Hermes-ის ჩანთა და განსაკუთრებით, მისი ლეგენდარული მოდელები, როგორიცაა Birkin და Kelly, მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და სასურველი აქსესუარია. ბრენდი ცნობილია თავისი დახვეწილი დიზაინით, უმაღლესი ხარისხის მასალებითა და ექსკლუზიურობით, რაც “ჰერმესს” მდიდრული ცხოვრების სიმბოლოდ აქცევს. Hermes-ის ჩანთები არამხოლოდ მოდის ტენდენციების ნაწილია, არამედ ხშირად ინვესტიციადაც ითვლება, რადგან დროთა განმავლობაში მათი ღირებულება მხოლოდ იზრდება.
“ჰერმესის” ჩანთების ისტორია 1837 წლიდან იწყება, როდესაც ბრენდი თავდაპირველად ცხენის აღჭურვილობას აწარმოებდა. მოგვიანებით “ჰერმესმა” გაფართოება გადაწყვიტა და აქსესუარების შექმნა დაიწყო. Birkin-ის მოდელი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ბაზარზე, 1980-იან წლებში შეიქმნა, როდესაც ბრიტანელმა მსახიობმა ჯეინ ბირკინმა დიზაინერისგან ჩანთის შექმნა მოითხოვა, რომელიც ფუნქციური და ამავე დროს ელეგანტური იქნებოდა.
“ჰერმესის” ჩანთების ფასები იცვლება მოდელისა და მასალის მიხედვით, თუმცა ყველაზე პოპულარული ჩანთების ფასი იწყება რამდენიმე ათასიდან და შეიძლება ასობით ათას დოლარსაც მიაღწიოს, რაც მათ საზოგადოებრივი სტატუსის სიმბოლოდ აქცევს.
ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელია Herbag Zip, რომელიც დაახლოებით 2 600 დოლარი ღირს. ყველაზე ძვირადღირებული კი Himalaya Birkin 30, რომელიც ნილოსის თეთრი ნიანგის ტყავით მზადდება და გაფორმებულია ბრილიანტებითა და 18-კარატიანი თეთრი ოქროს ელემენტებით. ამ ჩანთის ფასი აუქციონზე 380 000 დოლარსაც აღწევს.
მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ვიქტორია ბექჰემი, კიმ კარდაშიანი, რიანა და მეგან მარკლი, ხშირად ატარებენ “ჰერმესის” ჩანთებს, რაც მათ მოდის ელიტის განუყოფელ ნაწილად ხდის. საქართველოშიც არაერთი ცნობილი ადამიანი ამაყობს “ჰერმესის” ჩანთით. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, როდესაც შორენა ბეგაშვილმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, როგორ ყიდულობს “ჰერმესის” მაღაზიაში ჩანთას, ამას მკითხველების მხრიდან უარყოფითი კომენტარები მოჰყვა. მათი ნაწილი წერდა, რომ “ჰერმესის” კლიენტი რომ გახდე, წლები უნდა იდგე რიგში და იქ ჩანთის შეძენა ასეთი მარტივი არ არის. “ჰერმესის” ჩანთებს ხშირად ატარებს ანუკი არეშიძეც, ასევე ქეთა თოფურია, რომლის მიერ შეძენილი ბოლო მოდელის ფასი 20 700 დოლარია.
კიდევ რომელი ქართველი სელებრითების გარდერობშია “ჰერმესის” ჩანთები, ამ კითხვით მოდის ექსპერტ, დალი ჩიტალაძეს დავუკავშირდით:
საქართველოში ძალიან ბევრს აქვს “ჰერმესის” ორიგინალი ჩანთები, მეც მაქვს, ორი ჩანთა, 90-იანებში შეძენილი, ნინო ნადირაძეს აქვს უამრავი, ასევე ია ფარულავას. მე როდესაც შევიძინე 5 ათასი დოლარი ღირდა, მაშინ ესეც დიდი ფული იყო, შემდეგ კიდევ გაძვირდა.
ზოგადად “ჰერმესს” ჰყავს ვიპ კლიენტები, რომლებიც რიგში არიან და მათთვის 8-9 ათი ათასი დოლარი ღირს. როგორც კი ჩანთა გარეთ გამოდის 17 ათასი და მეტი ღირს. გადამყიდველები კიდევ უფრო ძვირად ყიდიან. მოგეხსენებათ, წელიწადში რამდენიმეჯერ გამოდის კოლექცია და ერთადერთია. რაც შეეხება ქეთას ჩანთის ფასს, არ არის ისეთი თანხა, რომ ვინმე გაოცდეს.
– მახსოვს, შორენა ბეგაშვილს უწერდნენ, რომ ხალხი წლები დგას ჩანთების რიგში და მის მიერ გამოქვეყნებული ჩანთა ორიგინალი ვერ იქნებოდა.
– რატომ, ბევრია გადამყიდველი, რომლებიც ნამდვილებს ყიდიან. მაღაზიაში, ვიტრინაში ასე არ დევს, მაგრამ შეიძლება ვინმემ რიგი დაუთმო. ჩვენ გვყავს ერთი ქართველი ქალბატონი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, მილიონერის ცოლია და გვქონდა შემთხვევა, რომ რამდენჯერმე რიგი ჩემს ძალიან ახლობელს დაუთმო. ასეთი რაღაცები ხდება. შორენა ბეგაშვილს აქვს თუ არა ორიგინალი ჩანთა, მე არ მინახავს, ვიცი, რომ ძალიან შეძლებული ქმარი ჰყავს, და, რა თქმა უნდა, უყიდდა, რა არის გასაკვირი.
– ანუკი არეშიძეს აქვს ასევე ლამაზი კოლექცია.
რატომ არ ექნება, ანუკის ქმარი მილიონებს შოულობდა იტალიაში რომ თამაშობდა, აქვთ კაპიტალი და შეძლებული ოჯახია. თავადაც წარმატებული ბიზნესი აქვს ძალიან.
ზოგადად, მე ფეიკების წინააღმდეგი ვარ. მსგავსი ბრენდის ჩანთებს რომ ყიდულობ, ეს უკვე შენი სტატუსია. დღეს არ მაქვს იმდენი შემოსავალი და ვერ ვიყიდდი, მაგრამ როდესაც საშუალება მქონდა, შემრჩა. ეს ჩანთა ჩემი სტატუსია, შეიძლება არ ვარ მილიონერი, მაგრამ ჩემი სამსახური, სტატუსი მაძლევს უფლებას მქონდეს. სულ ვამბობ, არ უნდა გინდოდეს, რომ გქონდეს ეს ჩანთა, როდესაც მიხვალ ამ სტატუსამდე, მერე უნდა დაიკავო და ორიგინალი იყიდო. ფეიკების ტარება მართლა სასაცილოა.
– მოდაში არსებობს ტერმინი, კარგი “რეპლიკა,“ რაც ამ ბრენდის ჩანთებთან მიმართებაში ხშირად გვესმის..
– ამისიც არ მწამს. კარგი “რეპლიკა” შეიძლება იყოს სათვალე ან ფეხსაცმელი. მაგალითად, ტანსაცმელი “რეპლიკა” ძალიან ცუდი ხარისხია. თუ არ მაქვს საშუალება, რომ ორიგინალი “შანელი” ვიყიდო, მერე რა რომ არ მაქვს, ჩავიცვამ ქართველი დიზაინერის ტანსაცმელს და უფრო ამაყი ვარ.
– რა ასაკიდან უნდა ატაროს ქალმა ჰერმესის ჩანთა?
– როგორც გითხარით, ეს არის სტატუსი, შეიძლება 30 წლის ასაკში გქონდეს იმდენი ფული, რომ შეიძინო. 20 წლის გოგონამ შეიძლება დედის ჩანთა დაიკავოს, მერე რა, ოჯახს აქვს ეს სტატუსი. ეს არის შენი შესაძლებლობის დონე.
– “ჰერმესის” ვიპ კლიენტები როგორ ხდებიან?
– ვინც ბევრი ჩანთა შეიძინა, უკვე ვიპ კლიენტი ხდება. წელიწადში ერთხელ ურეკავენ და ატყობინებენ, რომ ახალი კოლექცია გამოვიდა, შეიძლება თვითონ არ უნდოდეს, მაგრამ მეგობარს გამოუტანოს. გაიხსენეთ სერიალი “სექსი დიდ ქალაქში,“ როდესაც მირანდა მივა და სხვისი სახელით შეიძენს “ჰერმესის” ჩანთას და შემდეგ დააბრუნებინებენ.
როგორც გითხარით, მე 1998 წელს მაქვს შეძენილი… მაგრამ მისი შეკეთებაც შეგიძლია, მიიტან ცენტრში გაგიახლებენ და უკან დაგიბრუნებენ. რაც შეეხება საკეტებს, მოოქრულია და ფერი არასოდეს გადადის.
– ბევრი ქართველი ქალია “ჰერმესის” ვიპ კლიენტი?
– რა თქმა უნდა, ბევრია ისეთი, ვინც არ ჩანს. არ არიან შოუბიზნესის წარმომადგენლები და პოპულარობა არ სჭირდებათ. ეს გვჭირდება ჩვენ, ჩვენი ბიზნესისთვის, რომ ჩვენ ამით შემოსავალი გვქონდეს…