვენა მხარეს აკონტროლებს, ბრიტანი კი — მარცხენას. ამის მიუხედავად, ისინი წონასწორობას იცავენ, სინქრონულად მოძრაობენ და ცეკვა, ველოსიპედის ტარება, მანქანის მართვა, პიანინოზე დაკვრა, ცურვა, სირბილი თუ სხვა მსგავსი აქტივობებიც შეუძლიათ.
“როცა საქმე გადაწყვეტილებების
მიღებას ეხება, დათმობებზე წასვლა გვიწევს. ამ მხრივ ვმონაცვლეობთ. გვინდა, ყველაფერი ისე გავაკეთოთ, რომ თითოეული ჩვენგანი ბედნიერი იყოს და საუკეთესო შუალედსაც ვპოულობთ”, — ამბობს ებიგეილი.
ებიგეილი და ბრიტანი მინესოტის შტატში მასწავლებლებად მუშაობენ. როგორც 2013 წლის ინტერვიუში განაცხადეს, ისინი მხოლოდ ერთი ადამიანის ხელფასს იღებდნენ, მაგრამ ამითაც კმაყოფილები იყვნენ, სანამ საკმარის გამოცდილებას დააგროვებდნენ.
“შესაძლოა, ერთი ჩვენგანი ასწავლიდეს, მეორე კი კლასს აკონტროლებდეს და კითხვებზე პასუხობდეს, ამიტომ გამოდის, რომ ერთ ადამიანზე მეტის გაკეთების უნარი შეგვწევს”, — ამბობდა ბრიტანი მაშინ.
დები საზოგადოებამ სატელევიზიო შოუებიდან გაიცნო და მათ მიმართ ყოველთვის დიდი ინტერესი იყო. ამის მიუხედავად, ბოლო წლებია, ისინი პირად ცხოვრებას არ ასაჯაროებენ. საკმაოდ გვიან გახდა ცნობილი, რომ 2021 წელს ებიგეილი დაქორწინდა. ცერემონიის ამსახველი კადრები მათ TikTok-ზე გამოაქვეყნეს.
ამან საზოგადოებაში ბევრი კითხვა გააჩინა, რაც ბრიტანისა და ებიგეილის ანატომიური თავისებურებებითაა განპირობებული.
როგორია დების ანატომია
როგორც უკვე ვახსენეთ, დებს ერთი ტანი აქვთ, თავი და კისერი კი ორი. დაბადებისას მათ მხრის მიმდებარედ დამატებითი ხელი ჰქონდათ, რომელიც მოკვეთეს. ებიგეილის თავი მარჯვნივ დაახლოებით 5 გრადუსითაა გადახრილი, ხოლო ბრიტანის — 15 გრადუსით მარცხნივ. მისი სიმაღლე 1 მეტრი და 47 სანტიმეტრია, როცა ებიგეილის სიმაღლე 1 მეტრი და 57 სანტიმეტრია. მის მხარეს არსებული ფეხი მეორეზე დაახლოებით 5 სანტიმეტრით უფრო გრძელია.
მათი გულ-მკერდი ჩვეულებრივზე განიერია, ნაწილობრივ იმიტომ, რომ 2012 წელს სუნთქვის პრობლემების რისკის შესამცირებლად ოპერაცია ჩაუტარდათ. ექიმებმა მათ სკოლიოზზე უმკურნალეს და გულ-მკერდის ღრუ გაუფართოვეს.
ტყუპებს სხეულის ზედა ნაწილში თავთავიანთი ორგანოები აქვთ. მათი ანატომია ასეთია:
- 2 თავი;
- 2 ხერხემალი, რომლებიც ერთმანეთს კუდუსუნთან ერწყმის;
- 2 ზურგის ტვინი;
- 2 ხელი;
- 1 ფართო გულ-მკერდის ღრუ შერწყმული მკერდის ძვლით;
- 2 ძუძუ;
- 2 გული და სისხლის მიმოქცევის საერთო სისტემა;
- 4 ფილტვი, რომლებიდანაც შუა ორი ნაწილობრივ შერწყმულია;
- 1 დიაფრაგმა;
- 2 კუჭი;
- 2 ნაღვლის ბუშტი;
- 1 ღვიძლი;
- 1 წვრილი ნაწლავი (Y-ის ფორმის);
- 1 მსხვილი ნაწლავი;
- 1 სწორი ნაწლავი;
- 1 ანუსი;
- 3 თირკმელი (2 მარცხნივ, 1 მარჯვნივ);
- 1 შარდის ბუშტი;
- 1 შარდსაწვეთი;
- 1 რეპროდუქციული სისტემა (საკვერცხეების 1 წყვილი);
- გავის ძვლის 2 ცალკეული ნახევარი;
- 1 ფართო მენჯი;
- 1 ვაგინა;
- 2 ფეხი.
- ეს ჩამონათვალი ცხადყოფს, რომ სხეულის ზოგიერთ ნაწილში ებიგეილისა და ბრიტანის ორგანოები ინდივიდუალურად ფუნქციონირებს. რაც ყველაზე მთავარია, მათ 2 ტვინი აქვთ, დამოუკიდებლად აზროვნებენ და, როგორც თავად ამბობენ, ხასიათითა თუ თვისებებით ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდებიან.შეხებას ისინი მხოლოდ იმ მხარეს გრძნობენ, რომელსაც აკონტროლებენ. დების მგრძნობელობა მხოლოდ სხეულის შუა ნაწილში იკვეთება. საინტერესოა ისიც, რომ ტყუპებს მუცელიც ინდივიდუალურად სტკივათ. მაგალითად, თუ ებიგეილს სტკივა, ამას ბრიტანი ვერ იგრძნობს და პირიქით.სხვა მხრივ მათი ორგანიზმი ბევრ ფუნქციას იზიარებს. აქედან გამომდინარე, თუ ერთ-ერთი მათგანი მოკვდება, მეორეს სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეექმნება. დებს სისხლის მიმოქცევის საერთო სისტემა აქვთ, ამიტომ ერთი ტყუპისცალის სიკვდილი სეფსისის რისკს გაზრდის, რამაც შესაძლოა, ორგანოების უკმარისობა გამოიწვიოს. საშიშია განცალკევების პროცედურაც.ასევე, ტყუპისცალის დაკარგვა გადარჩენილი დისთვის ემოციურად ძალიან ძნელი გადასატანი იქნება, რადგან მათ მთელი ცხოვრება ერთად აქვთ გატარებული, პირდაპირი მნიშვნელობით. გარდა ამისა, ისინი ბალანსს სხეულის ორი ნაწილიდან ერთდროულად იცავენ, ამიტომ ესეც მნიშვნელოვან პრობლემას შექმნის, რადგან მოძრაობა გართულდება.ვინაიდან ებიგეილი დაქორწინდა, საინტერესოა, შეუძლიათ თუ არა დებს ბავშვის გაჩენა. ტყუპებმა ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში განაცხადეს, რომ დედობა სურთ, მაგრამ ამის შესახებ დეტალები არ გაუსაჯაროებიათ. მაგალითად, ვის ექნება კანონიერად მშობლის სტატუსი (იქიდან გამომდინარე, რომ მათ ერთი რეპროდუქციული სისტემა აქვთ).უცნობია, საერთოდ თუ არის შესაძლებელი, რომ ისინი დაორსულდნენ და იმშობიარონ. თუ ეს მართლაც ასე მოხდება, ებიგეილი და ბრიტანი პირველი ასეთი სიამის ტყუპი დები იქნებიან, რომლებმაც ეს შეძლეს.