ბრიტანელი ქალი სიცოცხლეს გისოსებს მიღმა გაატარებს მკვლელობისთვის. როგორც გაირკვა, ქალმა მოწამლა მამა, სასიკვდილოდ დაჭრა და სცემა დედა და მათი ცხედრების გვერდით რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ვირჯინია მაკკალოუს მინიმუმ 36 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი გამოტანილია თითქმის ერთი წლის შემდეგ, რაც პოლიციამ დაიწყო მათი სიკვდილის გამოძიება.
ამბავი კი ასეთია – გასულ სექტემბერში წყვილმა ექიმთან რამდენიმე ვიზიტი გამოტოვა. ამის გამო ექიმმა პოლიციას მათი დაკარგვის შესახებ აცნობა. პოლიციამ დაიწყო დაკარგული პირების ძებნა, რამაც ისინი ქალის სახლამდე მიიყვანა.
თავდაპირველად, ვირჯინიამ პოლიციას უთხრა, რომ მისი მშობლები მოგზაურობდნენ. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ქალი ყველას ასე ეუბნებოდა – წყვილის ექიმს, მეგობრებს და ოჯახის სხვა წევრებსაც კი.
პოლიციამ მაინც გაჩხრიკა წყვილის სახლი. სწორედ ამ დროს ვირჯინიამ „მაშინვე აღიარა, რომ მისი მშობლების ცხედრები სახლში იყო და რომ მან მოკლა ისინი“, – თქვა პოლიციამ.
გამოძიების ცნობით, მამის ცხედარი „ხელნაკეთ მავზოლეუმში“ იყო განთავსებული, ხოლო დედის ცხედარი საძილე ტომარაში, ზედა სართულის გარდერობში.
„მე ვიცოდი, რომ ეს საბოლოოდ მოხდებოდა. სწორი იქნება, რომ მე მოვიხადო ჩემი სასჯელი“, – განუცხადა ვირჯინიამ პოლიციას.
როგორც გაირკვა, ვირჯინიამ მშობლები მოკლა 2019 წლის ზაფხულში. მოგვიანებით ვირჯინიამ პოლიციასთან აღიარა, რომ მან წამალი მამას სასმელში ჩაუყარა. ქალი დედასაც იმავე წამალს ასმევდა, თუმცა ბოლოს ცემით და დანის დარტყმით მოკლა.
მოგვიანებით გამომძიებლებმა გაიგეს, რომ ვირჯინიის მოტივი ფული იყო. პოლიციის ცნობით, ის „დიდი ხანია მანიპულირებდა და ბოროტად იყენებდა მშობლების კეთილგანწყობას ფინანსური სარგებლობისთვის“.